in

„მალამო“ – ქართული ჯინის გულზე მოსაფენი ამბავი

Startauperi
Startauperi

ვფიქრობთ, ეს ამბავი გულზე მალამოდ მოგეფინებათ. ღვინის სამშობლოში ახალი სასმელი დაიბადა – ქართული ჯინი. ვინ იცის, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს, ამ სასმლითაც გავითქვათ სახელი. არადა, სამმა მეგობარმა ყველაფერი ნახევრად ხუმრობით დაიწყო. ხანგრძლივი ექსპერიმენტის აზარტში შესულებმა ქართულ ჯინი შექმნეს და სახელად „მალამო“ დაარქვეს. ბექა გუჯეჯიანმა, კოტე გუნიამ და გიორგი კორსანტიამ ერთობლივი საქმიანობა სულ სხვა პროექტით დაიწყეს, მაგრამ ჯინმა განსხვავებული გზით წაიყვანა. ჯინთან მანამდე არასოდეს ჰქონიათ პროფესიული შეხება, თუმცა დიდი სიყვარული აკავშირებდათ. პარალელურად, ბექა და კოტე არქიტექტორულ სახელოსნოს უძღვებიან, გიორგი – „ვაზისუბნის მამულის“ სტუმარმასპინძლობას ხელმძღვანელობს. მოდით, ერთად გავიგოთ, როგორ ამოუშვეს ჯინის ბოთლიდან ჯინი, „მალამოს“ დამფუძნებლებმა.

M: „მალამომდე“ საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეთ – ეს პროცესი როგორი იყო? რას ეძებდით?

თავდაპირველად, როდესაც ამ თემაზე სერიოზულად ფიქრი დავიწყეთ, უფრო მეტად კონცეფციაზე, დიზაინსა და შეფუთვაზე ვფიქრობდით. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი გვქონდა, ჯინის გარდა. დიდხანს ვეძებეთ ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა ექნებოდათ, რათა რეცეპტი მათთან ერთად შეგვექმნა, თუმცა უშედეგოდ. ამ სასოწარკვეთაში მყოფებმა შევიძინეთ პატარა სახლის სახდელი. უამრავი კვლევა ჩავატარეთ, არაერთი ონლაინ კურსი გავიარეთ დისტილაციაზე. იმედი გვქონდა, რომ ჩვენით შევძლებდით რეცეპტის შექმნას. ბევრი ვერსია ვცადეთ, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. საბოლოოდ მივედით აზრამდე, სხვა გამოსავალი მოგვეძებნა.

M: როგორ მიხვდით, რომ ექსპერიმენტი რაღაც შედეგამდე მივიდა და ის უკვე პროდუქტად უნდა გექციათ?

ჯინის ტექნოლოგების ძებნა საქართველოს ფარგლებს გარეთ დავიწყეთ და მათ კიევში მივაგენით. იმ დროს, უკრაინაში ომი უკვე დაწყებული იყო. ამის გამო, ბუნებრივია, უამრავ სირთულეს გადავაწყდით, მაგრამ ერთობლივი მუშაობის შედეგად, რეცეპტის რამდენიმე ვარიანტზე შევჯერდით. ამ ეტაპს უკვე ექსპერიმენტს ვერ დავარქმევდით, რადგან საქმე ნამდვილ პროფესიონალებთან გვქონდა. როდესაც უკრაინიდან ჩამოტანილი ნიმუშები გავსინჯეთ, შედეგის წარმატებაში დავრწმუნდით.

M: როგორია „მალამო“ – როგორი ხასიათი აქვს და ვისთვისაა განკუთვნილი?

„მალამო“ საოცრად კომპლექსური და ამავდროულად, დაბალანსებული არომატების ზეიმია. შესაბამისად, არა ერთი, არამედ მრავალი ხასიათი აქვს. ბოლო დროს, ქართველ მომხმარებლებში ჯინის ცნობადობა აშკარად იზრდება და ჩვენი აზრით, საუკეთესო დროა ადგილობრივი ჯინის გასაჩენად. სწორედ ამ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი „მალამო“ – ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ნელ-ნელა ჯინთან ურთიერთობის საკუთარ კულტურას აყალიბებენ და იმედი გვაქვს, ეს კულტურა „მალამოს“ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიყვანს.

M: ღვინის სამშობლოში ქართული ჯინის დაბადება, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ბრენდებს უკვე უჭირავთ გარკვეული პოზიცია, ამ ბიზნესში რა პერსპექტივას გკარნახობთ?

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯინი ჩვენი საყვარელი სასმელია, მისი უკიდეგანო მრავალფეროვნებაა – არცერთი ჯინი ერთმანეთს არ ჰგავს. ყველას თავისი უნიკალური გემოვნური პროფილი გააჩნია, რაზეც ბევრი ფაქტორი მოქმედებს – მცენარეების წარმომავლობა, სპირტი, წყალი და ა.შ. გვჯერა, რომ ქართულ ჯინსაც შეუძლია დაიკავოს ღირსეული ადგილი არა მარტო საერთაშორისო ბრენდებს, არამედ საქართველოში წარმოებულ სხვა სასმელებს შორისაც.

M:  „მალამო“ – რას უკავშირდება ეს სახელწოდება?

ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბრენდის კონცეფცია ლოკალურობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. მეორე მხრივ, გვინდოდა ყველაფერი სამედიცინო ესთეტიკაზე აგვეწყო, რადგან ჯინის წარმომავლობა სწორედ სამკურნალო სითხიდან იწყება – შესაბამისად, „მალამო“ იდეალური სიტყვა აღმოჩნდა, როგორც იდეურად, ისე ჟღერადობითაც. აქედან გამომდინარე, ავარჩიეთ ბოთლიც, რომელიც სამედიცინო ხსნარებისთვის არის განკუთვნილი.

ყველა პროდუქტისთვის, და მითუმეტეს სასმლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ იდენტობას, რომელიც პირველ განწყობას აყალიბებს. „მალამოს“ ბოთლზე, ისევ კონცეფციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მედეას, ბერძნულ მითოლოგიაში მედიცინისა და გრძნეულების სიმბოლო კოლხი ქალის, გამოსახულება ყოფილიყო. ეს შეგრძნება ვიზუალურ მხარეშიც რომ გვეთარგმნა, Მთლიანი დიზაინის ენა ძველ ეზოთერულ ნახატებად წარმოვიდგინეთ და მივხვდით, რომ ილუსტრაციაზე საუკეთესო კოლაბორაცია ქართველ არტისტთან, ანკა ბოჭორიშვილთან გამოვიდოდა. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

M: რასთან გინდათ, რომ იყოს „მალამო“ მომხმარებლისთვის ასოცირებული?

წარდგენის დღიდან, ძალიან ბევრჯერ მივიღეთ კომენტარი, რომ არავინ მოელოდა ქართული ბრენდისგან არც ასეთ შეფუთვას და არც ასეთ ჯინს. ჩვენი აზრით, ეს არის საუკეთესო, რასთანაც შეიძლება ვიყოთ ასოცირებული – ხარისხთან.

M: ახლა, რა გაძლევთ ამ საქმის კეთების მოტივაციას და როგორ გეგმავთ ბრენდის განვითარებას?

პირველ რიგში, პოზიტიური გამოხმაურება, შემდეგ კი სურვილი, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ არსებული პროდუქტი და ასევე გავაგრძელოთ ექსპერიმენტირება სხვა სტილის ჯინებზე, რომლებიც დამატებით, შეზღუდულ გამოშვებებად გაკეთდება. ამ ყველაფრის მისაღწევად კი უმთავრესი მიზანი საკუთარი დისტილერიის მოწყობაა, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებული გვაქვს. საბოლოო გეგმა კი, რა თქმა უნდა, უცხოურ ბაზარზე გასვლაა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რატომ უნდა დაუახლოვდნენ ხელმძღვანელები პირველი ხაზის თანამშრომლებს?

ლიბერთი და ევექსი თანამშრომლობას აგრძელებენ