ექსპერტთა დაკვირვებით, დასაქმებულთა უმრავლესობა ცუდი მუშაობის გამო კი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან, არამედ ბიზნეს მიზეზების „წყალობით“ — იქნება ეს სხვა კომპანიასთან გაერთიანება, შესყიდვა, ინდუსტრიაში გაზრდილი კონკურენცია, არამდგრადი ეკონომიკა თუ კომპანიის რესტრუქტურიზაცია. გამოდის, ეს საკითხი თანამშრომლების კონტროლ ქვეშ არ არის, თუმცა ისინი ხშირად მაინც საკუთარ თავში ეძებენ ბრალს…
2022 წლის კვლევა გვეუბნება, რომ მსოფლიოს მასშტაბით დიდ კომპანიებში 1300-ზე მეტი ხელმძღვანელი გაათავისუფლეს… ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შემოსავლების, სტატუსის, ყოველდღიურობის, სოციალური მხარდაჭერის, თვითშეფასებისა და იდენტობის გარდა, არსებობს გაურკვევლობა შემდგომი კარიერული ნაბიჯის გადადგმისას. პრობლემას კი კიდევ უფრო ის ართულებს, რომ ბევრი კომპანია თანამშრომლებს შემცირების გეგმების შესახებ წინასწარ არ აფრთხილებს და მსგავსად, არც მზრუნველობას იჩენს მათ მიმართ.
ამ უზარმაზარ სტრესს რომ გაუმკლავდეთ, თანაც ისე, რომ პერსონალურად არ მიიღოთ, შემდგომი 5 სტრატეგია უნდა ცადოთ:
ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე
როცა რაღაც სტრესული ხდება, ადამიანები ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ, ჭორაობენ ან მომხდარის კატასტროფად ქცევისკენ არიან მიდრეკილნი. ბუნებრივია, მათგან არცერთი დაგეხმარებათ და ეს არც თქვენს პროდუქტიულობას გაზრდის. ამის ნაცვლად, უმჯობესია, თქვენი რეალური გრძნობების შესახებ ნეიტრალურად ისაუბროთ, პოზიტივზე ფოკუსირდეთ, შეადგინოთ გეგმა, რომელიც თქვენზე მორგებული იქნება და თქვენს დახმარებასაც შეძლებს.
ემოციების დადგენა ქმნის სივრცეს თქვენსა და ამ გრძნობას შორის, გეხმარებათ, თავი უფრო მშვიდად იგრძნოთ. როცა სტრესის დონე მცირდება, ამიგდალაც საშუალებას გაძლევთ, უფრო გონივრული პასუხები მიიღოთ კითხვებზე. ამის გათვალისწინებით, დრო დაუთმეთ იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, იფიქრეთ დანაკარგზე და დააკვირდით კონკრეტულ გრძნობებს, იქნება ეს სიბრაზე, სტრესი, სირცხვილი, გაბრაზება თუ მწუხარება. ეს უკანასკნელი მსგავსი ტიპის დანაკარგისთვის ჩვეული პასუხია, რასაც თან მოსდევს მისთვის დამახასიათებელი რეაქციები — უარყოფა, ბრაზი და დეპრესია.
სთხოვეთ მეგობრებს, გესაუბროთ თქვენს ძლიერ მხარეებზე
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ალბათ, უფრო მეტად სუსტ მხარეებზე ხართ კონცენტრირებული, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. თუ შემდგომი კარიერული ნაბიჯის გადადგმას აპირებთ, ძლიერ მხარეებზე უნდა ფოკუსირდეთ, ამაში კი თანამშრომლებისთვის ქვემოთ მოცემული კითხვების დასმა დაგეხმარებათ:
- როცა ჩემი საუკეთესო ვერსია დაინახე, რას ვაკეთებდი?
- რა იყო მნიშვნელოვანი შენთვის ამ გამოცდილებაში?
- რა გავლენა მქონდა?
- რა ძლიერი მხარეები დაინახე ჩემში?
ხოლო, როცა მათ პასუხებს მიიღებთ, თემების მიხედვით დააორგანიზეთ, იქნება ეს გუნდურობა, ერთიანობა, ცნობისმოყვარეობა თუ გამძლეობა. ბოლოს კი მიღებული ინფორმაციების შეჯამება დაწერეთ. ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმაში, რომ გახსოვდეთ თქვენი სიძლიერეები, არამედ ააგოთ გეგმა, რომელიც სამუშაოს ძიების პროცესში კარგად იმუშავებს.
პრიორიტეტი მიანიჭეთ თქვენს შემდგომ ნაბიჯებს
შესაძლოა, ისეთი თავდაჯერებული აღარ ხართ, როგორც ადრე, მაგრამ თავს საკუთარ კარიერაში მომდევნო ნაბიჯების გადადგმა უნდა დააძალოთ. პროფესიული მიზნის დასახვითა და გამოწვევებთან გამკლავებით, კვლავ შეძლებთ, ირწმუნოთ საკუთარი უნარის, რომ წარმატების მიღწევა შეგიძლიათ.
მთავარია, თავს ვალდებულება დააკისროთ, რომ გააკეთებთ ისეთ რამეს, რაც თქვენს კარიერულ განზრახვებს გააძლიერებს. ეს თქვენი მიღწევების შეჯამება შეიძლება იყოს, რეზიუმეს განახლება, სანდო კოლეგებისთვის უკუკავშირის თხოვნა და იმ ადამიანებთან მისვლა, რომლებიც პერსპექტიულ კარიერულ გზას გაგაცნობთ. სხვა ქმედებები, შესაძლოა, LinkedIn-ის პროფილის გადახედვასა და სამიზნე ორგანიზაციების სიის შედგენასაც მოიცავდეს.
განიხილეთ დამატებითი სამუშაო
იფიქრეთ მეწარმეობით გარკვეული შემოსავლის მიღებაზე. შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი პორტფოლიო საკონსულტაციო პროექტებით ან განახორციელოთ ის ბიზნეს იდეა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდით.
ძირითადი საქმიანობის გარდა, დამატებითი სამუშაოს გაჩენა შესანიშნავი გზაა, რათა დაინახოთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თავად. ეს გთავაზობთ სატესტო სივრცეს ახალი კარიერული გზის გამოსაცდელად. მსგავსად, თქვენი ნიჭისა თუ ჰობის შემოსავლის წყაროდ გადაქცევაც შეგიძლიათ. ეს იმაზე მეტიც კი შეიძლება იყოს, ვიდრე სრულგანაკვეთიანი სამუშაოს არსებობისას იღებდით.
შეცვალეთ პერსპექტივები
სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომი ემოციები მომავალში ახალი გზების გახსნისკენ უნდა მიმართოთ. შესაძლოა, მსგავსად, ეს გათავისუფლება საუკეთესო რამედაც იქცეს თქვენს ცხოვრებაში. პიროვნულად უფრო გაიზრდებით, უფრო მხიარული და მიზანდასახულიც გახდებით. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომლისთვისაც აქამდე გამბედაობა არ გყოფნიდათ.
მარტივია, თავს გაბრაზებულად, იმედგაცრუებულად და დამნაშავედ გრძნობდეთ, როცა სამსახურის დაკარგვის წინაშე დგებით, მაგრამ თუ გაიაზრებთ, რომ ეს არ არის პერსონალური, დაგეხმარებათ, მეტად ფოკუსირდეთ მომავალზე და არა, წარსულზე. ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ, იფიქრეთ იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც გადალახეთ და გახსოვდეთ ის, რასაც მიაღწიეთ. თუ საკუთარი თავის დადანაშაულების ნაცვლად, თავდაჯერებაზე იმუშავებთ, პოტენციური დამსაქმებლებიც მალევე შეგამჩნევენ.
წყარო: HBR