მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ოფიციალურად გახდა ტელეპერფორმანსის ნაწილი და საქმიანობას აქტიურად, გაერთიანებული ძალებით აგრძელებს. 15 ნოემბერს კომპანიამ კარიერის დღეს ქუთაისში უმასპინძლა. თბილისში, ფაბრიკაში ჩატარებული წარმატებული შეხვედრის შემდეგ, მეიჯერელის ადამიანური რესურსებისა და მარკეტინგის გუნდებმა, კარიერის მაძიებლები ამჯერად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრიბეს.
ღონისძიებას ქუთაისის მერიის, ახალგაზრდული საკრებულოს, ქართულ–გერმანული ცენტრის, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და კომპანიის ქუთაისის ოფისის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მეიჯერელ საქართველო ქუთაისში 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს, ამ ეტაპზე გერმანულენოვან 3 პროექტს უძღვება და 250-მდე თანამშრომელს აერთიანებს. კომპანია უკვე 5 წელზე მეტია, პარტნიორობს ქართულ–გერმანულ ცენტრთან, რომლის წარმატებული კურსდამთავრებულებიც, ხშირად, მეიჯერელის თანამშრომლებად გვევლინებიან.
კარიერის დღის დამსწრეებმა დრო საინტერესოდ გაატარეს – გაიცნეს კომპანია მეიჯერელი, შეიტყვეს მისი საქმიანობის შესახებ, გაიგეს რა არის ფილ გუდი და როგორი აქტივობები იმართება თანამშრომლებისათვის ამ პროგრამის ფარგლებში, შეხვედრის მეორე ნაწილში ველნეს აქტივობებსა და სიმულაციურ თამაშებშიც მიიღეს მონაწილეობა და სპეციალური პრიზებითაც დასაჩუქრდნენ. შეკრების დასკვნით ნაწილში, სამსახურის მაძიებლებს კარიერის კონსულტანტთან საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ და მისგან უამრავი საინტერესო რჩევა მიიღეს, ბოლოს კი, კითხვა–პასუხის ნაწილში, მათთვის საინტერესო ინფორმაციასაც მოუყარეს თავი. გარდა ამისა, შეკრებილებმა შესანიშნავი სიახლეც შეიტყვეს – სულ ცოტა ხანში ქუთაისში ფუნქციონირებას მეიჯერელ აკადემია დაიწყებს.
მეიჯერელ აკადემია, რომელიც კომპანიის ტრენინგებისა და განვითარების დეპარტამენტის უნიკალური ინიციატივაა, მიზნად დაინტერესებული ადამიანებისათვის გერმანული ენის სწავლებას და შემდგომ მათ დასაქმებას ისახავს. აპლიკანტები ენის ცოდნის დონეების (A2, B1) შესაბამისად გადანაწილდებიან, შემდეგ კი, გამოცდილ ტრენერებთან ერთად, რამდენიმეთვიან ინტენსიურ კურსს გაივლიან. ენის დონის ამაღლების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს კომპანია მეიჯერელში დასაქმების შესაძლებლობაც ექნებათ. აკადემიის მონაწილეთა სწავლება, სრულად დაფინანსებულია მეიჯერელ საქართველოს მიერ, პროგრამაში მონაწილეობის მიღება კი, 18 წლიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
[R]