in

როდის არის დავიწყება ნორმალური და როდის — არა?

იყო ადამიანი, ნიშნავს, თან გახლდეს მუდმივად რაღაცების დავიწყების „წყევლა“… მაგალითად, სახლიდან გასვლის წინ გვავიწყდება, სად დავდეთ მანქანის გასაღები ან რა ჰქვია ჩვენს მეზობელს, რომელსაც ყოველდღე ვესალმებით. ბუნებრივია, ამას თან სდევს თვითკრიტიკა და იმის თქმა, რომ მახსოვრობის საშინელი პრობლემა გვაქვს.

M2
M2

თუმცა საინტერესოა, როდის არის რაღაცის დავიწყება საშიში და როდის, არა. სტატიაში ამის ოთხ მაგალითს განვიხილავთ.

1. დაგავიწყდათ, სად გააჩერეთ მანქანა

თუ არ გახსოვთ, სად დააპარკინგეთ მანქანა, სრულიად ნორმალურია და არანაირი კავშირი არ აქვს ალცჰაიმერის დაავადებასთან. ამის მიზეზი უბრალოდ უყურადღებობაა.

ხოლო თუ საყიდლებზე წახვედით, საპარკინგე ზონაში გააჩერეთ მანქანა და რამდენიმე საათის განმავლობაში „იშოპინგეთ“, მაგრამ მოულოდნელად გავიწყდებათ, საერთოდ როგორ მოხვდით იქ, ეს უკვე საყურადღებოა.

2. დაგავიწყდათ ადამიანის ან ფილმის სახელი

„ენის წვერზე დარჩენილ სიტყვას“ ბლოკირების ფენომენს უწოდებენ და ის მეხსიერების წარუმატებელი აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა.

თუმცა სიტყვების დამახსოვრების უუნარობა ასევე შეიძლება ალცჰაიმერი დაავადების ადრეული ნიშანი იყოს. დემენციის სიმპტომსა და ბლოკირებას შორის განსხვავება კი ასეთია: თუ ადამიანს დღეში ათობით სიტყვა ავიწყდება და მათი უმეტესობა საერთო არსებით სახელებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა კალამი, კოვზი და წიგნი, ეს ალცჰაიმერის ნიშნებს ჰგავს.

3. დაგავიწყდათ, სად დადეთ გასაღები ან სხვა ნივთები

ნორმალურია იმის დავიწყება, თუ სად დადეთ რაღაც კონკრეტული ნივთი და ეს ძირითადად უყურადღებობითაა განპირობებული.

უბრალოდ, გასაღების დაკარგვა და მისი იქ პოვნა, სადაც არ უნდა იყოს (მაგალითად, მაცივარში ან მიკროტალღურ ღუმელში), არ არის ნორმალური. ამასთან, ისიც საყურადღებოა, თუ ადამიანი ვერ ხვდება, რისთვის გამოიყენება გასაღები ან ვის ეკუთვნის საერთოდ (როცა თავისია). შესაძლოა, ეს ალცჰაიმერის სიმპტომი იყოს.

4. დაგავიწყდათ, როგორ მოამზადოთ ყავა

მსგავსი შემთხვევა დაკავშირებულია კუნთების მეხსიერებასთან, რომელიც დროთა განმავლობაში საოცრად სტაბილურია — სხვა სიტყვებით, ჩვენ გვახსოვს, როგორ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საფუძვლიანად გვაქვს ნასწავლი; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს არის აქტივობა, რომელსაც რეგულარულად ვაკეთებთ.

ასე რომ, თუ მაგალითად, ყავის მომზადების პროცესი ავიწყდება ადამიანს ან ნებისმიერი სხვა ყოველდღიური დავალების შესრულებას ვერ ახერხებს, ეს ალცჰაიმერის საწყისი ნიშანია.

თუმცა, გაითვალისწინეთ, დავიწყება ყოველთვის არ უნდა იყოს დაკავშირებული ალცჰაიმერის დაავადებასთან. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მსუბუქი კოგნიტიური დაქვეითებით (რომელიც სულაც არ პროგრესირებს ალცჰაიმერის დაავადებამდე), B-12 დეფიციტით ან არასაკმარისი ძილის გამო.

მობილური მარკეტინგის 5 ტოპ პროგნოზი 2023 წელს

Samsung-მა 8K გარჩევადობის მქონე პროექტორი წარადგინა!