მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ.
მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, უვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.
ქვემო ქართლში, ქალაქ ბოლნისიდან 6 კილომეტრის დაშორებით, ხატისსოფლის გორასთან მოსიაშვილების კარმიდამო გელით. ოჯახურ მარნამდე ავტომობილით მისასვლელად თბილისიდან საათ-ნახევარი დაგჭირდებათ. გზად შეგიძლიათ დატკბეთ ქვემო ქართლის ულამაზესი ლანდშაფტით. რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარების პროცესშია და მოგზაურებს შესაძლებლობა გეძლევათ, რომ ბევრისთვის ნაკლებად ცნობილი ავთენტური მხარე შეიმეცნოთ.
მეღვინეობას თამარ მოსიაშვილი დებთან, თინათინთან და ქეთევანთან და დედასთან – ციალასთან ერთად უძღვება. მევენახეობა-მეღვინეობის სიყვარული ერგოთ მამისგან, რომელმაც წინაპრების სახლიდან წამოღებული ქვებით ააშენა მარანი და ვაზის სიყვარული შვილებსაც ასწავლა. სწორედ მის საპატივცემულოდ ჰქვია ამ მარანს „მამისეული“.

„მამისეულში“ მისვლისთანავე იგრძნობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ტურისტული ადგილი. გრძელ ხეივანს მიჰყავხართ ძველებურ სახლამდე, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია მარანი. დეგუსტაცია, ღია სივრცეში, ტერასის ქვეშ მიმდინარეობს. აქ მასპინძლები კი საკუთარი ოჯახის წევრივით გხვდებიან. საუბრები ღვინის კულტურასა და ისტორიაზე საათობით გრძელდება და დროც სასიამოვნოდ გადის.
ყურძნის დაწურვასა და დავარგებაში მთელი ოჯახია ჩართული. მარანი წელიწადში 3000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. თბილისში არსებული მაღაზიების გარდა, ღვინის შეძენა ადგილზე მისულებსაც შეგიძლიათ. „მამისეულის“ ვენახებში ადგილობრივ ჯიშის ღვინოებს, ბოლნისის რქაწითელსა და თავკვერს გასინჯავთ. გარდა იმისა, რომ თამარი და მისი ოჯახი თავად ავარგებს ქვევრის ღვინოს, ისინი დიდი ინტერესით ეკიდებიან მათთვის ახალი ჯიშების აღმოჩენასა და კულტივირებას.

„მამისეულში“ სტუმრობისას გელით ავთენტური სამზარეულოც. დეგუსტაცია ან სადილი წინასწარი ჯავშნით შეგიძლიათ დაგეგმოთ. ოჯახი ცდილობს გაგაცნოთ არა მხოლოდ ტრადიციული ქართული კერძები, არამედ ბოლნისისთვის დამახასიათებელი კულინარიული ჩვეულებებიც – გერმანულად შებოლილი ლორი კარტოფილით, მაწვნის წვნიანი, ისპანახის კერძი და ა.შ. ამ მრავალფეროვნებაშია ასახული თავად რეგიონის ისტორიაც, რომელიც გერმანელ მაცხოვრებელთა შემორჩენილ მემკვიდრეობასა და ადგილობრივ აზერბაიჯანულ კულტურას უკავშირდება. მოსიაშვილების ოჯახი ვიზიტორებს ხინკლის მასტერკლასებსაც სთავაზობს.

ხატისსოფლის მიდამოები მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში „მამისეულის“ მასპინძლები დაგეხმარებიან და გიამბობენ ამ ადგილების ისტორიას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ერის იდენტობასთან. მარანთან ახლოს მდებარეობს ბოლნისის სიონი, სადაც აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველაზე ძველი ქართული წარწერა. XIII საუკუნით დათარიღებული წუღრუღაშენი თავისი უნიკალური ჩუქურთმებით გაგაოცებთ. აქვე ნახავთ VI საუკუნის ეკლესიებსა და ძველ ციხესიმაგრეებს, სოფლის ტერიტორიაზეც რამდენიმე ტაძარია: წმ. გიორგის სახელობის ტაძარს, რომელიც ფიროსმანის ერთ-ერთი ცნობილი ნახატის შთაგონებად იქცა, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფლის ცენტრშია და მასზე საინტერესო წარწერებია შემორჩენილი.

ხატისსოფლის კარმიდამოს გარდა, თამარი მეუღლესთან ერთად მუშაობს ახალ პროექტზეც – ქალაქ ბოლნისში ძველი გერმანული სახლის აღდგენაზე, რომელიც ასახავს ქალაქისთვის დამახასიათებელ გერმანულ არქიტექტურულ სტილს. ახალგაზრდა ოჯახი გეგმავს, რომ ეს ადგილი ვიზიტორებისთვის საინტერესო ღირსშესანიშნაობად აქციოს.











