2025 წლის მაისში, ბაქო რეგიონული კრეატიული ინდუსტრიის ცენტრად გადაიქცევა. ორი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის დედაქალაქი შემოქმედებითი სფეროს ასობით წარმომადგენელს უმასპინძლებს. ფესტივალი “Baku Flames 2025” გახლავთ პლატფორმა, რომელიც პროფესიონალებსა და დამწყებებს ერთმანეთთან აკავშირებს და აერთიანებს. ორი დღის განმავლობაში, ბაქოს სტუმრებს საშუალება გეძლევათ ისწავლოთ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტებისგან, განავითაროთ თქვენი პროფესიული წრე, წარადგინოთ საკუთარი თავი, იდეები და თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოთ.
ფესტივალის ჟიურიში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კრეატიული სექტორის წარმომადგენლები – Saatchi & Saatchi-ს, Playmakers-ის, Holy Motors-ის, GPI Holding-ისა და Leavingstone-ის გამორჩეული პროფესიონალები. მათ შორისაა Saatchi & Saatchi Tbilisi-ის რეგიონული შემოქმედებითი ხელმძღვანელი პარტნიორი მაკო ბერგმანი, რომელთანაც შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაზე, ფესტივალის მნიშვნელობასა და ჟიურის წევრობაზე ვისაუბრეთ.
M: როგორ შეაფასებთ Baku Flames 2025-ს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება რეგიონული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის?
ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს ინდუსტრიის განვითარებას, ქსელური კავშირების გაძლიერებას და საუკეთესო პროექტების აღიარებას, რაც რეგიონში შემოქმედებითი ეკოსისტემის გაძლიერებას მნიშვნელოვნად აჩქარებს. მჯერა, ფესტივალი დაეხმარება რეგიონს მსოფლიო ასპარეზზე გასვლასა და ზოგადად სტანდარტების ამაღლებაში. რაც მეტი მსგავსი ფესტივალი იქნება ადგილობრივად, მით მეტად გაიზრდება ჩვენი ინდუსტრიის ამბიციაც და შესაძლებლობებიც.
M: თქვენი ხედვით, რა პერსპექტივას ქმნის ღონისძიება და კონკურსში მონაწილეობა კრეატორებისთვის?
“Baku Flames” აღიარებულია ერთ-ერთ მთავარ კრეატიულ ღონისძიებად რეგიონში. მასში მონაწილეობა გამოცდილებაცაა და მეტის მიღწევის სურვილის საწყისიც. ეს ორმხრივი, ერთგვარად სიმბიოზური პროცესია – ერთი მხრივ, კრეატორები აგროვებენ გამოცდილებას, უკეთ სწავლობენ რა არის საჭირო საფესტივალო ბრიფების მომზადებისას და შესაბამისად, სამომავლოდ უფრო თავდაჯერებულად შეძლებენ სხვა საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობასაც, მეორე მხრივ კი, კრეატორების აქტიურობა, ჩართულობა და მონაწილეობის სურვილი, აძლიერებს თავად ფესტივალს და მუდმივი განვითარების საშუალებას აძლევს მას.
M: წლევანდელი Baku Flames 2025-ის ჟიურის შემადგენლობაში ხართ – რა მიმართულებით უნდა შეაფასოთ ნამუშევრები, როგორი იქნება შეფასების კრიტერიუმები?
ჩემი ამოცანაა ნამუშევრების შეფასება კრეატიულობის, ესთეტიკისა და ფუნქციურობის კუთხით. ჩემი ფოკუსი იქნება ისეთ ნამუშევრებზე, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად გამოირჩევიან, არამედ გავლენას ახდენენ მომხმარებელზე და ახალი სტანდარტების დასახვას უწყობენ ხელს. საფესტივალო ნაშრომს თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც უბრალოდ „კარგი რეკლამის“ საზღვრებს სცდება. მასში უმნიშვნელოვანესია სიახლე, ე.წ. დიდი იდეა და გავლენა, რომელიც მას იმ გარემოზე აქვს, რომლისთვისაცაა შექმნილი. სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით შევაფასებ წლევანდელ ნამუშევრებს და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო სიახლესაც აღმოვაჩენთ!
M: რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი როლი და როგორია მოლოდინები ფესტივალთან დაკავშირებით?
“Baku Flames 2025”-ის Design Excellence ჟიურის წევრობა ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას (თან საკმაოდ დიდს) გამოვავლინო საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეულია, არამედ გავლენას ახდენს ინდუსტრიაზე. კარგად ვიცი, თუ რამდენი შრომაა ჩადებული თითოეულ საფესტივალო ნაშრომში, ამიტომ, მათი მაქსიმალურად ობიექტურად შეფასება და ამ შრომის სათანადოდ დაფასება ჩემთვის დიდ შინაგან პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.
ფესტივალისგან ველოდები მაღალ შემოქმედებით კონკურენციას, გაბედულ იდეებს და დიზაინის ახალ სტანდარტებს, რომლებიც რეგიონულ ბაზარს განავითარებს და გლობალურ ასპარეზზე გასვლის პოტენციალსაც შექმნის. ეს პლატფორმა უნიკალური შესაძლებლობაა ნიჭიერი პროფესიონალების აღიარებისა და შთაგონებისთვის – რაც უფრო მაღლა აიწევა თამასა წელს, მით უკეთესი ნაშრომები გვექნება შემდეგ წლებშიც – სფეროს ბუნებაა ასეთი. შემოქმედებით ხალხში მეგობრული კონკურენცია საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ ყოველი კარგი იდეა, შემდგომში კიდევ უფრო უკეთესი იდეების საწყისი ხდება ხოლმე. იმედი მაქვს, ასე იქნება წელსაც!
დამატებითი დეტალებისთვის, ბილეთების შეძენის, პროექტის წარდგენისა და პარტნიორობის შესაძლებლობებისთვის, ეწვიეთ www.bakuflames.az ან დაუკავშირდით: [email protected] www.bakuflames.az/contact