in

მართე ენერგია და არა – დრო!

სტივ ვანერი 37 წლის პარტნიორია Ernst & Young– ში, რომელიც დაქორწინებულია და ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ერთი წლის წინ, ის 12–14 საათის განმავლობაში მუშაობდა, მუდმივად დაღლილი იყო და უჭირდა ოჯახთან საღამოობით იმდენი დრო გაეტარებინა, რამდენსაც ისურვებდა, რის გამოც თავს დამნაშავედ და უკმაყოფილოდ გრძნობდა. ცუდად ეძინა, ვარჯიშის დრო არ რჩებოდა და იშვიათად მიირთმევდა ჯანსაღ კერძებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ვანერის გამოცდილება არ არის იშვიათი და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავადვე ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ზარალი მოაქვს ჩვენს ასეთ ქცევას, ძალიან გვიჭირს ხოლმე ასეთი ყოველდღიურობიდან თავის დაღწევა.

ადამიანის ენერგია ოთხი ძირითადი წყაროდან მოდის: სხეული, ემოციები, გონება და სული. თითოეულში ენერგია შეიძლება სისტემატურად გაფართოვდეს და სპეციფიკური რიტუალების დამყარებით რეგულარულად განახლდეს – ქცევა, რომელიც წინასწარ დაგეგმილია და რომლის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად ავტომატიზდეს.

გაგიკვირდებათ და სწორედ რიტუალებმა და ქცევებმა შეცვალა ვანერის ცხოვრება. მას შემდეგ, რაც დაძინება უფრო ადრე გადაწყვიტა და ალკოჰოლის მიღებას თავი დაანება, უძილობაც დაძლია. შედეგად, დასვენებული იღვიძებდა და მოტივაცია და ენერგია ვარჯიშისთვისაც ჰქონდა. ორ თვეზე ნაკლებ დროში მან 15 ფუნტი დაიკლო. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დროს ოჯახთან ერთადაც ატარებდა. საინტერესოა ერთი რამ, ვანერი კვლავ ბევრს მუშაობდა – მთელი საათების განმავლობაში, თუმცა ის სწორად ანაწილებდა საკუთარ ენერგიას და მის განახლებაზეც ზრუნავდა.  სამუშაო მაგიდას ლანჩისთვის ტოვებდა, როგორც წესი, დილასა და შუადღეს გარეთ სასეირნოდ გადიოდა. სახლში მისული კი – ცოლ-შვილის მოსიყვარულებასაც ასწრებდა.

მსგავსი, ერთი შეხედვით, მარტივი რიტუალების დაწესება, შესაძლოა, ძალიან გამოგადგეთ იმისთვის, რომ თქვენი რესურსები სწორად გაანაწილოთ და შედეგად, თავს საკმარისადაც გრძნობდეთ და სიამოვნების მიღების შესაძლებლობასაც უტოვებდეთ თავს, დანაშაულის შეგრძნების გარეშე.

სხეული: ფიზიკური ენერგია
დავიწყოთ ფიზიკურ ენერგიაზე ფოკუსირებით. ახალი ამბავი არაა, რომ ცუდი კვება, ვარჯიშისთვის დროის არქონა, არასაკმარისი ძილი და დასვენება ადამიანების ენერგეტიკულ დონეს ამცირებს, აქვეითებს ემოციების მართვისა და ყურადღების კონცენტრირების უნარს.

ისეთი მარტივი და უმნიშვნელო რამეები, როგორიცაა: საუზმის გამოტოვება, სხვების მიმართ მადლიერების გამოხატვა, ერთდროულად რამდენიმე რამეზე ფოკუსირება, ან ძალიან ცოტა დროის დახარჯვა აქტივობებზე, სრულიად გვაცლის ხოლმე იმ ენერგიასაც, რომელსაც წესით, პოტენციალი აქვს, განახლდეს.

სამუშაოს დროს, აუცილებელად უნდა მოიფიქროთ რიტუალი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, სამსახურიდან სრულად გათავისულდეთ. ეს შეიძლება დაიწყოთ ჯერ მაგიდიდან ადგომით და სამუშაო სივრცისგან მოშორებით ყოფნით, კოლეგასთან სამუშაოს გარდა, სხვა საკითხზე საუბრით, მუსიკის მოსმენით, კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლით, ან უბრალოდ, ფანჯრის გამოღებითა და ჰაერის ჩასუნთქვით…

ემოციები: ენერგიის ხარისხი
როდესაც ადამიანები შეძლებენ უფრო მეტი კონტროლი აიღონ თავიანთ ემოციებზე, ისინი შეძლებენ გააუმჯობესონ თავიანთი ენერგიის ხარისხიც, განურჩევლად იმისა, თუ რა ზეწოლის ქვეშ უწევთ ყოფნა. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორ გრძნობენ თავს სხვადასხვა დროს, სამუშაო დღის განმავლობაში და რა გავლენა აქვს ემოციებს მათ პროდუქტიულობაზე. ადამიანების უმეტესობა აცნობიერებს, რომ ისინი კარგად მუშაობენ მაშინ, როდესაც დადებითი ენერგიით იმუხტებიან. და პირიქით, მათ არ შეუძლიათ მუშაობა მაშინ, როცა თავს სხვაგვარად გრძნობენ.

უარყოფითი ემოციებისგან განმუხტვის ერთი მარტივი, მაგრამ ძლიერი რიტუალია მუცლით ღრმად ჩასუნთქვა და ნელ-ნელა, ხუთი ან ექვსი წამის განმავლობაში ამოსუნთქვა. ეს პროცესი იწვევს მოდუნებას და ტვინს თიშავს ბრძოლის ან გაქცევის რეაქციისგან.

პოზიტიური ემოციების გამოსაღვიძებელი რიტუალი სხვებისადმი მადლიერების გამოხატვაა. ეს სასარგებლოა როგორც რეციპიენტებისთვის, ასევე დონორისთვის. ფორმას, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის, სატელეფონო ზარისა თუ ერთი ერთზე საუბრის საშუალებით. როგორც ყველა რიტუალის შემთხვევაში, ამისთვის განსაკუთრებული დროის გამოყოფა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შანსებს.

იმის ცოდნა, თუ რა განსხვავებაა მოცემულ სიტუაციაში არსებულ ფაქტებსა და ამ ფაქტების შენეულ ინტერპრეტაციას შორის, თავისთავად, ძალიან სასარგებლოა. იმის გაცნობიერება, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს შენზე ის, თავად როგორ აღიქვამ მოვლენებს, დამოკიდებულებების შეცვლამდეც მიგიყვანს. რაც მთავარია, ფაქტების უარყოფის გარეშე.

გონება: ენერგიის ფოკუსი
მას შემდეგ, რაც ხალხი დაინახავს, ​​თუ რამდენად უჭირთ კონცენტრირება, მათ შეუძლიათ შექმნან რიტუალები, რომლითაც შეამცირებენ დაუნდობელ შემაფერხებლებს, მათ ცხოვრებაში ტექნოლოგიამ რომ შემოიტანა.

მაგალითად, დაუსრულებელი სატელეფონო ზარები შეხვედრების, წერის, ფიქრის დროს. გამოსავალი არსებობს, უბრალოდ, გადადება ამ ზარებზე პასუხის ისე, რომ თქვენს კონცენტრირებას საფრთხე აღარ შეექმნას.

ადამიანის სული: მნიშვნელობისა და მიზნის ენერგია
ადამიანური სულის ენერგიის მისაღწევად, ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტები და დაადგინონ თანმხლები რიტუალები სამ კატეგორიად: აკეთონ ის, რაც საუკეთესოდ გამოსდით სამსახურში; შეგნებულად გამოყონ დრო და ენერგია მათი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთვის – სამუშაო, ოჯახი, ჯანმრთელობა – რაც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ; განსაზღვრონ ფასეულობები, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევით გამოვლინდება.

როდესაც თქვენ ცდილობთ, აღმოაჩინოთ, თუ რას აკეთებთ საუკეთესოდ და რა განიჭებთ სიამოვნებას, მნიშვნელოვანია, აქვე, ისიც გააცნობიეროთ, რომ ეს ორი რამ შეიძლება, ერთმანეთთან კავშირში სულაც არ იყოს. თქვენ შეიძლება, მიიღოთ უამრავი დადებითი გამოხმაურება იმის შესახებ, რაც ძალიან კარგად იცით, მაგრამ ამით ვერ ისიამოვნოთ და პირიქით, შეიძლება, გიყვარდეთ რაღაცის კეთება, მაგრამ ამისთვის შექება არ დაიმსახუროთ. მაგრამ მთავარი ისაა, თქვენს სულს რა სჭირდება იმისთვის, რომ დადებითი ენერგიით დაიმუხტოს.

რიტუალების გამოყენება სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც ასეთ დაგეგმილ ქცევებს შესაძლებლობა აქვს, ხელი შეგვიწყოს, საკუთარ თავშივე ის შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ, რომლითაც ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას უზრუნველვყოფთ და საკუთარ თავში ბედნიერებასაც ვიპოვით.

წყარო: HBR



მარსის მომავალი ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული

19 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ საახალწლო კლიპში