„მეიქინგ საიენს სვიფტი“ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის კიდევ ერთ მიღებას აცხადებს კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე, რომლის მხარდამჭერიცაა USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“.
აქსელერაციის ანაზღაურებად პროგრამაზე აპლიკაციის მიღება 29 იანვრიდან 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ამას მოჰყვება სამეტაპიანი შერჩევის პროცესი 19 თებერვლიდან 15 აპრილამდე; ხოლო უკვე 1-ელი მაისიდან დაიწყება პროგრამა — სწავლის პარალელურად, მონაწილეები შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებენ.
პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით საბაზისო ცოდნა აქვს. ამასთან, ახალი მიღების ფარგლებში დარეგისტრირება 18 სხვადასხვა მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
აქსელერაციის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას; შრომის ბაზარზე პროგრამის მონაწილეების დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდას.
მსოფლიოს მასშტაბით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდია და გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს ტექნოლოგიური მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს. ბოლო რამდენიმე წელია, ეს ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრად შეინიშნება საქართველოშიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიური პროფესიები მაინც არაა სათანადოდ ათვისებული — შესაბამისად, ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს განიცდის ადგილობრივი ბაზარი.
სწორედ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისკენაა მიმართული „მეიქინგ საიენს სვიფტის“ კარიერული აქსელერაციის პროგრამა, რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. ამ უკანასკნელის ფარგლებში: განახლდა და შეიქმნა 30 სასწავლო პროგრამა (სილაბუსი) პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით; გადაიხედა და განახლდა ყოველთვიური ტესტირების და შეფასების სისტემები; შეიქმნა ინტერნების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პლატფორმა; გადამზადდა 40 მენტორი.
კარიერული აქსელერაციის პროგრამაში ამჟამად ჩართულია 50 ინტერნი, რომელთა 34% ქალია. მომდევნო ნაკადის ფარგლებში, იგეგმება დამატებით 50-ზე მეტი ინტერნის მიღება, რაც საინტერესო გამოცდილებას შექმნის მათთვის — 6 თვის განმავლობაში ინტერნები გადიან ინტენსიურ გადამზადებას, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და იუმჯობესებენ როგორც ტექნიკურ, ისე რბილ უნარებს. მთლიანობაში, იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და 150-ზე მეტი ინტერნი დასაქმდება კომპანიაში.
არ გაუშვათ შანსი ხელიდან, აპლიკაციის შევსებას ამ ვებგვერდიდან შეძლებთ.
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის Facebook გვერდს.
[R]