in

აქციეთ სწავლა ყოველდღიურობის ნაწილად

დღესდღეობით, დასწავლის უნარი ის ვალუტაა, რომლითაც კარიერის განმავლობაში აქტიურად ვვაჭრობთ. უმთავრეს უნარად იქცა ადაპტირება და პროაქტიული სწავლა, რაც ამ დროისთვის, ორგანიზაციებში ყველაზე მეტად ფასდება. ესაა გრძელვადიანი დივიდენტი ჩვენი კარიერული განვითარებისთვის. Linkedin-ის დამფუძნებელმა, რეიდ ჰოფმანმა თქვა, რომ დამფუძნებელთა ინვესტიციით მხარდაჭერისას, ის ეძებს ინდივიდებს, რომლებსაც სწავლის მუდმივი უნარი აქვთ – მათ, ვინც რეგულარულად და სწრაფად ამდიდრებს საკუთარ ცოდნას. Microsoft-ის დირექტორი, სატია ნადელა, ასევე, ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელობას. თუმცა, ახალი ცოდნის დაუფლება არცთუ ისე მარტივია. მუდმივად ცვალებადი კარიერული შესაძლებლობების ეპოქაში, როდესაც ადამიანები როლებს ძალიან ხშირად იცვლიან და სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან, განსწავლის, დასწავლისა და განვითარების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია ეყრდნობა, მსოფლიოს გარშემო, 50 000 ადამიანის გადამზადებას, რომლებიც მუშაობენ Virgin-ში, Unilever-სა და Microsoft-ში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ისწავლეთ სხვებისგან

ადამიანები, რომლებთანაც დროს ატარებთ თქვენი ცოდნის მთავარი წყაროა. მრავალფეროვანი გარემოცვის შექმნით, რომელთაგანაც შეგიძლიათ სწავლა თქვენ ახალ პერსპექტივებს შეიქმნით. დაისახეთ ამოცანად, თვეში ერთხელ მაინც ესაუბროთ ადამიანებს, რომლებისგანაც სწავლობთ. ეს შეიძლება იყოს კოლეგა სხვა განყოფილებიდან ან კომპანიიდან, ან უბრალოდ, სხვა ადამიანი, რომლის საშუალებითაც, თვალსაწიერს გაიფართოვებთ.

ექსპერიმენტი

ექსპერიმენტი გზადაგზა გამოცდაში, ახლის სწავლასა და ადაპტაციაში გეხმარებათ. სამუშაო პროცესში ექსპერიმენტირების უამრავი საშუალება არსებობს. მაგალითად, გამოიყენეთ ინტერაქციის, ვირტუალური პრეზენტაციის განსხვავებული საშუალებები, უკეთ შეისწავლეთ ონლაინ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სპეციფიკა… იმისათვის, რომ ექსპერიმენტი ეფექტიანი გამოვიდეს, მას სწავლის გაცნობიერებული არჩევანი სჭირდება. აწარმოეთ დღიური, სადაც აღწერთ იმ ექსპერიმენტებს, რასაც ატარებთ და შეისწავლით პროცესში. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდება და ეს პროცესის ბუნებრივი ნაწილია.

შექმენით კოლექტიური სასწავლო პროგრამა

კარიერულ გზაზე ყველა ვსწავლობთ და ამავდროულად, ვასწავლით. გუნდში კოლექტიური სასწავლო პროგრამის შემუშავებაც შეგიძლიათ, რომლის ფარგლებშიც ყოველი თქვენგანი საკუთარ ცოდნასა და უნარებს გაუზიარებს დანარჩენებს. ეს განვითარების კარგი გზაა, სადაც ყველა თანაბრადაა ჩართული.

განსწავლა

ამ შემთხვევაში, განსწავლა ნიშნავს უარი თქვათ უკვე არსებულ ცოდნაზე, რომელსაც თქვენს გონებაში უსაფრთხო და საიმედო ადგილი უჭირავს და ის ახლითა და უცხოთი ჩაანაცვლოთ. უნარები და ქცევა, რამაც აქამდე მოგიყვანათ სამომავლო მიზნამდე მისაღწევად, უცვლელი სახით არ გამოგადგებათ.

პანდემიის დროს, არსებულმა რეალობამ ყველა გვაიძულა დაგვევიწყებინა ჩვენი ცხოვრების გარკვეული ასპექტები და ახალი უნარები შეგვეძინა. განსწავლა არაკომფორტულია, მაგრამ გასულმა ორიოდე წელმა დაგვანახა, რამდენად კარგად შეგვიძლია ადაპტირება.

ემეგობრეთ განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანებს

როდესაც პრობლემას ან გამოწვევას ახალი პრიზმიდან ვუყურებთ, ძველ მიდგომას ვივიწყებთ. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როდესაც განსხვავებული მიდგომის მქონე ადამიანებთან ვმეგობრობთ. ამ კავშირის მიზანია, ისწავლოთ, რას აკეთებს ის განსხვავებულად? ეძებეთ ადამიანები განსხვავებული გამოცდილებითა და მიდგომებით. დააკვირდით, როგორ ეკიდებიან ისინი საქმეს, როგორ ფიქრობენ, როგორ მოქმედებენ.

დააკვირდით ჩვევებს, რაც უკან გხევთ

ყველას გვაქვს ჩვევა, რომლის დახმარებითაც მოვედით იქამდე, სადაც ახლა ვართ. თუმცა, ზოგჯერ ჩვენივე ჩვევებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოგვრჩეს ის ახალი მიდგომები, რაც უნდა ვცადოთ, წინ რომ წავიწიოთ. სწორედ ამიტომ, საჭიროა უნარების მუდმივი გამოცდა და ჩვევების განახლება.

დასვით აქტუალური კითხვები

ასეთი კითხვები ცვლიან ჩვენს სტატუს-კვოს და ჩვენში საქმის წარმოების ახლებურ ხედვას აღვიძებენ. ხშირად, ისინი იწყება კითხვებით: როგორ შეგვიძლია? როგორ შევძელით? რა მოხდებოდა, თუკი სხვანაირად ვცდიდი? ამგვარად, ცოდნის არსებულ პატერნს ვცვლით და შესაძლებლობებს სხვანაირად ვუყურებთ. იმისათვის, რომ რეალობაში მოვიყვანოთ აქტუალური საკითხები, სასარგებლოა დავსვათ კითხვები:

  • წარმოიდგინეთ, რომ 2030 წელია. რა არის სამი ძირეული ცვლილება, რაც თქვენს ინდუსტრიაში მოხდა?
  • როგორ შეგეძლოთ გაგენაწილებინათ ფუნქციები თქვენსა და რობოტს შორის?
  • თქვენი ძლიერი მხარეებიდან რომელი იქნებოდა ყველაზე სასარგებლო, თუკი თქვენი ორგანიზაცია ორჯერ გაიზრდებოდა?
  • წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ინდუსტრია ერთ ღამეში გაქრა. საით მიმართავთ თქვენს ნიჭს?
  • თუკი ხვალ, ბიზნესის ხელახლა აშენება მოგიწევდათ, რას გააკეთებდით სხვანაირად?

განმეორებითი სწავლა

ეს არის იმის აღიარება, რომ ჩვენი ძლიერი მხარის გამოყენების მიდგომა მუდმივად იცვლება, ხოლო ჩვენი პოტენციალი მუდმივად პროგრესირებს. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად გადავაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და მათი კონკრეტულ კონტექსტზე მორგების გზები. მაგალითად, კოლაბორაცია ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამჯერად, უნდა იცოდეთ, როგორ მიუდგეთ ჰიბრიდული სამუშაო გარემოს პირობებში. ან, შესაძლოა, კარიერული ცვლილება გქონდათ და სწავლობთ თქვენი ნიჭის ახალი მიმართულებით გამოყენებას სწავლობთ. აი, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელახალი სწავლა, ცვლილებების პირობებში:

გააფართოვეთ თქვენი ძლიერი მხარეები

გამოიყენეთ ძლიერი მხარეები სხვადასხვა სიტუაციებისთვის. თუკი მეტისმეტად კომფორტულად იგრძნობთ თავს, თქვენს ფუნქციებთან მიმართებაში, თქვენი განვითარება შეფერხდება.

მიიღეთ უკუკავშირი

ეცადეთ, საკუთარი უნარები სხვისი თვალით დაინახოთ. ეს თქვენი შესაძლებლობების უკეთ შესწავლაში დაგეხმარებათ. სთხოვეთ უკუკავშირი სხვებს, რათა ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ მნიშვნელოვანი მომენტები.

ხელახლა აითვისეთ სიმტკიცე

ხელახლა სწავლა სიმტკიცეს მოითხოვს და თუკი პესიმისტურად უყურებთ პროგრესს, ეს დანებებისაკენ გიბიძგებთ. კვლავაც კონცენტრირდით, რა მუშაობს უკეთ – ეს წინსვლაში დაგეხმარებათ. ყოველ საღამოს, დაწერეთ სამი მცირე მიღწევა, რაც იმ დღეს გქონდათ. ეს შეიძლება იყოს სამსახურეობრივი ან პირადი. ანალოგიურად, შეაფასეთ ყოველკვირეული და ყოველთვიური შედეგები. ეს მოტივაციას ყველაზე რთულ მომენტებშიც კი შეგმატებთ.

 

წყარო: HBR



ბიზნეს დაჯილდოება 2021-ის ფინალისტები ნომინაციაში “გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში”

„მადარტში“ საშუალო დარიცხული ხელფასი 1500 ლარია და 2022 წელს 2000 ლარი გახდება