კონტენტი დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ბრენდებისთვის, ისე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. ვიდეო კონტენტის მოხმარება გლობალურად იზრდება. ეს ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. სწორედ ამ მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა „მეიქერსი“ – კონტენტ-პროდაქშენ ჰაუსი, რომელიც ქმნის ხარისხიან, მიზნობრივ და ბიუჯეტზე მორგებულ კონტენტს. „მეიქერსის“ მიზანია გაუმარტივოს ბრენდებს კომუნიკაცია და გახადოს პროფესიონალური კონტენტი ხელმისაწვდომი უფრო ფართო აუდიტორიისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ „მეიქერსი“ უშუალოდ ფროდაქშენის ნაწილზეა ორიენტირებული, ის საინტერესო პარტნიორი შეიძლება იყოს იმ სააგენტოებისთვის, რომლებიც ბრიფსა და კონცეფციაზე მუშაობენ. ეს კოლაბორაციული მოდელი საშუალებას აძლევს სარეკლამო და მარკეტინგულ სააგენტოებს, ფოკუსირდნენ სტრატეგიულ და კრეატიულ მიმართულებებზე, ხოლო ვიზუალური აღსრულება „მეიქერსს“ მიანდონ. დეტალებზე „მეიქერსის“ თანადამფუძნებელი გოგიტა ჩიკვაიძე და ბრენდის სტრატეგი თინა კიკალიშვილი გვიყვებიან.
M: რა მიგნებებმა მიგიყვანათ იმ დასკვნამდე, რომ ქართულ ბაზარს ახალი ტიპის კონტენტ-პროდაქშენი სჭირდებოდა? რას გულისხმობს თქვენთვის ტერმინი “content production house” და რა საჭიროებები აქვთ თანამედროვე ბიზნესებს ვიდეო და აუდიო კონტენტის მიმართულებით?
გოგიტა ჩიკვაიძე: ვხედავ, რომ მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, 2025 წლისთვის ვიდეო კონტენტი მთლიანი კონტენტის დაახლოებით 90%-ს შეადგენს, განსაკუთრებით მოკლე ფორმატის ვიდეოები, რომლებიც რესურსების ეფექტურ გამოყენებას მოითხოვს.
საქართველოში ბევრი პროდაქშენ კომპანიაა, მაგრამ მათი ძირითადი ფოკუსი მაღალბიუჯეტიან, მასშტაბურ პროექტებზეა მიმართული. ამის გამო, მცირე და საშუალო ბიზნესები ხშირად გრძნობენ, რომ მათი საჭიროებები მეორეხარისხოვანია და სათანადო ყურადღებას ვერ იღებენ, რამაც პროდაქშენ ჰაუსის საჭიროება გააჩინა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა სივრცე „მეიქერსი“, რომელსაც ვუწოდებ “content production house”-ს. ჩვენთან მცირებიუჯეტიანი კლიენტებიც კი იღებენ მაღალი ხარისხის სერვისს და სათანადო ყურადღებას. სიტყვა “content” თავისთავად მიანიშნებს შედარებით მცირებიუჯეტიან პროექტებზე. ჩვენი გაგებით, “Production House” წარმოადგენს კრეატიულ სივრცეს, სადაც თავმოყრილია როგორც კონტენტის წარმოების სრული ციკლი, ასევე შემოქმედებითი პროფესიონალების გუნდი. ეს არის ადგილი, სადაც იდეები გარდაიქმნება მზა პროდუქტად, ხოლო ჩვენი მრავალრიცხოვანი კონტენტ-მეიქერები უზრუნველყოფენ შემოქმედებითი პროცესის უწყვეტობას.
ჩვენი სერვისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიდეო პროექტებით – ეს შეიძლება იყოს პოდკასტი, აუდიო თუ ფოტო კონტენტი. როდესაც დამკვეთი მოდის ჩვენთან, მას შეუძლია აღმოაჩინოს, რომ მისი საჭიროებები შეიძლება ისეთ ფორმატში მოერგოს, რაზეც თავიდან არც კი ფიქრობდა – შეიძლება ვიდეოს ნაცვლად ფოტო აღმოჩნდეს იდეალური, ან პირიქით. ჩვენი მიზანია, დამკვეთმა იპოვოს საკუთარ საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებული მომსახურება.
„მეიქერსის“ გუნდი: „მეიქერსი“ სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს – ფოტო, ვიდეო და აუდიო პროდუქციას. უკვე გვაქვს შესრულებული წარმატებული პროექტები როგორც კომერციულ, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებში.
რაც შეეხება კოლაბორაციას სხვა სააგენტოებთან, ჩვენ ამის მაგალითები უკვე გვაქვს და ეს თანამშრომლობა წარმატებული გამო
Makers-თან თანამშრომლობის გამოცდილება შეაფასა Ad Black Sea-ის დირექტორმა თამარ ცინცაძემ: Makers-ის გუნდთან თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც ფესტივალის ორგანიზატორისთვის, ერთგვარი სიმშვიდის მომტანია. კომპლექსური ღონისძიებების ფოტო/ვიდეო კონტენზე მუშაობისას, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ მნიშვნელოვანი მომენტები ყურადღების მიღმა დარჩეს, რადგან როგორც წესი რამდენიმე აქტივობა პარალელურად მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ აქვს სანდო, გამოცდილ გადამღებ გუნდს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
Makers-თან მუშაობისას, მათი პროცესში ჩართულობის ხარისხი, პრიორიტეტების ზუსტი აღქმა და ღონისძების მიზნების გაზიარება ადამიანურ დონეზე, გვიქმნის განცდას, თითქოს ფესტივალის დაგეგმვის პროცესშიც მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ კი არ ასრულებენ ტექნიკურ დავალებებს – არამედ აქვთ უნარი, ზუსტად იგრძნონ ღონისძიების ხასიათი და ის ნიუანსები, რაც შეიძლება დაბრიფვის დროს არც კი ვახსენო.
ასევე, ჩემთვის განსაკუთრებით დასაფასებელია მათი უნარი მინიმალური მიმართულებით და ბრიფით იმუშაონ – რადგან ფესტივალს არ ყავს დიდი გუნდი, ამიტომ როგორც წესი ჩვენს წინამოსამზადებელ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ზოგად განწყობაზე, ფიზიკურ სივრცეზე, აქტივობების განრიგზე და საჭირო ტონს და ტემპს თვითონ პოულობენ.
აი, მაგალითად, ვიდეო, რომელიც მაისში თბილისის დიზაინის ფესტივალის მეორე გამოშვებისთვის შეიქმნა, ზუსტად გადმოსცემს იმ ატმოსფეროს, რაც იმ დღეს სუფევდა – აკადემიური, მშვიდი, ღრმა საუბრებით და პრაქტიკული, ღირებულებით დატვირთული ვორქშოპებით. ვფიქრობ, მარტივად, მსუბუქად თუმცა არაზედაპირულადაა შინაარსი გამოცემული, რაც ციფრული პლატფორმებისთვის იდეალურია.
თინა კიკალიშვილი: „მეიქერსზე“ მუშაობა ძალიან ბუნებრივად წარიმართა – გუნდს თავიდანვე ზუსტად ესმოდა აუდიტორიის საჭიროებები და ბრენდის შექმნის აზრი. ფროდაქშენ ჰაუსი, ამ შემთხვევაში, არის სივრცე, სადაც კონტენტის შექმნა მარტივი, ადამიანზე მორგებული და მიზანმიმართული პროცესია.
დღეს ვიდეო შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა შინაარსს – იყოს კომერციული, საგანმანათლებლო, გასართობი თუ ინფორმაციული. „მეიქერსი“ კი ყველა ფორმატს ერთ პრინციპით უდგება: ყოველი კადრი მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ის არის მეგზური, რომელიც გზის პოვნაში გეხმარება და თითოეულ კლიენტს მისი უნიკალური მიზნებიდან გამომდინარე ინდივიდუალურ გზას სთავაზობს.
რაც მთავარია, უშუალოდ გუნდის წევრებისთვის ყოველი ახალი პროექტი არის არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ შესაძლებლობა – ზრდისთვის, კოლაბორაციისთვის და ინსპირაციისთვის.
M: როგორია „მეიქერსის“ ვიზუალური იდენტობა და რა პრინციპებით ხელმძღვანელობდით მის შექმნაზე მუშაობისას?
„მეიქერსის“ გუნდი: უკვე დავასრულეთ ვიზუალური იდენტობის შექმნა, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური მიდგომით. ბრენდინგზე არტ-დირექტორმა მარი სუხიშვილმა და დიზაინერმა კნინი ჭალიძემ იმუშავეს. ეს არჩევანი ორმაგ დატვირთვას ატარებს – ერთი მხრივ, ის ასახავს ჩვენს ეფექტურობას, მეორე მხრივ კი გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებები ხშირად უმარტივესია. ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობისას გვსურდა, რომ ის გამოხატავდეს ჩვენს „მეგზურის“ არქეტიპს – ვიყოთ ნათელი, მკაფიო და მიმართულების მიმცემი. ამიტომ ყველა ვიზუალური ელემენტი ორიენტირებულია მაყურებელთან მკაფიო კომუნიკაციის შექმნაზე.

M: როგორია „მეიქერსის“ ბრენდის ფილოსოფია და რამდენად საინტერესოა კრეატორებისთვის თქვენთან თანამშრომლობა?
„მეიქერსის“ გუნდი: „მეიქერსის“ ბრენდის ხასიათი, შემოქმედთან ერთად, არის მეგზური. ეს მეგზური სწორედ იმ თვისებებს აძლევს ბრენდს, რომელიც ეხმარება ერთის მხრივ ბიზნესებს, რომ იპოვონ თავიანთი გზა, და ამ გზაში ჩვენი კომპანია იყოს მათი მეგზური.
თინა კიკალიშვილი: ბრენდი ხასიათით ცნობისმოყვარე და დინამიკურია – მუდმივად ეძებს ახალ ამბებს, ადამიანებსა და იდეებს. ამავე დროს, მხარდამჭერიცაა – სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს გზის პოვნაში ეხმარება და მათთან ურთიერთობით თავადაც იზრდება. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას.

[R]













