6
ივლ
2018

როგორ ვუხელმძღვანელოთ თანამშრომელს, რომელსაც კრიზისული პერიოდი აქვს?

6 ივლ 2018

ყველას გვაქვს ცხოვრებაში სიტუაციები, რის გამოც საქმეს სათანადო ყურადღება შეიძლება ვერ მივაქციოთ – ოჯახის წევრის ავადმყოფობა, განქორწინება, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება. ასეთ პერიოდებში ძნელია ადამიანისგან საქმის მაღალ დონეზე შესრულებას ელოდო. თუმცა, რა უნდა მოიმოქმედო, როგორც მენეჯერმა? როგორ შეიძლება გაამხნევო ან ხელი შეუწყო ემოციურად, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარო?

statiebi-bog
statiebi-bog

რას ამბობენ ექსპერტები

ლინდა ჰილი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი: “ისეთი თანამშრომლის ხელმძღვანელობა, რომელსაც სტრესული პერიოდი აქვს, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რასაც მენეჯერები აწყდებიან.”
“უმეტესობა ჩვენგანი ცდილობს, პირადი და სამსახური ერთმანეთისგან გამიჯნოს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც პირადული და პროფესიული საკითხები თანაიკვეთება და ამ გარემოების მართვა განსაზღვრავს, რამდენად კარგი ხელმძღვანელი ხართ. უნდა იყოთ ფრთხილი და ემპათიური, ამავდროულად პროფესიონალური და შეინარჩუნოთ გუნდის პროდუქტიულობა”, – ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ენი მაკი.

იყავით მისაწვდომი

“თანამშრომლებს ხშირად ეუხერხულებათ ხელმძღვანელთან საუკუთარ პრობლემაზე ან სტრესულ მდგომარეობაზე საუბარი. შეიძლება ძალიან გადატვირთული არიან ემოციურად, რის გამოც აგვიანებენ სამუშაოს ვადებში შესრულებას. ხშირად, მენეჯერის უმთავრესი გამოწვევაა, მიხვდეს, რომ თანამშრომელს რთული პერიოდი აქვს. გამოყავი დრო თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად, რომ პრობლემის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზევე შეძლო. თუ ოფისში ემპათიურ განწყობას ინარჩუნებ, თანამშრომლები მეტად გაიხსნებიან და ადვილად გადალახავენ რთულ პერიოდს.

არ გადაამლაშოთ

თანაუგრძნე გუნდის წევრს, მაგრამ არ დაიწყო თანამშრომლებში ამბის გამოკითხვა. შესაძლოა, მან მხოლოდ შენ გითხრას პრობლემის შესახებ, რაკი ხელმძღვანელი ხარ. კარგ მენეჯერს აქვს უნარი, გააცნობიეროს თანამშრომლების პრობლემები და საჭიროებები და შესაბამისად იმოქმედოს.

ჯერ მოუსმინეთ, შემდეგ შესთავაზეთ

პირველ რიგში, გაერკვიე, რა პრობლემა აქვს თანამშრომელს და მხოლოდ შემდეგ მიეცი რჩევები. მაგალითად, ურჩიე ცოტა ხნით სადმე დასვენება. ეცადე, ხშირად ახსენო ნაცვალსახელი “ჩვენ”. შესაძლოა გამოსავალი თავად მან მოგაწოდოს, მაგალითად, იმუშაოს ნაკლები დატვირთვით, გადააბაროს პროექტი (დროებით) სხვას და ა.შ.

იცოდე, რისი შეთავაზება შეგიძლია

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც უთანაგრძნობ ადამიანს, თუმცა სანამ რაიმეს დაპირდები, გააცნობიერე, რამდენად გაქვს ამის ფუფუნება, რადგან ორგანიზაცია, რომლის ნაწილიც ხართ ორივე, შეიძლება ასეთ რამეს არ ითვალისწინებდეს. შეიძლება იყოს შეზღუდვა შვებულებაზე, ბიუროკრატიული სირთულეები, ასე რომ, გაარკვიე ასეთი დეტალები, სანამ ვინმეს რამეს დაპირდებოდე.

რეგულარულად შეამოწმე, როგორ არის და როგორ უმკლავდება საქმეს

ხშირად მოიკითხე, როგორ არის, რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რამე ხომ არ სჭირდება, ეცადე, ეს იყოს ყურადღების გამოხატულება. უთხარი, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მოვიდეს და გესაუბროს.

გადახედე სამუშაო დატვირთვას

დააკვირდი, როგორ მოქმედებს თანამშრომლის ასეთი მდგომარეობა კლიენტებზე ან გუნდის წევრებზე. საჭიროების შემთხვევაში, რისკის შესამცირებლად, შეამცირე თანამშრომლის დატვირთვა. თუ საჭიროა, მცირე დროით, სხვას გადააბარე მისი პროექტი. ასევე, ეცადე, განსაზღვროთ, დაახლოებით, რამდენ ხანს გასტანს მისი სიტუაცია და შესაბამისი თარიღები შეარჩიეთ ერთობლივი კონსულტაციისთვის. ამასთან, დაუსახეთ რეალისტური ამოცანები.

იყავი თანმიმდევრული და ღია

გახსოვდეს, რომ სხვა თანამშრომლები მიაქცევენ ყურადღებას, როგორ ექცევი მათ კოლეგას და ჩათვლიან, რომ მათ შემთხვევაშიც ასეთივე მზრუნველი იქნები. თუ გსურს, რომ პროდუქტიულობა მაღალი ჰქონდეთ თანამშრომლებს, მათი ნდობა უნდა მოიპოვო. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ ლოიალური და სამართლიანი ხარ.

დაიმახსოვრე:

ოფისში დაამკვიდრე ემპათიური ტონი. ეს გაზრდის თანამშრომლების რწმენას შენ მომართ.
იყავი შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღებისას. მოქნილი გრაფიკი დაეხმარება ადამიანს, მოიტანოს კარგი შედეგები განსაკუთრებული ხარვეზების გარეშე.
დროდადრო, თვალი ადევნე, ხომ არ ესაჭიროება თანამშრომელს მიმართულების მიცემა.

არავითარ შემთხვევაში:

არ იყო თერაპევტი, მენეჯერის ნაცვლად. შენ გულიანი ადამიანი ხარ, მაგრამ არ ჩაიძირო თანამშრომლის პრობლემებში.
არ დაპირდე იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლია. შეისწავლე კომპანიის პოლიტიკა, სანამ თავისუფალ დროს ან მუშაობის ალტერნატიულ მეთოდს შესთავაზებ.
არ მიუდგე სხვადასხვანაირად ერთნაირ სიტუაციებს, თანამშრომლები ამას შეამჩნევენ და არ მოეწონებათ.



განხილვა