ახალი ეპოქის დაწყებას Manchester United 100 000-ადგილიანი სტადიონის აშენებით აპირებს, პროექტით, რომელიც მხოლოდ Old Trafford-ს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ სრულად გარდაქმნის კლუბის მომავალს. თუ მათ დავუჯერებთ, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი იქნება, ამჟამინდელი ადგილის გვერდით აშენდება და Old Trafford-ის ისტორიულ მნიშვნელობასაც შემოგვინახავს ისე, რომ თანამედროვე სტადიონებსაც გაუწიოს ღირსეული კონკურენცია.
ფიქრობენ, რომ ეს სივრცე გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე დიდი არენა იქნება, რომელიც Wembley-ის 90 000 კაცსაც გადააჭარბებს. ასე კი მანჩესტერის ამბიციაც ნათელი ხდება:
„ჩვენი, როგორც კლუბის, გრძელვადიანი მიზანია, გვყავდეს მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო გუნდი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო სტადიონზე თამაშობს“, — ამბობს ომარ ბერრადა, კლუბის CEO.
სტადიონის დიზაინის შექმნა სახელგანთქმულ არქიტექტურულ კომპანია Foster + Partners-ს დაევალა, შედეგი თავად შეგიძლიათ, ნახოთ:
ეს ინოვაციური ნაგებობა მდგრად ელემენტებსაც მოიცავს, იქნება ეს მზის ენერგიის მიღება თუ წვიმის წყლის შეგროვება. აქვე ნახავთ საჯარო სივრცეს, რომელიც Trafalgar Square-ზე ორჯერ დიდი იქნება, რათა იგი სპორტის, გართობისა და ტურიზმის ჰაბად აქციონ.
ვარაუდობენ, რომ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას მსოფლიოში ყველაზე დიდ საფეხბურთო სტადიონად წოდებული ნაგებობა 9.43 მილიარდ დოლარს მოუტანს, 92 000 სამუშაო ადგილსაც შექმნის და ყოველწლიურად 1.8 მილიონ ვიზიტორსაც მოიზიდავს. პროექტის დასრულებას კი 5 წელი დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ Manchester United-ის გუნდი Old Trafford-ზე 1910 წლიდან თამაშობს…