მშენებლობა კომპლექსური პროცესია. სწორ დაპროექტებასთან, პროფესიონალ გუნდთან და უსაფრთხოებასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თავად სამშენებლო მასალების ხარისხს. სამშენებლო მასალების ტესტირების, მათი უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის უზრუნველყოფით თუ შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზით მაქსიმალურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სამშენებლო პროცესის წარმართვაა შესაძლებელი. მალხაზ თურმანიძე „ალიანს ჯგუფის“ უფროსი ლაბორანტია. მისი მთავარი მისია სამშენებლო პროცესისთვის ბეტონისა და სხვა მასალების ხარისხის უზრუნველყოფაა. „ალიანს ჯგუფს“ 2019 წლიდან შემოუერთდა და ისეთ მასშტაბურ სამშენებლო პროცესებში მონაწილეობს, რომელიც რეგიონული სამშენებლო-დეველოპერული ბაზრის განვითარებისთვის გარდამტეხია:
„გამომდინარე იქიდან, რომ „ალიანსი“ თითოეული მულტიფუნქციური პროექტით რეგიონში თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებს ნერგავს, ჩვენთვის საველე ლაბორატორიის შექმნა არამხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლდათ.“
სამშენებლო სფერო ბავშვობიდან აინტერესებდა. ეს პროცესი მისთვის იმ დროიდანვე მასშტაბური და მნიშვნელოვანი იყო. სურდა, სამომავლოდ, ისეთი პროექტების შენებაში მიეღო მონაწილეობა, რომელიც დროს გაუძლებდა და უამრავ ადამიანისთვის დატოვებდა განსაკუთრებულ კვალს.
„ხასიათისა და ინტერესის სფეროებიდან გამომდინარე, არასდროს მიჭირდა გამოწვევებთან გამკლავება და გარდამტეხ ცვლილებებთან შეგუება, რადგანაც ამისკენ მუდმივად თავადვე ვისწრაფვი. შესაბამისად, როცა პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი მომენტი დადგა, ყოყმანის გარეშე, სწორედ სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის განხრა ავირჩიე.“
M: რას მოიცავს ბეტონის ხარისხის კონტროლი და რატომაა ის მნიშვნელოვანი?
„ალიანსის“ ყველა პროექტში, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ალიანს ცენტროპოლისის“ სამშენებლო პროცესებში დანერგილი და გათვალისწინებული უმაღლესი სამშენებლო სტანდარტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბეტონის ხარისხის კონტროლს.
ვფიქრობ, ყველა მცოდნე და პროფესიონალმა მშენებელმა კარგად იცის, რაოდენ საკვანძო ელემენტთან აქვს საქმე, როცა ბეტონზეა საუბარი. შესაბამისად, ამ ყოველივეს ხარისხის კონტროლიც კომპლექსური პროცესია და შედგება რამდენიმე ჯაჭვური ეტაპისგან, რაც საბოლოო ჯამში, გვაძლევს იმ მასალას, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი სახის ზიანს, ხარვეზსა თუ სხვა სახის წინაღობას პროექტის განხორციელებისას.
თავდაპირველად, სამშენებლო ობიექტზე ბეტონის მიღებისას სრულად მოწმდება და განისაზღვრება მისი პლასტიურობის კოეფიციენტი და ვარგისიანობა.
ამის შემდგომ, ხდება ბეტონის კუბიკების დამზადება სამომავლო ლაბორატორიული ტესტირებებისთვის, მასალა კი, თავსდება სპეციალურად დამზადებულ ავზებში, სადაც წყლის სტაბილური ტემპერატურითა და ტენიანობით, ბეტონი სიმტკიცის უმაღლეს კლასს აღწევს.
სიმტკიცის გამოცდა მიმდინარეობს ე.წ მარკაზე, სამ, შვიდ და ოცდარვა დღის განმავლობაში. სწორედ ამ დაკვირვებების, კვლევებისა და შეფასების საფუძველზე ხდება მასალის ხარისხიანობის მკაცრი კონტროლი.
M: რომელი სტანდარტის მიხედვით ხელმძღვანელობთ ბეტონისა და სხვადასხვა საამშენებლო მასალის შემოწმებისას?
„ალიანს ჯგუფის“ ლაბორატორიული სერვისები სრულად შეესაბამება ტესტირებისა და სხვა სახის ტექნიკური პროცესებისას გასათვალისწინებელ, ყველა საერთაშორისო რეგლამენტით დაწესებულ სამშენებლო სტანდარტს.
ლაბორატორია მოიცავს ისეთ ნოვატორულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ბეტონის სიმტკიცის დასადგენი აპარატი, რომელიც სიმტკიცის უწყვეტ მონიტორინგს აწარმოებს, ასევე, ნახევრადავტომატიზირებული და მექანიკური ტიპის ჩაქუჩები, რომლის საშუალებითაც ხდება ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ პროექციაში ბეტონის მარკიანობის გაზომვა და ბოლოს, ბეტონის მონიტორინგის სისტემა Concremote, რომელიც მთლიანად ავტომატიზებულია და ხელოვნური ინტელექტის, AI ხარისხის კონტროლს წარმოადგენს.
„ალიანს ჯგუფი“ არის პირველი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელმაც ეს სისტემა დანერგა არამარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაშიც.
ამ სისტემის პირველად გამოყენება, სწორედ რეგიონში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კომპლექსის „ალიანს ფრივილიჯის“ მშენებლობის დროს მოხდა და „ალიანსის“ ყველა პროექტზე გრძელდება.
M: რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ამ პროცესში, ყველაზე ხშირად და როგორ უნდა აირიდონ კომპანიებმა ეს შეცდომები?
სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც შემდგომ ეტაპებზე უკვე მშენებლობის ხარისხში იჩენს თავს, სამშენებლო პროცესების მხოლოდ ადამიანურ რესურსებზე დაყრდნობაა. თანამედროვე ტიპის სამშენებლო პროცესების დიდი წილი მოითხოვს საკმაოდ მაღალ ტემპს, რომელიც შესაბამისი ხარისხის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს.
სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე უამრავი ახალი ინოვაცია თუ ტენდენცია დამკვიდრდა, რის დანერგვაც უდიდეს გამოცდილებასთან, პროფესიონალ გუნდთან და მათ შორის, ფინანსურად წარმატებულ ბრენდთანაა დაკავშირებული. ეს მნიშვნელოვანი სიახლეები სწორედ ისეთი მასშტაბური კომპანიის ხარისხიან პროდუქტში ისახება, როგორიც „ალიანსია“.
როგორც ვახსენე, გამოკვეთილი პრობლემის მოგავრებას ახალი ტექნოლოგიების, ნოვატორული სისტემების დანერგვაში ვხედავ, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზები და იმავდროულად, ნაკლებია სხვა ტიპის ლოჯისტიკური პრობლემებიც. ამის ნათელი მაგალითია „ალიანს ჯგუფის“ მიერ დანერგილი Concremote, რომელიც დროისა და ენერგიის დაზოგვით, თუმცა იმავდროულად მათემატიკური სიზუსტით აწარმოებს პროცესების ზედმიწევნით კონტროლს, მონიტორინგს და უზრუნველყოფს სასურველი შედეგების მიღებას, რომელიც შემდგომ, პროექტის სიმტკიცესა და ხარისხში აისახება.