შუა სან-ფრანცისკოში, ესტაკადის ქვეშ მოწყობილ მოედანზე, ორი შავკანიანი ბავშვი სთრითბოლს თამაშობს.
– რეკლამას იღებთ? – გვეკითხება ერთ-ერთი ბიჭი აპარატურის დანახვაზე.
– კი.
– ხოდა მე გადამიღეთ, ვარსკვლავი ვარ!
– Warriors-ში თამაშს აპირებ? ზაზა ფაჩულია გაგიგია?
– ზაზა? გამიგია კიარა, ზაზა ჩემი ღმერთია!
და ამ დროს შემოდის მოედანზე ზაზა. წარმოუდგენელია ამ ბავშვის რეაქციის აღწერა, ამხელა გაოცებას, ბედნიერებას და სიხარულს ერთდროულად ხშირად ვერ შეხვდები. ამავე მოედანზე ერთმა 7 წლის ბავშვმა ზაზას ტელეფონი მიაწოდა და სთხოვა ჩემ მშობლებს დაელაპარაკე, თორემ რომ მოვყვები, არ დამიჯერებენ, მართლა რომ შეგხვდიო.
კალიფორნიაში რომ ჩავედით, 3 დღე იყო გასული Golden State Warriors-ის გამარჯვებიდან და ზეიმი ჯერ კიდევ გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ზაზას წარმატება საქართველოშიც ძალიან კარგად იგრძნობა, მაგრამ ამერიკაში ბევრად უფრო მძაფრად გავაცნობიერეთ, რეალურად, რამხელა ამბავია NBA-ის ჩემპიონობა! ზაზა ნამდვილი ვარსკვლავია, ხალხი ცნობს ყველგან, ესალმებიან, უნდათ მისი ავტოგრაფი და მასთან ფოტოს გადაღება. უყვართ. უყვართ იმიტომ, რომ უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, ზაზა შინაგანად უბრალო ადამიანია, რომელსაც არ ენანება თავისი დროის დათმობა გულშემატკივრებისთვის და გულწრფელად უხარია მათი ყურადღება.
რეკლამის ამერიკაში გადაღება HOLMES&WATSON-ისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო და თან ძალიან ექსტრემალური – გვქონდა 6 დღე და ვიყავით 5 ადამიანი – მე (ამ შემთხვევაში სცენარისტი), გიო ქვლივიძე (ამ შემთხვევაში რეჟისორი), გიორგი ლობჟანიძე (ამ შემთხვევაში, პროდიუსერი), ომარ გელაშვილი (ჩვენი საყვარელი ოპერატორი, რომელიცი ლოს-ანჯელესიდან ჩამოვიყვანეთ) და კახა კირთაძე (გალფის მარკეტინგის მენეჯერი). + კამერონ ვუდვარდი, პროდიუსერი, რომელიც სან-ფრანცისკოში შემოგვიერთდა და მგონი დღემდე არ ჯერა, რომ მართლა უდევს პროტფოლიოში სარეკლამო რგოლი ამხელა Celebrity Endorsement-ით.
გალფთან ერთად, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ამ რგოლის შინაარსი უნდა მიძღვნოდა მხოლოდ ზაზას წარმატებას და გზას, რომელმაც აქამდე მოიყვანა. ეს დიდი, გაბედული ბრენდებისთვის დამახასიათებელი სვლაა, როდესაც შეგიძლია პროდუქტი გვერდზე გადადო და შენი საკომუნიკაციო დრო მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენას დაუთმო.
რგოლში ცენტრალური სცენაა ზაზას და მისი გულშემატკივარი ბავშვის შეხვედრა სახურავზე მოწყობილ სთრითბოლის მოედანზე. ეს ლოკაცია Pursuit of Happyness-ის ერთ-ერთმა სცენამ გაგვახსენა, სადაც უილ სმიტის პერსონაჟი შვილს ელაპარაკება და ფონზე მთელი სან-ფრანცისკო მოჩანს. დაქირავების ფასის გასარკვევად დავრეკეთ და რა თქმა უნდა, გვითხრეს ფასი, რომელსაც ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაუმკლავდებოდა, თუმცა როგორც კი მოვუყევით რის გადაღებას ვაპირებდით, მოლაპარაკების პირობები შეიცვალა – 10 მაისურზე ზაზას ავტოგრაფის და მასთან 1 ფოტოს გადაღების სანაცვლოდ, მოედანი 5 საათით დაგვითმეს.
ოკლენდის დაუნთაუნში დგას სასტუმრო მარიოტი, რომლის მეხუთე სართულიდანაც იწყება გოლდენ სტეიტის ოფისი და საწვრთნელი ბაზა. ისე გამოვიდა, რომ ეს სივრცე 6 დღით ჩვენ სამუშაო ბაზად და გადასაღებ ლოკაციად გადავაქციეთ. „Team of Zaza“ პირველივე დღიდან უდიდესი ყურადღებით და მეგობრული განწყობით მიიღო ყველამ, დაწყებული ვორიორსის PR მენეჯერიდან, დამთავრებული გუნდის მოთამაშეებით. იყო მომენტი, როდესაც გვიანი გადაღების დანიშვნა მოგვიწია და მთელი შენობა დაუფიქრებლად „ჩაგვაბარეს“.
კიდევ ძალიან ბევრი ამბის და ემოციის გახსენება შეიძლება, რომელიც ვერც ამ სტატიაში ჩაეტევა და ვერც ამ რგოლში ჩაეტია თავიდან ბოლომდე, მაგრამ მჯერა რომ განწყობა, იმ დღეების სან-ფრანცისკოში მიღებული სრული შთაბეჭდილება და გამოცდილება, როდესაც ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც NBA-ს თასი აწია და პარალელურად საქართველოს დროშა გაშალა, კადრებს მიღმა მაინც აუცილებლად იგრძნობა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/gulfge/videos/1434966593217439/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
ავტორი: ნიკუშა ანთაძე