in

თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ მონაწილეების მიღებას იწყებს

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ მსურველების მორიგი ნაკადის მიღებას იწყებს.

თბილისში „მამების სკოლის“ პარტნიორები არიან „გაგუას კლინიკაა“ და „ჟორდანიას კლინიკა“. ხოლო, ქუთაისში, სკოლის პარტნიორია „ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა“. შეხვედრებიც სწორედ ამ კლინიკებში ჩატარდება.

თითოეულ ქალაქში „მამების სკოლას“ 20 ვაკანტური ადგილი აქვს და სწავლა უფასოა. სკოლა რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, სკოლის მონაწილე მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:

● როგორ შევარჩიოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;

● როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;

● როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;

● როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;

● როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;

● როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;

● რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, სკოლის ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. ამგვარად, სკოლის მონაწილე მამებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

სკოლაში დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე.

„მამების სკოლა“ 2021 წელს გაიხსნა თბილისსა და ქუთაისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო

მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლის“ პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა.

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული — ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

„მამების სკოლა“ ტარდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ მიერ, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

[R]

TikTok ფოტოების გაზიარების პლატფორმას უშვებს!

The First Ahhh! — ანუ ლუდის პირველი ყლუპი…