გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.
25-26 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, საქართველო, პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას „ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“.
ღონისძიება თემაზე „მომავალი მწვანე და ინკლუზიურია“, ვირტუალურ ფორმატში გაიმართება და ისეთი საკითხების განხილვას მიეძღვნება, როგორიცაა: მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.
კონფერენციას გახსნიან გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი სანდა ოჯიამბო, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი. ასევე, ღონისძიების სხვადასხვა ნაწილში წარმოდგენილი იქნებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდეგი ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი და ბელარუსი.
ღონისძიების დღის წესრიგი და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ სპეციალურ ბმულზე.
ღონისძიება იმართება შვედეთის მთავრობის და IFC-ის პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს SECO-სთან პარტნიორობით ხორციელდება.
[R]