in

ქართული სამაგიდო თამაშების სტარტაპ „მახათის“ „მახათი“ და „სასმისი“ (18+)

Startauperi
Startauperi

„ჩვენი თამაშებით, მაქსიმალურად, ვცდილობთ, ცოტათი უფრო არასერიოზული გავხადოთ დღევანდელობა!“, – განმარტავენ ქართული სამაგიდო თამაშების სტარტაპ „მახათის“ დამფუძნებლები: ვაჩე ვაჩეიშვილი და დათო ცხადიაშვილი – 2 უახლოესი მეგობარი, რომლებმაც ერთად ბევრი თავგადასავალი გამოიარეს და გადაწყვიტეს, ხელი საერთო საქმისთვისაც მოეკიდათ.

დათო: „დაახლოებით, 7-8 წელია, სხვადასხვა outsourcing კომპანიასთან, სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, სულ მინდოდა, ცალკე ჩემი პატარა საქმეც მქონოდა. სამაგიდო თამაშები მშვენიერი არჩევანი გამოდგა“.

ვაჩე: „რამდენიმე წელია, რაც ჩემი თარჯიმანთა ბიურო, Tpartner მაქვს და ძირითადად, ამ მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა დამატებით, რაღაც ახლის დაწყება მინდოდა და ვფიქრობ, იდეალური საქმე ავირჩიეთ“.

„მახათის“ ფუნქციონირების მანძილზე, ჯერჯერობით, ორი თამაში შეიქმნა: იმავე სახელწოდების არასერიოზული თამაში „მახათი“ და სათავგადასავლო ჟანრის „სასმისი“.

„მახათის“ შექმნის იდეა, დაახლოებით, 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. გვინდოდა, ჩვენი საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ვნახეთ, რომ ის სფერო, რომელიც გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს – სამაგიდო თამაშები, საქართველოში აუთვისებელი იყო. ხოდა, გადავწყვიტეთ, ამ ამბისთვის ჩვენ მოგვევლო. შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არსებობდა და რომელსაც ქართულ რეალობას მოვარგებდით.

M: გვიამბეთ თქვენს წამოწყებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე… რა გზა გაიარეთ იდეიდან პროდუქტის წარმოებამდე?
პირველი და უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა, თვითონ თამაშის შექმნა იყო. ის, რაც ფურცელზე კარგ და შედარებით მარტივ იდეად ჩანდა, საკმაოდ რთული განსახორციელებელი გამოდგა. მიუხედავად ამისა, თამაშის შექმნა სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა და დაახლოებით, 2 თვეში „მახათი“ წარმოებაში გასაშვებ დონემდე მივიყვანეთ.

აქ დაიწყო მეორე სირთულე, რაც თვითონ წარმოებას უკავშირდება. დაგვჭირდა უამრავი სტამბის, ყუთების მწარმოებლებისა და სხვა ობიექტების მოვლა, ვინაიდან უმრავლესობა უარს გვეუბნებოდა ისეთი პროდუქტის დამზადებაზე, როგორიც გვინდოდა. საქართველოში თითქმის არ არსებობდა არანაირი გამოცდილება ან წინაპირობა მსგავსი კარტის ბეჭდვისა და ბევრი, უბრალოდ, თავს არიდებდა ხელის მოკიდებას. თუმცა წვალების შემდეგ, მოვახერხეთ თამაშის იმ ხარისხით გამოშვება, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნებოდა.

M: როგორ გადაიდგა „მახათის“ ბრენდად ქცევის პირველი ნაბიჯები?
გვინდოდა, თამაშისთვის რაიმე მარტივი, სასაცილო და ადვილად დასამახსოვრებელი დაგვერქმია, ისეთი, ვიზუალშიც რომ კარგად ჩამჯდებოდა. რაც შეეხება ბრენდინგსა და დიზაინს, ამაში მარკეტერი, მანუჩარ მამეიშვილი დაგვეხმარა. „სასმისის“ დიზაინი კი – ია გაბუნიას ეკუთვნის.

M: რაც შეეხება თამაშების კონცეფციას, გაგვიზიარეთ, რა შესაძლებლობები გვაქვს, პოტენციურ მოთამაშეებს, თქვენი „მახათითა“ თუ „სასმისით“ ხელში?

თამაშების აღწერა:

„მახათი“ 87 შავი და 313 თეთრი კარტისგან შედგება. შავ კარტებზე წინადადებები გამოტოვებული სიტყვებითწერია, თეთრები კი, მათ ავსებს. მოთამაშეებს შეუძლიათ, უამრავი კომბინაცია შეადგინონ. თითოეულ რაუნდში ყველაზე სასაცილოს ავტორი იმარჯვებს. კარტები მორგებულია ქართულ იუმორსა და ყოველდღიურობაზე.

„სასმისი“ ითამაშება ალკოჰოლთან ერთად. 4-15 ადამიანში, დალევის დროს. „სასმისი“ თავის თავში მოიცავს 4 განსხვავებულ კატეგორიას: სმალილუია, გაცნობა, ფლირტი და ვინ ვინ არის. თითეული კატეგორია განსხვავებული სპეციფიკისაა და შედგება 50 კარტისგან (ჯამში, 200 განსხვავებული კარტი). კარტები უთითებს მოთამაშეს, შეასრულოს რაიმე მოქმედება ან დალიოს (ზოგ შემთხვევაში, ორივე ერთად).

კატეგორიები:

  1. სმალილუია – ეს კატეგორია მათთვისაა, ვისაც დათრობისა და რთული გამოწვევების არ ეშინია. ამ კატეგორიის თამაშისას მოგიწევთ ალკოჰოლის დიდი დოზით მიღება და საკმაოდ რთული, თუმცა გასართობი დავალებების შესრულება;
  2. გაცნობა – საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაიცნოთ ადამიანები, ვისთან ერთადაც სვამთ. ამ კატეგორიის დავალებები გაცნობითი ხასიათისაა და მოთამაშეებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინონ (დალევასთან ერთად).
  3. ვინ ვინ არის – იდეალურია ახლო წრესა და სამეგობროში სათამაშოდ. ამ კატეგორიაში მოცემულია ადამიანის ტიპაჟები, თქვენ ხმების უმრავლესობით ირჩევთ, ვის მიესადაგება ესა თუ ის ტიპაჟი და იგი სვამს;
  4. ფლირტი – სახელიდან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია! თუ გსურთ, ფლირტისა და ალკოჰოლის სასიამოვნო ნაზავი და სითამამეც არ გაკლიათ – ეს კატეგორია თქვენთვისაა!


ორივე თამაში 18+ ადამიანებზეა მორგებული.

M: თამაშების რეალიზებისთვის რა არხებს იყენებთ? 
ვცდილობთ, ორივე თამაში, რაც შეიძლება მეტ მაღაზიასა და ონლაინ მარკეტში შევიტანოთ. ჯერჯერობით, თამაშები იყიდება: www.vendoo.ge-ზე, mystartup.ge– ზე, მაღაზია „ველვეტში“, წიბახასთან, ონლაინ მაღაზია „მაიმუნობებში“, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ – ბათუმის ფილიალში და რა თქმა უნდა, ჩვენი FB-გვერდის მეშვეობითაც. ამჟამად, საიტის აწყობაზე ვმუშაობთ, რაც  გაყიდვის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.

გვეამაყება, რომ ეს საქმე სრულიად ნულიდან, ჩვენი სახსრებით, შრომითა და წარმოსახვით, ყოველგვარი სესხისა და გარე დახმარების გარეშე, მოვიყვანეთ აქამდე და გაგრძელებასაც ათმაგი ენთუზიაზმით ვაპირებთ.

M: როგორ ხედავთ „მახათის“ როლს მიმდინარე რეალობაში და რა იქნება შემდეგ?
ჟამიანობის პერიოდმა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვიქმნა პრობლემები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახლა, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გართობა, სტრესის მოხსნა და მეტი ღიმილი. შესაბამისად, არ ვაპირებთ მხოლოდ „სასმისსა“ და „მახათზე“  გაჩერებას და მალე კიდევ ბევრ საინტერესო თამაშს შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: თიკა გეგენავა

ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია

„შობას მაცივარი მაჩუქე?“ – ქეითი ძალიან გაბრაზებულია და ამას არც მალავს. სულ ტყუილად!