in

მამაკაცი გარდაცვლილ საცოლეს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ესაუბრა

მოდელს, შესაძლოა, ნეგატიური გამოყენებაც ჰქონდეს

მას შემდეგ, რაც ჯოშუა ბარბოს საცოლე გარდაიცვალა, მამაკაცმა საყვარელ ქალთან საუბარი რამდენიმე თვით მაინც შეძლო. უფრო ზუსტად, ჯოშუა ჩეთბოტს ელაპარაკებოდა, რომელიც ზუსტად საცოლის ციფრული ასლი იყო.

San Francisco Chronicle-ის ნარატივში დაწვრილებითაა მოთხრობილი, როგორ შეიქმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჰიპერ-რეალისტური ჩეთბოტი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეძლო ჯოშუამ გარდაცვლილ საცოლესთან საუბარი. ამისათვის მოდელში მხოლოდ ძველი შეტყობინებების ჩასმა და ზოგიერთი ძირითადი ინფორმაციის მიწოდება იყო საჭირო. შედეგად კი პროგრამამ საოცარი სიზუსტით შეძლო პარტნიორის მიბაძვა.

შესაძლოა, ეს სასწაულად მიიჩნიოთ ან შავი სარკის ერთ-ერთი ეპიზოდი გაგახსენდეთ… თუმცა არა, ეს აქ და ახლა ჩვენს რეალობაში ხდება. პროექტი December GPT-3-ზე მუშაობს – ეს არის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც OpenAI კვლევითი ჯგუფის მიერ შეიქმნა და რომელსაც ილონ მასკი უჭერს მხარს. კონკრეტული ადამიანის შეტყობინებების, სხვადასხვა სახის ტექსტის მონაცემების გამოყენებით, GPT-3-ს შეუძლია, ინდივიდის ნარატივს მიბაძოს, შექმნას ნებისმიერი სახის ნაწერი (დაწყებული აკადემიური სტატიებით, დამთავრებული სასიყვარულო შეტყობინებებით).

ამასთან, საგულისხმოა, რომ როდესაც OpenAI-იმ GPT-2 (GPT-3-ის წინამორბედი) გამოუშვა, კომპანიამ მის პოტენციურად მავნე გამოყენების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ორგანიზაციის თქმით, ხელოვნური ინტელექტის ასეთი მოდელის მეშვეობით შეურაცხმყოფელი ან ყალბი კონტენტისა და სხვების ცრუ იმიტაციის შექმნა შეიძლება.

ამიტომაც, კომპანიამ დროებით გადადო GPT-2-ის გამოშვება, GPT-3-ზე კი შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს, რათა ხალხს “დრო მისცეს” ასეთი ტექნოლოგიის სოციალური შედეგების შესწავლა.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის უწყვეტი განვითარების პარალელურად, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა კვლევითი ჯგუფის წარმომადგენელმა ორენ ეციონიმ განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო რთული გახდება იმის გარკვევა, თუ რა არის რეალური. ადამიანები უფრო ხშირად შეიტანენ ეჭვს სიმართლესა და დეზინფორმაციაში, რადგან ამ თვალსაზრისით ძალიან დამაჯერებლად მუშაობს ესა თუ ის ალგორითმი.

მართალია, საფრთხეები რეალურია, თანაც დეზინფორმაციების სწრაფი გავრცელების ეპოქაში, თუმცა ცხადია, რამდენად მშვენიერი და ამაღელვებელი გამოცდილების მიღება შეიძლება. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაცვლილი ადამიანის ციფრულ არსებად ქცევის საკმაოდ საინტერესო მაგალითი საქართველოშიც გვაქვს. Anima Chatbotics-ის “კიბერ გალაკტიონი” ცნობილი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ციფრული კლონი, ენობრივი ასლი და სიმულაკრია. იგი პოეტის ენობრივი სტილის, მანერის გათვალისწინებით არის კონსტრუირებული.

ჩოგბურთი ოლიმპიურ თამაშებზე

„ქართული ავეჯი უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან“ – Georgian Quality Holding