in , ,

ვაკეთოთ საქმე ერთად

11

     რა დონეზე შეუძლია ბიზნესს, იყოს ინოვაციური? და რა არის ლიმიტი,    რომლის მიღმაც კომპანიას არ შეუძლია, იყოს მომხმარებელზე    ორიენტირებული?  Threadless -მა, რომელიც ამერიკის ყველაზე ინოვაციურ    კომპანიად დასახელდა ჟურნალი Inc.-ის მიერ დაამტკიცა, რომ ეს ლიმიტი არ    არსებობს.

    Threadless.com შეიქმნა 2000 წელს  ჩიკაგოში, $1000 საწყისი კაპიტალით. ეს არის მაისურებისა და სხვადასხვა აქსესუარების მწარმოებელი ონლაინ კომპანია, რომელმაც მთლიანი ბიზნესი თავისი მომხმარებლების გარშემო ააგო. Threadless იყენებს ბიზნეს-მოდელს, რომლის მიხედვითაც მთელი ძალაუფლება მომხმარებელზე  გადადის.  საიტის ვიზიტორებს შეუძლიათ, გააკეთონ შეთავაზება მაისურის ახალი დიზაინისა  და ასევე ხმის მიცემით გადაწყვიტონ, რომელი დიზაინის მაისურები აწარმოოს კომპანიამ.   ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მოდელები იკერება და იყიდება როგორც ვებსაიტზე, ასევე კომპანიის  საკუთარ მაღაზიაში.

     რა თქმა უნდა, ასეთი სახის საქმიანობიდან კომპანიის სარგებელი უსაზღვროდ დიდია. Threadless.com მინიმუმამდე ამცირებს კვლევის, იდეის განვითარების, მარკეტინგის და სხვა ხარჯებს, და მაქსიმუმამდე ზრდის გაყიდვების წარმატებას.  მაგრამ რა არის 1.8 მილიონიანი ონლაინ-საზოგადოების მოტივაცია, შეუქმნას და შეურჩიოს კომპანიას პროდუქტი, რომელსაც თავად იყიდის მომავალში? საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები ძირითადად დამწყები მხატვარ-დიზაინერები არიან, რომლებიც კომპანიის საქმიანობაში უფასოდ შეტანილი წვლილის სანაცვლოდ მოელიან აღიარებას, როგორც მთავარ ჯილდოს.  ამ საქმის კეთებით მათ შანსი ეძლევათ გამოავლინონ ნიჭი. არსებობს ფულადი ანაზღაურებაც, დიზაინერი იღებს $2000 ნაღდ ფულს, თუ კომპანია მის შექმნილ მაისურს  შეკერავს.

     Threadless.com-ს გაცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს 1.8 მილიონი ადამიანი რაც შეიძლება ახლოს შემოიკრიბოს ბრენდის გარშემო. ამ მიზნით ურთიერთობა ინტერნეტის გარეთ გრძელდება:  ეწყობა წვეულებები, შეხვედრები, დაჯილდოება Bestee Awards, და ა.შ.

     Threadless-ის მაგალითი შესაძლოა გახდეს ნიმუში დამწყები ბიზნესმენებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, მცირე ბიუჯეტით კრეატიული და ინოვაციური იდეები წარმატებით განახორციელონ.

ხატია ელიზბარაშვილი

“ვირუსული” მარკეტინგი

“ალგოს” შუქდიოდური ნათურები