ადამიანის გონებაში ყოველდღიურად იმდენი ინფორმაცია გროვდება, რომ შეუძლებელია ყველაფრის ზედმიწევნით დამახსოვრება. ზედმეტად ბევრი მეილი, შეტყობინება, უამრავი გასაკეთებელი საქმე… ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, თანამედროვე ცხოვრებას სათანადოდ ავუწყოთ ფეხი და რაც შეიძლება, მეტ ინფორმაცია ავითვისოთ.
„დროთა განმავლობაში დავიწყე იმის გაგება, რომ ეს მხოლოდ ერთ პრობლემას არ ეხება, არამედ კოგნიტიურ ეგზოჩონჩხს — სისტემას, რომლის გამოყენებაც მუშაობის გასაუმჯობესებლად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად შეგვიძლია. თავის დროზე ასე დაიწყო პრობლემის გადაწყვეტა და თანდათან მთელ მეთოდოლოგიად გადაიქცა“, — ამბობს ტიაგო ფორტე, Building A Second Brain-ის ავტორი.
ცხადია, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელსაც ყველაზე მეტი ინფორმაციის დამახსოვრება უწევს. ჩვენი წინაპრები გამუდმებით დიდ ცვლილებებს აწყდებოდნენ და არც საძიებო სისტემა ჰქონდათ „დასაგუგლად“. ამის ნაცვლად, ისინი ჩანაწერების წიგნაკებს იყენებდნენ — საინტერესო ფრაზებისთვის, რეცეპტებისთვის, გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალისთვის, ჩანახატებისთვის და ა. შ. „ის გახდა ცენტრალური საცავი მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის. ასე აკონტროლებდნენ ყველაფერს, რაც ესმოდათ და მათ გარშემო ხდებოდა. ახლა კი ვცდილობ, ეს უძველესი პრაქტიკა გავაციფრულო და თანამედროვე ცხოვრებას მოვარგო“, — განმარტავს ტიაგო.
ფორტეს მეთოდოლოგიის მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს „მეორე ტვინი“ სჭირდებათ — პერსონალური სისტემა ინფორმაციის მენეჯმენტისთვის. ეს დაგეხმარებათ, მნიშვნელოვანი მონაცემები და ფაქტები შეინახოთ როგორც ფიზიკური, ისე ციფრული გარემოდან. ამ ე. წ. მეორე ტვინს ტიაგო C.O.D.E.-ით შიფრავს და ასე განმარტავს: Capture, Organize, Distil და Express.
ჩვენი მეხსიერება, განსაკუთრებით სამუშაო მეხსიერება, კომპიუტერისას ჰგავს — ჩანაწერების გაკეთება კი უმარტივესი გზაა ღირებული ინფორმაციის დასამახსოვრებლად. ხოლო საუკეთესო ჩანაწერების პრინციპი ზემოთ მოცემული შიფრის იდეას იმეორებს: დაფიქსირება, ორგანიზება, გამოხშირვა და გამოხატვა. მაგალითად, არ გჭირდებათ იმის დაზეპირება, რამდენია საფრანგეთის პოპულაცია, რადგან ამას მარტივად დაგუგლავთ. თუმცა შეუძლებელია „ემოციების დაგუგლვა“: „ხშირად ინფორმაციებში სწორედ შეგრძნებებს ვეძებთ. შეგიძლიათ, შეინახოთ ფოტო, რომელიც შთაგაგონებთ, ჩაიწეროთ ფრაზა, რომელიც მიზნებსა და ოცნებებს გახსენებთ. ეს დაგეხმარებათ, მუდამ გახსოვდეთ ის, რაც რეალურად გჭირდება“, — აღნიშნავს ტიაგო.
რეალურად, ინფორმაციის იმ ნაწილის შენახვა, რომელიც მხოლოდ თქვენზე მოქმედებს ერთგვარ მამოტივირებელ მექანიზმად, ძალიან ეფექტურია მუდმივ ფორმაში ყოფნისთვის. მაგალითად, თუ ოდესმე დაგიკარგავთ სამსახური, წარუმატებლობა და იმედგაცრუება გიგრძნიათ, აუცილებლად მიიღებდით შესაბამის გაკვეთილებს თუ ცოდნას. შეგიძლიათ, სწორედ ეს „სიბრძნეები“ ჩაიწეროთ შენიშვნებივით და პერიოდულად გადახედოთ.