27
Nov
2018

ხელოვნება, როგორც “დაცლა და ავსება” – მაკა ქვარცხავას შემოქმედება

27 Nov 2018

თავდაპირველად, მოკლე ისტორიებისა და ვერლიბრის წერით დაიწყო თვითგამოხატვის პროცესი, შინაგანი ეგოს დაკმაყოფილება… შემდეგ კი დადგა დრო, როდესაც ძლიერმა შთაგონებამ მოიცვა, რამაც ხატვისკენ უბიძგა. არც მეტი, არც ნაკლები, გადაწყვიტა ორივე საქმიანობა გაეერთიანებინა და დაიწყო ისტორიებზე/ნაწერებზე აგებული ნამუშევრების შექმნა – ეს მაკა ქვარცხავას ისტორიაა, თბილისელი მხატვრის, რომლისთვისაც შემოქმედება “არაფერიცაა და ყველაფერიც”, “ყველაზე მნიშვნელოვანიც და ყველაზე უმნიშვნელოც”.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

მაკა ქვარცხავა: „მხატვრობით, კერძოდ კი 3D გრაფიკული ნამუშევრების შექმნით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე და არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი“.

ამბობს, რომ ერთ დღესაც დაინტერესდა, როგორ შეძლებდა 3D არტის შექმნას.

„რა გამოვიდოდა, ეფექტი თუ ანალოგიური იქნებოდა და ამ ინტერესით დავიწყე გრაფიკული ნამუშევრების ხატვა, რაც შემდეგ გუაშებში გადაიზარდა და ბოლოს ნამუშევრების ზეთის საღებავებში შესრულებით გაგრძელდა“.

M: როდის გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სფეროში?

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი და, ალბათ, წარმატებაც მაშინ შედგა, როდესაც ჩემი ერთ-ერთი პირველი ზეთებში შესრულებული ნამუშევარი ბრიტანული თანამედროვე ხელოვნების ონლაინ-აუქციონზე მოხვდა და გაიყიდა. ეს რა თქმა უნდა, საოცრად სასიხარულო იყო და უდიდესი სტიმულის მომცემი მოვლენაც გახდა ჩემთვის.

M: როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხელოვნებაში?

ხელოვნება ჩემთვის, ორი სიტყვით, ყოფის ნაწილია. ეს არის უბრალოდ საჭიროება, რომელსაც სასიამოვნო მუშაობასთან ერთად თავისუფლებისა და საკუთარი თავის სხვადასხვა კუთხით აღმოჩენის შეგრძნება მოაქვს. ერთდროულად არის დაცლაც და ავსებაც. ხელოვნებაში საკუთარ თავს მრავალმხრივად ვხედავ, თითქოს ბევრი და სხვადასხვა ვარ, რადგანაც კონკრეტულ მიმართულებაზე ვერ ვჩერდები, შესაძლებელია ერთ ღამეში დავხატო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რამ, – რბილ ფერებში შესრულებული პეიზაჟი და მკვეთრი აბსტრაქტული ნამუშევარიც.

M: გვესაუბრეთ თქვენს შთაგონების წყაროზე…

შთაგონების წყარო, ან მუზა, როგორც ეგეთი, არ გამაჩნია, ან თუ არსებობს მსგავსი რამ, იგი საკუთარ შინაგან თავში, შიდა სამყაროში არის მიმოფანტული და მისი ზედაპირზე ამოსვლის სტიმულს სხვადასხვა რამ იძლევა, ეს შეიძლება  იყოს რაიმე ლექსის ერთი ტაეპი, წაკითხული წიგნი, ადამიანი, მოვლენა, შეგრძნება, ემოცია, არაფერიც კი. შეიძლება ითქვას, რომ შთაგონების წყაროა არაფერი და ყველაფერი.

M: როგორ ფიქრობთ, რა ანიჭებს თქვენს შემოქმედებას უნიკალურობას?

ამ კითხვაზე პირველი პასუხი, რაც მაქვს, არის, -„არ ვიცი“. ეს მგონი შემფასებლებზე და მის სუბიექტურ თუ ობიექტურ აზრზე არის დამოკიდებული. ყველა სხვადასხვა რამეს ხედავს, თუმცა ხშირად გამიგია აქცენტირება ფერთა შეხამებაზე. ამავე დროს, ვფიქრობ რომ ჩემს შემოქმედებას უნიკალურობას მე ვანიჭებ. ყოველი ერთი ადამიანი ხომ თავისთავად უნიკალურია, აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს ჩემი შემოქმედებაც უნიკალური, რადგან ჩემგან, ჩემი შინაგანი და გარეგანი თავიდან გამომდინარეა.

M: პროექტები, რომლებშიც მონაწილეობა მიგიღიათ..

ზემოთ აღნიშნული ბრიტანული ონლაინ აუქციონის შემდეგ იყო ძალიან საინტერესო შემოთავაზებები ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქსა და ბარსელონაში ნამუშევრების გამოფენა გაყიდვებზე, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. ასევე ვმონაწილეობდი რომის მსოფლიო მხატვრების გამოფენაზე, ნიუ-იორკისა და ბაზელის გამოფენებში. თუმცა, მიუხედავად ამ ჩამონათვალისა, გამორჩეულად მნიშვნელოვანია საქართველოში არტ-თერაპიის პროექტში მონაწილეობა, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთა მხარდაჭერას მოიცავს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემთვის განსაკუთრებული და ემოციური მომენტი იყო პირველ პერსონალურ გამოფენაზე (რომელიც ელექტრონული მუსიკისა და პანტომიმ შოუს აკომპანირებით სრულდებოდა) ონკო-პაციენტების მოსვლა და მათგან მადლობის სიგელის მიღება. ბოლო დროის ყველაზე სასიხარულო ამბავს წარმოადგენს ჩემი ნამუშევრების რეპროდუქციების დაბეჭდვა ბრიტანული ტვ შოუებისა და სერიალებისთვის. ამჟამად შემუშავების პროცესშია კატალოგები და იბეჭდება ჩემი ოცი ნამუშევარი.

M: როგორია თქვენი სამუშაო გარემო? 

სამუშაო გარემო ამჟამად არის ჩემი სახლის ერთი ოთახი. დრო, როდესაც ღამეა „და საათი 12-ს დაჰკრავს“, ანუ, როდესაც სახლში ბავშვებს სძინავთ და ღამის სიმშვიდე ისადგურებს, მეძლევა საშუალება, სიწყნარეში, ყოველგვარი მუსიკის თუ ღიღინის გარეშე ვიმუშაო და ჩნდება შეგრძნება, თითქოს მუსიკალური სიმფონია შიგნიდან იწყებს აჟღერებას.

M: სირთულე, რომელსაც ხატვის პროცესში აწყდებით?

ხან ყოფილა სირთულე ხატვის პროცესში, როდესაც თითქოს ვებრძვი ზეთებს ტილოზე და თავს ვერ ვუყრი, როდესაც თითქოს ერთი ფერი შთანთქავს ყველა დანარჩენს, ამ დროს გამარჯვებას საოცარი შეგრძნება მოაქვს. შემდეგ კი არასდროს მავიწყდება, თუ რომელ ნამუშევარზე მქონდა მსგავსი „შებრძოლებები“.

M: გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე..

უახლოესი გეგმა 2019 წლის ბაზელის გამოფენაში მონაწილეობის მიღებაა. წლებია ბაზელის გალერეასთან ვთანამშრომლობ და მათ გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას. თუმცა, არ გამოვრიცხავ საქართველოს მასშტაბით ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას.

M: გარდა ხატვისა, კიდევ რითი ხართ დაკავებული?

ეხლახანს ონლაინ მედია მარკეტინგის სერთიფიცირებული კურსი დავასრულე და ამ კუთხითაც ვფიქრობ დაკავებას, თუმცა პირველი საზრუნავი ბავშვები (ორი ბიჭი მყავს 12 და 8 წლის) და მათი სულიერ-გონებრივი განვითარებაა.

M: თქვენი ნახატების თვალიერებისას, ხშირად ვაწყდებით წაწერილ ტექსტებს.. ხომ არ წერთ კიდეც?

დიახ, ადრე გარვეული პერიოდის განმავლობაში მქონდა გატაცება ჩანახატებისა და ვერლიბრების სახით, ამჟამად ჩემს ჩანაწერებს ემატება სხვადასხვაგან,- ლექსებისა და ცნობილი ადამიანების  დღიურებიდან ამოკითხული აზრები, ემოციები, რომლებიც ჩემსას ემთხვევა და, საბოლოო ჯამში, ნამუშევრებს ესადაგება. თუმცა, ხანდახან ჯერ ნამუშევარი იქმნება და შემდეგ ჩნდება ტექსტურ-პოეტური დასათაურება.

M: თქვენი აზრით, როგორია თქვენი შემოქმედება? დაგვიხასიათეთ ორი სიტყვით..

ორ სიტყვაში მოთავსებული ჩემი შემოქმედება შეიძლება ალბათ ასეც ჟღერდეს, – არაფერი და ყველაფერი. ვისთვის არაფერი, ვისთვის ყველაფერი, ზოგისთვის ახლო და ზოგისთვის უცხო, ყველაზე უმნიშვნელოც და ყველაზე მნიშვნელოვანიც…

განხილვა