20
Sep
2019

მანჩო ელიზარაშვილის “ამოუცნობი სხეულები”

20 Sep 2019

“ამოუცნობი სხეულები” ასე ჰქვია ახალგაზრდა მხატვრის, მანჩო ელიზარაშვილის ნახატების სერიას, რომელიც შეგრძნებათა ერთგვარ გამოხატულებას წარმოადგენს. ნახატები სულის მდგომარეობას ასახავენ და სწორედ ამიტომაა, რომ მათში კონკრეტულს ვერაფერს დაინახავთ. მხატვრობაზე, მასთან კავშირზე და “ამოუცნობ სხეულებზე” #თაობა მანჩოს გაესაუბრა:

M: ვინ არის მანჩო ელიზარაშვილი? – გაგვაცანი შენი თავი..

მანჩო ელიზარაშვილი არის პირველ რიგში მხატვარი და შემდგომ უკვე – გრაფიკული დიზაინერი.

M: როდის გქონდა ხატვასთან პირველი შეხება და როგორ გახსენდება ეს მომენტი?

ხატვასთან კავშირი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება… განსაკუთრებული ინტერესი კი, სკოლის პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც დაწყებით კლასებში უამრავ დროს ვუთმობდი საკუთარი ფერადოვანი წარმოსახვის გადმოტანას ფურცელზე. დედამ შეამჩნია ჩემი ხატვისადმი დიდი სიყვარული. შემდეგ კი, თბილისის სამხატავრო სასწავლებელში (ათწლედში) მისაღებ გამოცდაზე ჩამწერა. ამ ,,ხელოვნების სამყაროში’’ მოხვედრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ ეს მომენტი მახსენდება ხატვასთან პირველ მნიშვნელოვან შეხებად, რამაც ჩემი ჰობის შემდგომში პროფესიად ჩამოყალიბება განაპირობა.

M: რა განათლება გაქვს ხატვის კუთხით მიღებული?

როგორც ზევით აღვნიშნე, თბილისის სამხატვრო სასწავლებელში (ათწლედი) ფერწერის განხრით ვსწავლობდი. ამ წლების განმავლობაში ის მყარი საფუძველი მივიღე, რომლის მეშვეობითაც შევძელი, დამერღვია პირობითი სისწორე და ამავდროულად სწორედ ამესახა სინამდვილე საკუთარი ემოციების გამოხატვისას. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხტავრო აკადემია, მედიახელოვნების ფაკულტეტი. სწორედ ამ პერიოდიდან დაიმაინტერესა გრაფიკულმა დიზაინმა, რომლის შესწავლა აქტიურად დავიწყე და ჩემს მეორე პროფესიად ვაქციე.

M: დღესდღეობით რას საქმიანობ ამ სფეროში? 

ვხატავ, მუდმივ ძიებაში ვარ, ვცდილობ, ახალი შთაბეჭდილებები ახლებურად გადმოვცე.. სამხატვრო კონკურსებში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას, მაქვს გარკვეული მიღწევები სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში. რამდენიმე წლის წინ მქონდა პერსონალური გამოფენა ,,ამოუცნობი სხეულები’’, რომელშიც წარმოდგენილი იყო სამი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები. საქართველოს გარდა, ჩემი ნახატები გამოიფინილი იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე – ამერიკაში. პარალელურად ვმუშაობ Bolero & Co.-ში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

M: უმეტესწილად, რაში პოულობ ინსპირაციას?

ჩემი ინსპირაცის წყარო უმეტესწილად მუსიკას, ადამიანებსა და მოვლენებს უკავშირდება…

M: როგორ ფიქრობ, როგორია შენი ნახატები და რისი თქმა სურთ მათ? შენ რისი თქმა გსურს შენი ნახატებით და შემოქმედებით ზოგადად?

ნამუშვერების სერია ,,ამოუცნობი სხეულები’’ ასახავს, თუ როგორ გარდაქმნის ჩვენს შეგრძნებებს მოულოდნელი აღელვება. ჩემი აზრით, ფერი სულზე პირდაპირ მოქმედებს. ნამუშევრებში ხაზგასმით იგრძნობა თავისთავადი ფერების ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ისინი გადმოსცემენ ადამიანის სულის მდგომარეობას, გრძნობებს, განცდებს: სიხარულს, შიშს, შფოთს, უიმედობას, სასოწარკვეთას, სევდას, იმედგაცრუებასა.. ემოციების ამოცნობა მარტივი სახასიათო კონტურით, საკმაოდ მკვეთრი ფერების და ეფექტური ფორმების საშუალებით არის შესაძლებელი. თავად ფერი და ფორმა ფლობენ უნარებს, ზემოქმედება მოახდინონ მნახველზე. ყველა ფერს თავისი დატვირთვა და ხასიათი აქვს. თუ მაყურებელი კარგად დაუკვირდება ფერთა ჩანაფიქრს, ის გრძნობათა სამყაროს დაინახავს. ლურჯი, მით უფრო, მოუწოდებს ადამიანს უსასრულობისაკენ, აღვიძებს მასში სწრაფვას შეუცნობელისკენ. მწვანე არის ყველაზე მშვიდი ფერი: გრძნობის არანაირი თანხმოვანება არ აქვს. ყვითელი სულიერ სითბოს ასხივებს. წითელი უზარმაზარი ძალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფერთა ტონები სულის უფრო დახვეწილ ვიბრაციას იწვევს, რომლის გადმოცემაც სიტყვით შეუძლებელია. ,,ამოუცნობი სხეულები’’ უსახო განზოგადებული პერსონაჟები არიან. მათ რაიმე კონკრეტული ვიზუალური მახასიათებლები არ გააჩნიათ და ვერ მალავენ შინაგან სამყაროს, უბრალოდ მრავალფერ განწყობას აფრქვევენ.

ისინი განასახიერებენ მნახველისთვის ნაცნობ ემოციებს და ამ ემოციებთან დაკავშირებულ ადამიანებს. იდენტობის ამოცნობა დამოკიდებულია მნახველის აღქმასა და შეგრძნებაზე. მასში შეგვიძლია, ერთდროულად ამოვიცნოთ სხვადასხვა შინაარსი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს განსხვავებულად გვესახება.

M: როგორ ფიქრობ, არის თუ არა რომელიმე მხატვარი, ვინც შენს შემოქმედებაზე ზეგავლენა მოახდინა?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად ვაკვირდები და ვეძიები ფერწერის ამა თუ იმ მიმდინარეობას. შესაბამისად, არ შემიძლია, დავასახელო რომელიმე კონკრეტული მხატვარი. ამოუცნობი სხეულების სერია კი, განასახიერებს ექსპრესიონისტი და ფოვისტი მხატვრების გავლენის სინთეზს. მათი გამბედაობა, ფოვისტური ქრომატიზმი და ფერების მკვეთრი გამოყენების ტექნიკა მეტად შთამაგონებელი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

M: რა პროცესი იყო ბავშვობაში/რა პროცესია ახლა ხატვა თქვენთვის? 

ბავშვობაშიც და ახლაც ჩემთვის მხატვრობა საშუალებაა, ისტორია ფერებით მოვყვე. გავაცოცხლო შთაბეჭდილებები და გადმოვცე ჩემი შეხედულებები , რომელიც შინაგანი აუცილებლობიდან მომდინარეობს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.

M: როგორი უნდა იყოს გარემო, რომელშიც ხატავთ?

ნებისმიერ დროს შემიძლია, პატარა ჩანახატები ვხატო. თუმცა, გარკვეულწილად , როდესაც სერიულ ნამუშევრებზე ვმუშაობ, უპირატესობას ვანიჭებ მყუდრო, წყნარ სივრცეში მუსიკის ფონზე ხატვას.

M: აქვს თუ არა შენს შემოქმედებას რაიმე კონკრეტული სახელი?

ჩემს შემოქმედებას ახასიათებს ექსპრესიონისტი და ფოვისტი მხატვრების გავლენა. ნახატები ასევე მდიდიარია სიმბოლოებით და თანამედროვე ჩემეული მოდერნისტული შეხედულებებით. აქედან გამომიდინარე, რთულია რაიმე კონკრეტულ სტილს მივაკუთვნო.

M: რომ არა ხატვა..

რომ არა ხატვა, ისევ სარეკლამო სფეროში ვიქნებოდი, რომელიმე საინტერესო პოზიციაზე. ალბათ უფრო კრეატიული მიმართულებით.

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა