in

“Make Instagram Instagram Again” — რა არ მოსწონთ კონტენტის შემქმნელებს?

Meta ცდილობს, მომხმარებლების ინტერესი სხვა სოციალური ქსელებიდან კვლავ თავის სივრცეში დააბრუნოს. მომხმარებლებისა და შემოსავლების აქამდე არნახულმა კლებამ მარკ ზაკერბერგი აიძულა, Facebook-ისა და Instagram-ის სახე ერთგვარად შეეცვალა — უპირატესობა მიენიჭა ვერტიკალურ პოსტებს და უცნობი ადამიანების პოსტები მეტად გამოჩნდა  სიახლეების ზოლში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა საპირისპირო შედეგი გამოიღო.

ბევრი სხვა მომხმარებლის მსგავსად, 21 წლის ფოტოგრაფი ტატი ბრუნინგი გააღიზიანა ინსტაგრამის გადაწყვეტილებამ — შეეცვალა თავისი ტრადიციული ფოტოების გაზიარების პოზიცია Reels-ის სასარგებლოდ. თანაც, ეს ვიდეო ფორმატი ხომ თითქმის TikTok-ის იდენტურია. ცხადია, ამ ყველაფრის ფონზე პლატფორმა საკუთარ იდენტობას კარგავდა და დიდი ხნის კონტენტის შემქმნელებს თავიანთი ხედვის შეცვლას, შემოქმედების შეცვლას აიძულებდა. ან, ვის სჭირდება ორი ტიკტოკი? არც არავის.

ამის საპასუხოდ ბრუნინგმა წამოიწყო კამპანია: “Make Instagram Instagram Again”, რომელიც მყისიერი იმედგაცრუების გამოვლინება იყო. ამასთან, მან პეტიციაც კი შექმნა და ინსტაგრამს მოუწოდებდა, აღედგინა ალგორითმი, როდესაც ის ფოტოებს ანიჭებდა უპირატესობას. ასევე, მისი თქმით, პლატფორმამ უნდა შეწყვიტოს „ტიკტოკად ყოფნის მცდელობა“ — წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ორიგინალური და კრეატიული კონტენტი ამოეწურება.

„მოდით, ვაღიაროთ… ატვირთული ვიდეოების უმეტესობა არის TikTok-ის კონტენტი, რომელიც მსოფლიომ უკვე ნახა. რა არის ინოვაციური და უნიკალური ძველ მემკვიდრეობით კონტენტში? არაფერი! არც ის არის სწორი, რომ კონტენტის შემქმნელებს, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში და ინსტაგრამს საარსებო წყაროდ იყენებენ, მთელი შინაარსის შეცვლას აიძულებენ ალგორითმის გამო“, — აღნიშნავს ფოტოგრაფი.

ბუნებრივია, Instagram და TikTok სხვადასხვა მიზანსა და აუდიტორიას ემსახურება. პირველი ფასდება თავისი ესთეტიკითა და კურირებით, მეორე კი უფრო ჩვეულებრივი და თანამედროვეა. როგორც ჩანს, ამ აზრს ბევრი ადამიანი იზიარებს და ბრუნინგის ფოტოც ვირუსულად გავრცელდა. ამას კი ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი შედეგებიც მოჰყვა — ხუთშაბათს ინსტაგრამმა დაადასტურა, რომ აჩერებს სატესტო ფუნქციებს და რეკომენდებული პოსტებიც დროებით შემცირდება.

LG-ის AI სისტემით საჭმლის შეკვეთას თქვენი მანქანა შეძლებს

Audi-ს ინტერაქციული კონცეფცია მომხმარებლისთვის