6
Nov
2019

ადამიანები, რომლებიც მეიჯერელს ქმნიან – Majorel-ის აღმოსავლეთ ევროპის დირექტორის წარმომადგენელი, გიორგი წილოსანი

6 Nov 2019

დასაქმების ბაზარზე არც ისე ადვილია ისეთი სამსახურის პოვნა, სადაც გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორს არ წარმოადგენს, თუმცა მეიჯერელზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ქართულ ბაზარზე, 2016 წელს arvato bertelsmann-ის სახელით შემოვიდა, ხოლო, 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა,  arvato bertelsmann-სა და Saham- ის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომელთა რაოდენობა 48,000-ს უტოლდება.

საქართველოში, თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ერთ ოფისში უკვე 1000 ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს  ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის გზებს სთავაზობენ. მეიჯერელ საქართველო 6 განსხვავებულ პროექტს ახორციელებს.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი კომპანია მეიჯერელის აღმოსავლეთ ევროპის დირექტორის წარმომადგენელი გიორგი წილოსანია, რომელმაც მუშაობა თავდაპირველად, კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე დაიწყო.

M: გიორგი, Majorel-ში როგორ აღმოჩნდით? თავდაპირველად, რა შედიოდა თქვენს ფუნქციებში? ამჟამად, რა როლი გაქვთ კომპანიაში? რა ფუნქციებზე ხართ პასუხისმგებელი?

Majorel-ში მუშაობა 2016 წელს დავიწყე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულებით ვსწავლობდი, ახალი დაბრუნებული ვიყავი გერმანიიდან სადაც Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში ორი სემესტრი გავატარე. მინდოდა სწავლასთან ერთად სამსახურეობრივი გამოცდილებაც მიმეღო. ყველასათვის ცხადია, რამდენად რთულია დღეს საქართველოში დასაქმდე როგორც სტუდენტი და გქონდეს საკუთარი შემოსავალი. Majorel-ის ვაკანსიაში არ შევხვედრივარ ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, დიპლომი ევროპული უნივერსიტეტიდან, ან სულაც სასიამოვნო გარეგნობა. კომპანიაში დასაქმებისთვის საჭირო იყო მხოლოდ გერმანული ენის ცოდნა. მეექვსე გიმნაზიაში ვსწავლობდი, აქედან გამომდინარე, გერმანულის ცოდნის ფუფუნება მქონდა. ოქტომბერში გავიარე გასაუბრება და მალევე შემატყობინეს, რომ ამიყვანეს როგორც კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი ელექტრონული კომერციის პროექტში. ვპასუხობდი გერმანელი კლიენტების ზარებს და ვეხმარებოდი მათ პრობლემების გადაჭრაში. ძირითადად ეს ყველაფერი ეხებოდა პროდუქტის მიწოდებას, გარანტიას, გადახდებს, აბონიმენეტებს და ასე შემდეგ. ამჟამად მეიჯერელის აღმოსავლეთ ევროპის დირექტორის წარმომადგენელი ვარ 5 ქვეყანაში. ჩვენს რეგიონში კომპანია აერთიანებს – საქართველოს, ესტონეთს, რუმინეთს, პოლონეთს და სომხეთს. ორი თვის წინ გავხსენით ოფისი ერევანში, სადაც ამ ეტაპზე ოპერაციების მენეჯერის მოვალეობას ვითავსებ.

M: რა გზა გაიარეთ საწყისი პოზიციიდან დღევანდელ დღემდე, კარიერული თვალსაზრისით?

კომპანიის მუდმივ ზრდასთან ერთად ჩნდება უამრავი შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას გაძლევს სხვადასხვა, ახალ პოზიციაზე გადახვიდე. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, მალევე გამოცხადდა შიდა ვაკანსია ხარისხის ანალიტიკოსის პოზიციაზე. გავიარე იმავე პროცედურები, რაც პირველ გასაუბრებაზე და დავიწყე ახალი საქმის ათვისება.

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პოზიციები, როგორიცაა – ოპერაციების ან ხარისხის მენეჯერი, ტრენერი, ანალიტიკოსი, ძირითადად კომპანიის შიგნით ცხადდება, რადგან სხვა უნარებთან ერთად, საჭიროა პროექტის ცოდნა, რაც კარიერული ზრდის საშუალებას აძლევს უკვე დასაქმებულ თანამშრომლებს. ამის შემდეგ რამდენიმე პოზიცია გამოვიცვალე. ზოგადად, მომსახურების სფეროს დინამიკა ძალიან სწრაფი და ცვალებადია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გერმანულ და ამერიკულ კომპანიებთან გაქვს ურთიერთობა. ისინი განდობენ საკუთარ მომხმარებლებს, რაც პირდაპირ უკავშირდება მათი ბრენდის მომსახურების ხარისხს, აქედან გამომდინარე, აწესებენ საკმაოდ მაღალ სტანდარტებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი გეხმარება კარიერულ და პიროვნულ განვითარებაში.

M: თქვენი პროფესია რამდენად გამოგადგათ ამ საქმეში? რა ისწავლეთ კომპანიაში, პროფესიული თვალსაზრისით? რა უნარები შეიძინეთ?

სოციოლოგია პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ჩემს საქმესთან. ყოველდღიურად მიწევს სხვადასხვა ტიპის ადამიანთან მუშაობა, ასევე ძალიან გამომადგა სტატისტიკის ცოდნა და მონაცემთა ანალიზი. აღსანიშნავია, ურთიერთობა სხვადასხვა კულტურასთან და კომუნიკიაციის იმ გზების პოვნა, რომელიც მოერგება მათ მოთხოვნებსა და მოლოდინებს. მომსახურებას თავად კლიენტები აფასებენ, რაც გვაძლევს საშუალებას, მუდმივად მივიღოთ ინფორმაცია, თუ რისი გაუმჯობესება გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ. ეს მექანიზმი კარგი საზომია და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან შეფასების შესაძლებლობა ყველას აქვს.

ვფიქრობ ორგანიზაციული კულტურა ის მნიშვნელოვანი უნარია, რასაც სამუშაო გამოცდილების გარეშე ვერ შეიძენ. მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო მომსახურების სფეროს სირთულე, რამაც საშუალება მომცა, ამეთვისებინა სწორი მიდგომები, როგორც კლიენტების, ისე ჩვენი თანამშრომლების მიმართ.

M: რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად კარიერულ წინსვლაში?

ყველაზე მეტად,  ალბათ დამეხმარა ის უნარები, რაც ოჯახში, სკოლაში და მეგობრებთან ურთიერთობისას შევიძინე. ამას ყველაფერს დაემატა გუნდი, რომელიც Majorel-ში გავიცანი, ვფიქრობ, ეს იყო გადამწყვეტი ჩემს შემთხვევაში. მთავარი ფასეულობა, რაც ამ გუნდს ჰქონდა და აქვს, არის თანამშრომლებზე ზრუნვა, რომელსაც მოაქვს საუკეთესო შედეგები. Majorel-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 29 ქვეყანაშია წარმოდგენილი, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს სამივე ოფისი ერთ-ერთი საუკეთესოა მომსახურების ხარისხით და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. აქედან გამომდინარე, გვაქვს ნდობა, რაც გვაძლევს ზრდის საშუალებას და მივყავართ მეტი ადამიანის დასაქმებისკენ. ალბათ ეს მიზანი ერთ-ერთი მთავარი მოტივაციის წყაროა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.

M: გაიხსენეთ ყველაზე რთული ეტაპი და გვიამბეთ, როგორ გადალახეთ.

ყველაზე რთული ახალ ჯგუფებთან მუშაობაა. ორკვირიანი ტრენინგის შემდეგ, ისინი იწყებენ კლიენტებთან კომუნიკაციას. კომპანია სწრაფად იზრდება, შესაბამისად მუდმივად გვემატებიან ახალი თანამშრომლები, მომსახურების სფეროს სტრესულობიდან გამომდინარე, დიდი ადგილი უჭირავს ემოციურ ფაქტორს. შესაბამისად, ახალ ჯგუფებთან, როგორც საქართველოში, ისევე სომხეთში გიწევს როგორც შინაარსობრივ, ასევე ფსიქოლოგიურ ნაწილზე მუშაობა. საწყის ეტაპზე რთულია, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ თავად ხედავ პროგრესს. ჩემთვის ალბათ ყველაზე რთული ახალი პროექტის გაშვება იყო საქართველოში – ეს არის სრულიად უნიკალური პროექტი, სადაც კლიენტებს გერმანულ ენაზე უწევ ტექნიკურ დახმარებას ჩვენ ამ გამოწვევის არ შეგვეშინდა და წელს აღიარებაც მოვიპოვეთ, კერძოდ, ხარისხობრივი მაჩვენებლით ორჯერ საუკეთესოდ გვაღიარეს მსოფლიოში. პროექტი “გაესაუბრე ექსპერტს” – 1 წლის წინ 10 ადამიანით დავიწყეთ, დღეს კი უკვე 150-მდე თანამშრომელს ითვლის. ეს ყველაფერი გუნდურობის და ინდივიდუალური მხარდაჭერის ხარჯზე მოვიდა. არაერთი ასეთი მაგალითი გვაქვს კომპანიაში, ყოველი შემდეგი წარმატება კი გვაძლევს რწმენას, რომ რთული ეტაპები გადავლახოთ.

M: თქვენი აზრით, რა სჭირდებათ თანამშრომლებს ყველაზე მეტად, რაც სწრაფ კარიერულ ზრდაში დაეხმარებათ?

ალბათ გადამწყვეტი, პასუხისმგებლობის გრძნობაა და ასევე მოტივაცია, რომ რაღაც ახალი ისწავლოს და არსებულის განვითარებაში შეიტანოს წვლილი, ამას მოაქვს ნდობაც, სხვა დანარჩენი ინდივიდუალური და სწავლებადია, თუმცა თუ ეს ფუნდამენტი არსებობს, პიროვნული ზრდა გარდაუვალია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა