გუნდისთვის კარგად მუშაობა საკმარისი არ არის – საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ადამიანების შრომას ხედავთ და აფასებთ. გუნდის წვლილის წარმოჩენა მნიშვნელოვანია. ეს არის სტრატეგიული კომუნიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ადამიანებმა მიიღონ დამსახურებული აღიარება, უკეთესი რესურსები, შესაძლებლობები და განვითარება.
როგორ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი გუნდი? როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს ხელმძღვანელს, რა გავლენას ახდენენ თქვენი თანამშრომლები საერთო საქმეში? და როგორ შეგიძლიათ სამართლიანად გაანაწილოთ ეს აღიარება გუნდის წევრებს შორის?
რას ამბობენ ექსპერტები
გუნდის წევრების ხილვადობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ზრდისა და წარმატებისთვის – ეს კრიტიკულია თქვენთვისაც, როგორც ლიდერისთვის, ამბობს IESE-ის ბიზნეს სკოლის პროფესორი სებასტიან ბრიონი. მისი კვლევის თანახმად, მაღალეფექტური თანამშრომლები უფრო მოტივირებულები არიან და უკეთაც მუშაობენ, როცა მათი შრომა სხვებისთვის ხილულია. თანამშრომლები, რომელთა წვლილიც აღიარებულია, კომპანიაში უფრო დიდხანს რჩებიან. საუკეთესო ტალანტები არ იქნებიან ეფექტურები ან ერთგულები, თუ თავს დაუფასებლად გრძნობენ. ასე რომ, თუ მათ არ მისცემთ დამსახურებულ აღიარებას ან გამოჩენის შესაძლებლობას, ისინი ისეთ ხელმძღვანელს იპოვიან, რომელიც ამას გააკეთებს.
გარდა ამისა, როცა თქვენი გუნდი წარმატებულია, ეს პოზიტიურად აისახება თქვენზეც, ამბობს სუზან ბარბერი, ქოუჩი. ეს არა მხოლოდ გამოხატავს თქვენს უნარს განავითაროთ პოტენციალი, არამედ თქვენს მენეჯერულ უნარებსაც წარმოაჩენს.
გაიცანით თქვენი გუნდი
კარგი მენეჯმენტი იწყება გუნდის წევრების გულწრფელი გაცნობით, მათი ინდივიდუალური ძლიერი მხარეების, ინტერესებისა და ამბიციების გააზრებით. ესაუბრეთ თქვენს თანამშრომლებს, ჰკითხეთ, როგორ ხედავენ საკუთარ როლსა და წვლილს. გაიგეთ, რა ამოძრავებთ, რა უნარების განვითარება სურთ და როგორ წარმოუდგენიათ კარიერული წინსვლა.
შექმენით ხილვადობის საშუალებები
მოიფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ გუნდის სამუშაოს წარმოჩენა. ეს შეიძლება იყოს არაფორმალური საუბრები კოლეგებთან, წლის შეჯამება და შეფასება მაღალი დონის მენეჯერებთან, რეგულარული წერილობითი რეპორტინგი ხელმძღვანელისთვის და საჯარო აღიარება დეპარტამენტის შეხვედრებზე ან კომპანიის ღონისძიებებზე.
იფიქრეთ თქვენს აუდიტორიაზე. მათთან ურთიერთობების ჩამოყალიბება შეიძლება დაეხმაროს თქვენი გუნდის რეპუტაციის ზრდას.
ფოკუსირდით გავლენაზე
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა თქვათ გუნდის წევრის წვლილზე, ეს კითხვები დაგეხმარებათ: როგორ ეხმარება თანამშრომელი ორგანიზაციას? როგორ ზრუნავს საკუთარ ზრდაზე? როგორ სარგებლობს ამ ყველაფრით მენეჯერი/ორგანიზაცია?
გააზიარეთ ფაქტები და არა საქებარი სიტყვები…
ზოგიერთ მენეჯერს უჭირს გუნდის ქება მაღალი რანგის ხელმძღვანელებთან, რადგან ეშინია, რომ ტრაბახად არ ჩაეთვალოს. ბარბერი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ქალებს, ხშირად ეშინიათ არ გააღიზიანონ სხვები, თუ საკუთარ და გუნდის მიღწევებს გაუსვამენ ხაზს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს მერყეობა შეიძლება ზღუდავდეს მათ პროფესიულ ხილვადობას და კარიერულ წინსვლას. გამოსავალი? გამოიყენეთ ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა აღიარებისადმი.
…ფრთხილად იყავით კრიტიკასთან
ნარატივი თქვენი გუნდის წევრების შესახებ შეიძლება ჩამოყალიბდეს თქვენი ყოველდღიური ნათქვამით/ქცევით, ხშირად ისე, რომ შეიძლება ვერც აცნობიერებდეთ. ეს გავლენა შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. შეიძლება ვერც აცნობიერებდეთ თქვენი სიტყვების წონას. თუნდაც უწყინარი კომენტარებით, დიდი ძალა გაქვთ აამაღლოთ ან ძირი გამოუთხაროთ ვიღაცის რეპუტაციას.
წაახალისეთ თანამშრომლობა
ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი გუნდის წევრების სამუშაოს წარმოსაჩენად არის მათთვის ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობების მიცემა.
სტრატეგიულად გაანაწილეთ აღიარება
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია აღიარების სამართლიანად განაწილება და ფავორიტიზმის თავიდან აცილება, გარდაუვალია, რომ ზოგიერთი პიროვნება სხვებზე უფრო ხილული იქნება.
ბუნებრივია, რომ გყავთ ისინი, ვინც იღებს ინიციატივას და აქტიურად ცდილობს დაწინაურებას, ასევე გუნდის სტაბილური წევრები, რომლებიც შეიძლება არ ეძებდნენ წინსვლას, მაგრამ იმსახურებენ აღიარებას მათი წვლილისთვის.
დახარჯეთ დრო თითოეული გუნდის წევრის ამბიციებისა და ძლიერი მხარეების გასაგებად. ეს დაგეხმარებათ მათი პროფილის ამაღლებაში, მათი მიზნების შესაბამისად. მოიძიეთ ახალი იდეები გუნდის სამუშაოს წარმოსაჩენად, როგორიცაა არაფორმალური საუბრები, პროდუქტიულობის შეფასებები, პროგრესის ანალიზი და საჯარო აღიარება. მიეცით თქვენი გუნდის წევრებს შესაძლებლობა მიიღონ გამოცდილება სხვადასხვა გუნდთან და მენეჯერებთან, რაც სხვებს საშუალებას აძლევს დაინახონ მათი შესაძლებლობები და წვლილი.
წყარო: HBR