„ნათელი და მტკიცე სტრატეგიის გარეშე, თქვენი ბიზნესი ჩამოიშლება“ – ეს ის მცირე, ფაქტებით გამყარებულ მოსაზრებათაგანია, რომელზეც ბიზნესში ყველა თანხმდება და MBA პროგრამებში, პროფესიულ წიგნებსა თუ გამოსვლებში ამ შინაარსის მატარებელ არაერთ რეკომენდაციასაც მოვისმენთ.
იმის გამო, რომ დღესდღეობით, ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება, მენეჯერებს ხშირად უწევთ სწორედ ზემოხსენებული გაურკვეველი სტრატეგიის მქონე სიტუაციების მართვა. და გამოწვევები სხვადასხვანაირია: მომხმარებლის ძალიან დიდი არჩევანის შესაძლებლობა; აღმასრულებლების მიერ, კომპანიების დატოვების შემთხვევები თუ ექსპერტების ვარაუდი ეკონომიკური ზრდის შეჩერებაზე…
რა პასუხი და რეაგირება შეიძლება, ამ გამოწვევებზე შენ, როგორც ორგანიზაციის ლიდერს გქონდეს? რა უნდა მოიმოქმედო იმისთვის, რომ მომავლის არცოდნის შიშმა და ეჭვმა კომპანიაზე დამანგრეველი ეფექტი არ მოახდინოს? მოკლედ, როგორ უნდა მართო კომპანია სწორად მიუხედავად იმისა, მისი სტრატეგიული ბილიკი ნისლითაა დაფარული, თუ არა?
ქვემოთ შევეცდებით სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გაგიზიაროთ, რომლის შესრულების შემთხვევაშიც არა მხოლოდ გადარჩებით, არამედ გამოწვევების შესაბამის სტრატეგიასაც შეიმუშვებთ. ესენია: პრაგმატული ქმედება, ემოციური სიმტკიცე და სხვების გამოცდილების მიღება.
პრაგმატული ქმედება – უმოქმედობას ყველაფერი სჯობს. გააკეთე რაიმე, რაც შენს გუნდზე, მოცემულ სიტუაციაში, პოზიტიური ზეგავლენა ექნება
- დაუბრუნდი საძირკველს. პირველ რიგში, იმაზე ფოკუსირდი, რისი კონტროლიც შეგიძლია. შენი ვალდებულებაა, თანამშრომლებს ესმოდეთ, რა არის კომპანიის ღირებულება: დღეს, რა კლიენტურას ემსახურებით? რა სჭირდებათ მათ და რას ელოდებიან ისინი თქვენგან? როგორ შეგიძლიათ, უკეთესად, უფრო სწრაფად ან უფრო ჭკვიანურად შეასრულოთ ბრენდის დაპირება? რა არის ორგანიზაციის მისია ან ხედვა? და რა კუთხითაა საჭირო თანამშრომლების ჩართულობა, გადარჩენის პროცესში? – როცა საქმე გაურკვეველ მომავალთან გვაქვს, პირველი და სავალდებულო, ისევ და ისევ, შრომაა. ახალი სტრატეგიის შემუშავებამდე, თქვენი ვალი არსებული სიტუაციის შეფასება და გუნდის წევრებისთვის მოტივაციის შენარჩუნებაა.
- დადე ინტელექტუალური ფსონები. როცა სტრატეგია გაურკვეველია, კარგმა მენეჯერმა ის მაინც იცის, რა არის მისთვის უცნობი. გარდა ამისა, ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმის ძიებაც, რა არის უკვე განსაზღვრული, რა შეიძლება მოხდეს? რა იცის დინამიკაზე, კომპანიაზე რომ გავლენას მოახდენს? გამოსავლის რა ალტერნატივები განიხილება? რას ფიქრობს ხელმძღვანელი წინასწარპროგნოზებზე? რა შეიძლება დღეს, იმისთვის გაკეთდეს, რომ საკუთარი თავი, გუნდი და კლიენტები ცვლილებებისთვის მოამზადო? – მაშინაც კი, როცა მომავლის სრული ლანდშაფტი ფოკუსს მიღმაა, მენეჯერებს ინტელექტუალური ფსონების დადება უწევთ, რომ მომავალს, ასე თუ ისე, მომზადებულები შეხვდნენ.
- იმუშავე მოკლევადიან სტრატეგიებზე. მას შემდეგ, რაც გუნდს კომპანიის ღირებულებებს შეახსენებ, შეგიძლია დისკრეტულ პრიორიტეტებზე გადასვლა. მაგალითად, გაითვალისწინე ორგანიზაციების გამოცდილება, რომლებიც ეჯაილ მეთოდებს იყენებენ და ასეთი მოკლევადიანი სტრატეგიის შექმნა დაისახე მიზნად. პერსნალურად შენ, იმ ბიზნესისთვის, რომელსაც ემსახურები, რისი გაკეთება შეგიძლია? რა პროექტების აღსრულება შეუძლია შენს გუნდს 30, 60 ან 90 დღეში, რომელიც ორგანიზაციისთვის, მიუხედავად სამომავლო სტრატეგიისა, სასარგებლო იქნება -გულხელდაკრეფილი ან მხოლოდ თეორიული ვარაუდებით გამყარებული შესაფერისი სტრატეგიის ძიებას ნუ დაელოდები. გუნდთან ერთად იმუშავე, ინ იმოძრავე და სწორ სტრატეგიამდე გზას სწორედ ასე გაიკვლევ.
ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება – სტრატეგიული გაურკვევლობა კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ გიბიძგებს და ასეთ დროს, ნორმალურია, ემოციური სტაბილურობა ვერ შეინარჩუნო და ისიც კი შეამჩნიო, ეს გუნდის წევრებს როგორ გადაედებათ. ამიტომ, ცადე ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები:
- იყავი პროაქტიული. ისწავლე უფრო მეტი. რაღაც კონკრეტულის კეთება დაგეხმარება შენს ნეგატიურ ფიქრებს საკუთარ არაკვალიფიციურობასა და არაკომპეტენტურობაზე გაუმკლავდე. კითხვები, რომელიც ბუნებრივად იჩენს თავს: რა იქნება, თუ ყველაფერი, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ, შეიცვლება? რა იქნება, თუ სამსახური ბევრ ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსს დაკარგავს? შეისწავლეთ, გამოიკვლიეთ მაქსიმალურად იმდენი, რამდენიც შესაძლებელია. კვლევის პროცესში, სხვა კითხვებიც გაგიჩნდებათ დაესეც, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა;
- გაუწიე ნავიგაცია ემოციებს. შენი როლია სამსახურში იყო მშვიდი, გამჭვირვალე იმ დროსაც კი, როცა მომავალზე წარმოდგენა არ გაქვს. იქნებ, ხელმძღვანელობასთან ან თანამშრომლებთან საუბარი გჭირდება? გონებაში ყველაზე უარესი სცენარი წარმოიდგინე და ამ შედეგებთან გამკლავებაზე იფიქრე. ალბათობა არსებობს იმისა, რომ რეალობა იმდენად ცუდი არ აღმოჩნდეს, რამდენადაც ის შენს წარმოდგენებში იყო. შენი გუნდის წევრები შენ გაკვირდებიან, რადგან მათი სტიმული ხარ და ეცადე, შენი სტრესის საპასუხო რეაქციები კონსტრუქციულ და პროდუქტიულ ქმედებებში გადაიზარდოს;
- შეინარჩუნე გუნდთან ღია კომუნიკაცია. რთულ დროს, მენეჯერები საკუთარ გუნდთან კომუნიკაციას წყვეტენ და ამის მიზეზად ასახელებენ, რომ მანამ, სანამ სტრატეგია გარკვეული არ აქვთ, სათქმელიც არაფერია. თუმცა კი, რეალურად, ასეთ დროს, ნორმალურზე უფრო ხშირი კომუნიკაციაა საჭირო. ნება მიეცი გუნდის წევრებს, იცოდნენ, რასაც ისინი გრძნობენ, მისაღებია. სთხოვე მათ, რომ საჭიროების შემთხვევაში, გულწრფელად გაგიზიარონ, რას გრძნობენ და თქვენი საპასუხო ემოციური სტაბილურობა სიტუცია დაარეგულირებს. გახსოვდეს, რომ მათთან დიალოგის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასე გუნდის ჩართულობა იზრდება და სტრატეგიამდე გზაც უფრო ნათელი ხდება.
დაეყრდენი სხვების გამოცდილებას. გაურკვევლობისა და ცლილებების პერიოდში, ზოგიერთი მენეჯერი ფიქრობს რომ იზოლირება საუკეთესო გამოსავალია. თუმცა კი, შენ ისეთი ადამიანური კავშირები გაქვს, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე იდგნენ და მათი გამოცდილებების გათვალისწინება თავისუფლადაა შესაძლებელი.
- წარმოიდგინე ყველაზე ავტორიტეტული ლიდერების მიდგომა. რას გააკეთებდნენ ისინი ამ სიტუაციაში? როგორ გაუმკლავდებოდნენ ისინი გაურკვევლობას? როგორ შეაფასებდნენ ისინი იმას, საკუთარ ემოციებს როგორ უმკლავდები? ეს სავარჯიშო შეიძლება, დამშვიდებასა და ემოციური სიმტკიცის შენარჩუნებაში წარმოუდგენლად დაგეხმაროს;
- ჩართე სხვა მენეჯერები. მენეჯერებს ხშირად სჯერათ, რომ ისინი საკმარისად ძლიერები, კვალიფიციურები და კომპეტენტურები არ გამოჩნდებიან, თუ გამოწვევებს, სხვების დახმარების გარეშე, ვერ გაუმკლავდებიან. და ეს არაა სწორი. მიმართე შენს კოლეგებს რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის, მაგალითად, ასე: „დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამ თემაზე თქვენს ხედვებს“ – და გაოცდები, რამდენად სწრაფად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამის სურვილს გამოხატავენ;
- გამოიყენე მოაზროვნე ლიდერების სიბრძნე. გარდა პირადი კონტაქტებისა, წარმოიდგინე, რამდენი შესაძლებლობაა ციფრულ სამყაროში, სხვა, უფრო გამოცდილი ადამიანების სიბრძნეს ეზიარო?! და რაც უფრო მეტის აზრს მოისმენ, მით უკეთესად შეძლებ ცვლილებებსა და სტრატეგიულ სიმარჯვეზე სწორი პასუხების პოვნას. ყველაზე ნათელი და შთამაგონებელი აზროვნება შენს ხელშია: იკითხე წიგნები და სტატიები, მოუსმინე პოდკასტებსა და ინტერვიუებს და უყურე ინსტრუქციულ ვიდეოებს, ვებინარებს. მოკლედ, მოამზადე ტვინი ახალი მიდგომებისა და სპეციფიკური სიტუაციებისთვის.
და ბოლოს, უნარი, რომ კრიზისულ სიტუაციებში გადარჩე და სტრატეგიული გაურკვევლობის პერიოდი განვითარებისთვის გამოიყენო და ამით არა მარტო საკუთარი თავი, არამედ სხვებიც გადაარჩინო, ლიდერთა შორის, ლიდერად გაქცევს.
წყარო: HBR