სამსახურის დაკარგვის შიში თანამედროვე სამუშაო გარემოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ამას ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, მუდმივი შემცირებები და გაუთავებელი ეკონომიკური გაურკვევლობა უწყობს ხელს. Pew Research-ის მონაცემებით, ამერიკელი დასაქმებულების უმეტესობა AI-ს უფრო საფრთხედ აღიქვამს, ვიდრე იმედისმომცემ ტექნოლოგიად, ხოლო ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევები ადასტურებს, რომ სამსახურის არასტაბილურობა სტრესის დონეს კრიტიკულად ზრდის.
როდესაც შიში მატულობს, ის აბსტრაქტულ ემოციად არ რჩება – ის პირდაპირ აისახება ადამიანების ქცევაზე. შიში აიძულებს თანამშრომლებს, გაჩუმდნენ, თავი აარიდონ რისკებს, შეზღუდონ აზროვნება და პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, თავდაცვის რეჟიმზე გადავიდნენ.
პრობლემა ისაა, რომ როდესაც ლიდერები გუნდში არსებულ ამ უთქმელ შიშებს არ პასუხობენ, შედეგად იღებენ დამახინჯებულ ინფორმაციას, შემცირებულ ჩართულობას და დაცემულ პროდუქტიულობას. თუმცა ლიდერების ყოყმანიც გასაგებია – მათ ხშირად არ იციან, როგორ უპასუხონ ამ გამოწვევას, მით უმეტეს, როცა თავადაც სტრესის ქვეშ არიან. იგნორირება კი გამოსავალი არ არის; ეს შიშს მხოლოდ „მიწისქვეშ“ გადაიყვანს, სადაც ადამიანები სიცარიელეს ყველაზე ცუდი სცენარებით ავსებენ.
მაშინაც კი, თუ მაკროეკონომიკურ სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, თქვენ შეგიძლიათ გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები გუნდის მდგომარეობის დასასტაბილურებლად.
აღიარეთ და გაახმოვანეთ შიში
ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ ემოციების სახელდება – მათი სიტყვებში გადმოტანა – ამცირებს ნეგატიური განცდების სიმძაფრეს და გვეხმარება, „საფრთხის რეჟიმიდან“ რაციონალურ აზროვნებაზე გადავერთოთ.
ფრთხილად დაელაპარაკეთ გუნდს. თუ კომპანიაში ცუდი შედეგებია, გამოიყენეთ ეს ფაქტი სასაუბროდ: „ბოლო სიახლეების ფონზე, ვფიქრობ, შესაძლოა ღელავდეთ. მოდით, ვისაუბროთ ამაზე, რათა ავხსნა ის, რაც ნამდვილად ვიცი“. მთავარია არა ცრუ დაპირებები, არამედ ემპათია. თუ იცით, რომ შემცირებები გარდაუვალია, თუმცა თქმის უფლება არ გაქვთ, ნუ შეეცდებით თემით მანიპულირებას – უბრალოდ იყავით სტაბილური დასაყრდენი თქვენი გუნდისთვის.
გაურკვევლობასთან გამკლავება
გაურკვევლობა შფოთვის მთავარი წყაროა. მაშინაც კი, როცა ყველა კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, სიცხადის შექმნა მაინც შეგიძლიათ. კომუნიკაციისას ინფორმაცია ორ ნაწილად გაყავით: „რა ვიცით დაზუსტებით“ და „რა არის ჯერ უცნობი“.
გამჭვირვალობა იმის შესახებ, თუ რა არ იცით, შფოთვას კი არ ზრდის, არამედ სპეკულაციებს ამცირებს. მიეცით გუნდს ორიენტირი: „ამ საკითხზე პასუხი თვის ბოლოს გვექნება“ ან „განახლებულ ინფორმაციას ყოველ ხუთშაბათს მოგაწვდით, მაშინაც კი, თუ ახალი არაფერი იქნება“. პროგნოზირებადობა ამშვიდებს ფსიქიკას.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა იმაზე მეტი იცით, ვიდრე თქმა შეგიძლიათ. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანიის ოპერაციულმა დირექტორმა (COO), რომელთანაც ვმუშაობდი, თვეების განმავლობაში იცოდა მოსალოდნელი შემცირებების შესახებ, თუმცა ამის გამჟღავნების უფლება არ ჰქონდა. ასეთ დროს ყველაზე ეთიკური საქციელი პროცესებსა და ვადებზე ფოკუსირებაა. როცა ამბობთ, რა ჩარჩოებში მოქმედებთ, ეს იცავს თქვენს სანდოობასაც და კონფიდენციალურობასაც.
დაგეგმეთ შემდეგი ნაბიჯები ერთად
როცა მომავალი ბუნდოვანია, გონება ავტომატურად ყველაზე ცუდ სცენარებს ხატავს. დაეხმარეთ გუნდს, ფოკუსი გადაიტანოს იმაზე, რისი კონტროლიც ახლა, ამ წუთას შეუძლიათ. ნუ შეეცდებით მთელი მომავლის განსაზღვრას. ჰკითხეთ მათ: „დღევანდელი მოცემულობით, რა ორი ნაბიჯი დაგვეხმარება პროგრესში?“
იზრუნეთ სიმშვიდეზე
ლიდერის ემოციური მდგომარეობა გადამწყვეტია – ეს ემოციური გადადების ეფექტია. როგორც სტრესი გადადის მარტივად გუნდის წევრებზე, ასევე გადამდებია სიმშვიდეც.
სიმშვიდე ხასიათის თვისება კი არა, ნერვული სისტემის მდგომარეობაა, რომელსაც შექმნა და გაფრთხილება სჭირდება. ძილი, ვარჯიში, მადლიერების გამოხატვა – ეს პრაქტიკები დაგეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებაში. დააკვირდით თქვენს კომუნიკაციას: ისაუბრეთ მშვიდი ტონით, ნელა და გარკვევით. წერილობითი კომუნიკაციისას კი ორმაგად ფრთხილად იყავით, რადგან ტექსტს ხშირად უფრო ნეგატიურად აღიქვამენ, ვიდრე ჩანაფიქრშია. გამოიყენეთ ფრაზები, რომლებიც ემოციებს აზუსტებს: „იმედი მაქვს…“ ან „გულდაწყვეტილი ვარ, რომ…“
განავითარეთ კავშირები
კვლევები ადასტურებს, რომ სტრესი მცირდება, როცა ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. იზოლაცია საფრთხის შეგრძნებას ამძაფრებს, ერთად ყოფნა კი – ანეიტრალებს.
შეხვედრების პირველი რამდენიმე წუთი დაუთმეთ პირად ამბებს, მოკითხვას. დანერგეთ მარტივი რიტუალები, მაგალითად, კვირის ბოლოს „გამარჯვებებისა და გაკვეთილების“ გაზიარება. ეს აქცენტს პროგრესზე გადაიტანს და გუნდს შეკრავს. გამოიყენეთ ფრაზები, რომლებიც ერთობას უსვამს ხაზს: „ჩვენ ამას ერთად გავუმკლავდებით“ ან „მე თქვენ გვერდით ვარ“.
შესაძლოა ეკონომიკური ვითარება ვერ შეცვალოთ, მაგრამ თქვენი ხელშია ის, თუ როგორ გაივლის თქვენი გუნდი ამ რთულ გზას. გაურკვევლობის დროს ლიდერობა არა ყველა კითხვაზე პასუხის ცოდნას, არამედ ადამიანებისთვის საყრდენის შექმნას ნიშნავს.
წყარო: HBR










