13
Nov
2018

ფერწერის კონცეპტუალური ტრანსფორმაცია აბსტრაქტიზმში – მაკა ზედელაშვილის შემოქმედება

13 Nov 2018

სოციალური პრობლემები, ადამიანური განცდები, ემოციები და ფიქრები – ეს სწორედ ის მცირე ჩამონათვალია, რასაც მაკა ზედელაშვილის შემოქმედებაში იხილავთ. მხატვარი, რომელიც საკუთარი წარმოსახვის ასახვას ტილოებზე ცდილობს, მრავალ პროექტშია ჩართული, აწყობს გამოფენებს სხვადასხვა გალერეაში. იგი, ძირითადად, ფერწერის მიმართულებით მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მისი ნიშა აბსტრაქციების შექმნაა. გარდა ამისა, მაკამ წელს აქტიურად დაიწყო კერამიკულ ობიექტებზე მუშაობაც, სამომავლოდ კი ხელოვანი ინსტალაციების შექმნას გეგმავს.

M: როდიდან დაიწყეთ ხატვა და რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროცესი?

ატვა დავიწყე 2 წლის ასაკიდან და, მრავალი ჰობის მიუხედავად, არასდროს მიფიქრია პროფესიის შეცვლა. ჩემთვის ხატვა, ალბათ, ყველაზე ნაკლებად არის არტ-თერაპია. იგი ძალიან ინტიმური პროცესი: როცა შიშვლდები ნახატის და გარე სამყაროს წინაშე, როცა გაქვს შეგრძნება, თითქოს რაღაც ძალიან ფაქიზს შეეხე, როცა შენი სულის ნაწილს ამზეურებ და აბსტრაქციაში გარდასახვით ყველასთვის ხილვადს ხდი; გასცემ და გინდა, სწორად მიიღონ, შეიგრძნონ და დაინახონ ენერგია, ემოცია და შთაგონება. ეს საიდუმლოს გაცემას ჰგავს, თითქოს შიგნით, ჩემს სამყაროში შემოგახედეთ, თითქოს საკუთარი თავი ხელახლა შევიცანი…

ეს არის ბრძოლა, ჭიდილი ტილოსთან, სადაც, თუ მაქსიმალურად, თავგანწირვამდე არ დაიხარჯე, თუ სრულად გულწრფელი არ იყავი, ვერ მიიტან სათქმელს დამთვარიელებლამდე.

M: რა გაძლევთ ინსპირაციას ნამუშევრების შესაქმნელად?

შთაგონების წყარო, ძირითადად, შინაგანი პროტესტია, სწორედ იგი განაპირობებს სამუშაო თემას. ვცდილობ, ჩემი სათქმელი ამ მედიაში გამოვსახო. ჩემი დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტისადმი და, თავისთავად, საკუთარი შინაგანი სამყაროც გადმოვიტანო. მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ისტორიაა, რომელიც მხატვრობას უკავშირდება.

M:ოგორია თქვენი სამუშაო გარემო?

ნამუშევრებს, ძირითადად, ჩემს სახელოსნოში ვქმნი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მუშაობის პროცესში ვიყო სრულიად მარტო, ასევე მნიშვნელობა აქვს ემოციურ ფონს და განწყობას.

M: საინტერესო პროექტები თუ გქონიათ, ამაზეც გვესაუბრეთ..

მიმდინარე წლის სექტემბერში მქონდა პერსონალური გამოფენა „ქალ-წუნი“ ლიტერატურის მუზეუმში. გამოვარჩევდი პრინტის საერთაშორისო ფესტივალს „Life N Style“, რომელიც ხელით ბეჭდვის უნივერსალური ტექნოლოგიების ადგილობრივად განვითარებას უწყობს ხელს. ჩემთვის საინტერესო იყო მონაწილეობა და შექმნილი ნამუშევრები ვორქშოფის ფარგლებში (ოფორტი ალუმინზე). ასევე გამოვარჩევდი საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა-გამარჯვებას – „Call for Chelsea In New York“ თემა: Environmental Vibrations”. ასევე რამდენიმე ჯგუფური პროექტი საქართველოში: ეროვნულ გალერეაში – „ლაღიძის წყლები და ქართველი მხატვრები, მოითხოვე ყველგან“ და ფაბრიკაში ჩემი დიჯითალ გამოფენა „ქალი სიცოცხლისა და ენერგიის წყარო“, ჯგუფური გამოფენები არტ ვილა გარიყულაში, არტ გალერეა ვაკეში და TBC გალერეაში.

M: მოგვიყევით „ქალ-წუნზე“, რა პროექტია იგი და რატომ გადაწყვიტეთ ამ თემატიკაზე გემუშავათ?

გამოფენა „ქალ-წუნი“ მთლიანად ქალის თემატიკას ეხება – პრობლემებ, რომელიც არსებობს ქალის ცხოვრებაში. იგი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. საკითხზე მუშაობისას მნიშვნელოვანი ყურადღება გავამახვილე ისეთ საზოგადო სიღრმისეულ საკითხებზე, როგორებიცაა: ტრადიციებში არსებული პრობლემები, საკითხის გლობალური ასპექტები, საერთო ტკივილები და განცდები. მიზანი იყო, მეპოვა ის საერთო, რაც ჩვენ – ქალებს გვაერთიანებს. ეს გამოფენა გადატანილია „Art  Gallery Vake”-ში (ი. აბაშიძის #47) და დამთვარიელებელს 16 ნოემბრამდე აქვს საშუალება, მობრძანდეს და დაათვალიეროს. ამჟამად არტისტერიუმის ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმშიქარვასლა“ გამოფენილი მაქვს ერთ-ერთი ნამუშევარი.

M: სამომავლო გეგმები თუ გაქვთ..

ახლოეს მომავალში, ვაპირებ ჩავერთო ფესტივალში „მისამართი“, რომელიც ჩატარდება ბათუმში და ამ ფესტივალის ფარგლებში ვგეგმავ ინსტალაციების შესრულებას. ასევე, გაზაფხულზე ღია სივრცეში ვგეგმავ წარმოვადგინო ახალი ნამუშევრები, თუმცა რა სახის იქნება, ჯერ არ დავაანონსებ.

M: როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი ხელოვნება?

მიუხედავად ერთი დიდი პროტესტისა და საკმაოდ მძიმე თემებისა, რომელზეც ვმუშობ, ვცდილობ ჩემი ხელოვნება ესთეტურ ჩარჩოებში მოვაქციო, ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი, საკუთარი ემოციები და განცდები სწორად მივიტანო დამთვარიელებლამდე.  ვცდილობ, შევქმნა ღრმა და კონცეპტუალური ნამუშევრები და ვისაუბრო ისეთი ფერწერის ენით, რომელიც დამთვარიელებელში პოზიტივს და დადებით ენერგიას გამოიწვევს.

განხილვა