29
Jan
2019

5 ნაბიჯი, როგორ გადავანაწილოთ საქმე ეფექტურად

29 Jan 2019

კარიერის დასაწყისში, წესით, იმ უნარებზე იყავით კონცენტრირებული, რაც კარგად გამოგდიოდათ. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც დაგიქირავეს და დაგაწინაურეს. შესაძლოა შესანიშნავი ბუღალტერი ხართ ან დიდებული პროდუქტ დიზაინერი, სოციალური მედიის ჯადოქარი… ასეა თუ ისე, ყოველივე ეს ინდივიდუალურ საქმეს ეხება. თუმცა, როდესაც შენივე სპეციალობით ხდები მენეჯერი და გაბარია სხვა ინდივიდები, ჩნდება საჭიროება, რომ გონება მართვით სტილზე გადააწყო. ამისთვის კი სერიოზული ტექნიკური, ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარების გარდა, ადამიანურიც აუცილებელია. შენი ეფექტიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, როგორ ანაწილებ საქმეს. ნებისმიერი მენეჯერის ვალდებულებაა მიიყვანოს საქმე ბოლომდე. სწორედ ამისთვის არსებობს დელეგირება. რაც უფრო მალე დაეუფლები ამ უნარს, მით მალე მიიღებ კარგ შედეგებს. 5 ნაბიჯი, როგორ გადავანაწილოთ საქმე ეფექტურად:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ისაუბრე ნათლად და ლაკონურად

ძალიან მკაფიოდ გამოთქვი, რას მოიცავს დავალება და როგორია შენი მოლოდინი შედეგებთან მიმართებაში. ასევე, აარიდე თავი იმ დეტალების ჩამოთვლისგან, რაც საქმის შესრულებისთვისაა საჭირო. ამის ნაცვლად, აღწერე მიზანი, შემდეგ კი მიეცი გუნდის წევრებს საშუალება, თავად მონახონ შესაბამისი მიდგომა. ადროვე გუნდს იმოქმედოს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. ამგვარად, მათ დაეხმარები შემოქმედებითი პოტენციალისა და ინიციატივის გამოვლენაში, თან თვითშეფასებასაც აუმაღლებ.

მიანიჭეთ შესაბამისი უფლებამოსილება

როდესაც ამოცანას ანაწილებთ, დაგჭირდებათ უფლებამოსილების განაწილებაც, თუ ვის რა რესურსებზე უნდა ჰქონდეს წვდომა საქმის შესასრულებლად. ამის გარეშე, თქვენს გუნდს ძალიან გაუჭირდება თქვენი დავალების შესრულება. დაიბნევიან და განაწყენდებიან, რომ მიეცით დავალება, რომლის შესრულებაც თქვენ გარეშე არ შეუძლიათ.

მოითხოვეთ უკუკავშირი

აუცილებლად დააზუსტეთ, რამდენად მკაფიოდ ესმით გუნდის წევრებს დავალება და თუ არიან მზად მის შესასრულებლად. თუკი მათ კითხვები ან პრობლემები აქვთ, თავიდანვე უნდა დააზუსტოთ და არა მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთვებიან.

თვალი ადევნეთ პროგრესს

საქმიანობის მონიტორინგი ორ რამეს შეგმატებთ: გუნდს აუმაღლებს მოტივაციას, ხოლო მოსალოდნელ პრობლემებს წინასწარ დაგანახებთ. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რა დონეზე უნდა აკონტროლოთ: გამოუცდელ თანამშრომელთან უფრო ფხიზლად უნდა იყოთ, ხოლო ვინც უკვე იცის საქმე, იქ შეგიძლიათ შედარებით მოდუნდეთ.

გამოასწორეთ საჭიროების შემთხვევაში

თუკი საქმის მსვლელობამ გეზს გადაუხვია, მიიღეთ გადამწყვეტი ზომები. ჯერ სიტყვიერად განიხილეთ, შეათანხმეთ გუნდთან და დაანახეთ, რომ ესაა გამოსწორების გზა. თუკი სიტუაცია საჭირო დროში ვერ გამოსწორდა, შეგიძლიათ მისი შესრულება სხვას გადააბაროთ.

წყარო: inc



განხილვა