ექსტრავაგანტული სტილი და ქარიზმა, ალბათ, ის მთავარი სიტყვებია, რომლებიც ამ არტისტის დანახვაზე პირველი გახსენდება. წლების წინ ერთ-ერთ „დახურულ” წვეულებაზე, სადაც უამრავი ქართველი მუსიკოსი მონაწილეობდა, შემთხვევით აღმოვაჩინე დუო, რომელმაც განსაკუთრებულად მიიქცია ყურადღება თავისი ჟღერადობით, შესრულების ტექნიკით, სიახლით – მუსიკის მოსმენის დროს, მით უმეტეს, ცოცხლად, ხომ სწორედ ეს თამაშობს დიდ როლს – როგორ დამყარდა კონტაქტი შენს, ანუ მსმენელსა და ამ არტისტს შორის, რომელიც სცენაზე დგას.
მერე იწყება ძიება და მუსიკოსის შემოქმედების გაცნობა, ბევრი რამ სასიამოვნოდ გაგაკვირვებს კიდეც, აღმოაჩენ, რომ თურმე სანამ შენ გაიცნობდი, ეს ადამიანი ეპოქას უკვე ქმნიდა თავისი მუსიკითა და პერფორმანსებით. ანდერგრაუდწრეებში და არამარტო, მანჩო კოხრეიძის სახელი წლების წინაც ძალიან აღიარებული იყო და დღესაც არანაკლებაა. მან მოახერხა და თქვა თავისი, როგორც მუსიკოსის სათქმელი საქართველოში და ჩვენი ინტერვიუს ერთ-ერთი სტუმარი გახდა – მანჩო კოხრეიძე – გოგონა, რომელმაც პირველი სიმღერა ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში დაწერა.
მანჩო კოხრეიძე:
მთელი ცხოვრება მუსიკით ვარ მოცული. მას შემდეგ, რაც პირველი სიმღერა დავწერე ოთხი წლის ასაკში, ოჯახის წევრებმაც შეამჩნიეს, რომ ამ სფეროს მიმართ მიდრეკილება მაქვს და ხელი შემიწყვეს, რომ მუსიკას გავყოლოდი. დავდიოდი საბავშვო თეატრებში, მუსიკალური ათწლედი დავასრულე ფორტეპიანოს მიმართულებით.
დაახლოებით 17 წლიდან უკვე ვიცოდი, რისთვის ვარ აქ, რა მინდა და მუსიკასაც აქტიურად ვწერდი. პარალელურად, ვსწავლობდი უცხო ენების ინსტიტუტში, სადაც ასევე ბენდი მყავდა და მაშინ უფრო დილეტანტურ დონეზე, თუმცა უკვე ვცდილობდით, რომ მუსიკა გვეკეთებინა.
ვფიქრობ, სამყარომაც შემიწყო იმით ხელი, რომ სულ ისეთ ხალხში ვხვდებოდი, რომელიც მეხმარებოდა ნაბიჯების გადადგმაში. პირველი გაცნობიერებული პროექტი გამოვუშვი ჩემივე სახელით „მანანა კოხრეიძე”, რომლის ფარგლებშიც გამოვიდა ქართულენოვანი ალბომი, რომელიც კოტე კალანდაძესთან ერთად გავაკეთე. შემდეგ გავიცანი გიორგი გვარჯალაძე, რომელთან ერთადაც გავაგრძელე პროექტზე მუშაობა. ძირითადი ჟანრები იყო ალტერნატიული და პოსტპანკი.
2007 წელს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე,აჩიკო ბედიაშვილი, რომელთან ერთადაც გავაკეთე დუო “My Equinox Divine” და დღემდე ერთად ვმუშაობთ. გარდა ამისა, მაშინ აჩიკო და მისი მეგობრები მეტალს უკრავდნენ და გავაკეთეთ NU Metal ბენდი, P.I. Light, სადაც მე ვიყავი ვოკალისტი. ბენდს საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა, არა მარტო საქართველოში, არამედ აშშ-შიც. ალბომიც სწორედ ამერიკაში გამოვუშვით. უცხოელ არტისტებთან კოლაბორაციებიც გვქონდა და ბევრი შემოთავაზებაც ფესტივალებიდან.
2018 წელს რაღაცნაირად მივხვდით, რომ ამ პროექტმა ამოწურა თავისი არსი და გავაკეთეთ Dark Pop, Electro Pop დუო, რომელიც მალე განახლებული ალბომით წარდგება მსმენელის წინაშე, რადგან მივხვდი, რომ ვიწრო ჟანრებში ვერ ვეტევი და პროექტს უკვე რებრენდინგი სჭირდებოდა.

M: მანჩო, როგორია თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი, როგორ იქმნება თითოეული სიმღერა?
მე ძალიან მიყვარს ფეხით სეირნობა. გარკვეულ ენერგიას ვიღებ ამით და გავითვალისწინე ისიც, რომ ხმისჩამწერი სტუდია სახლისგან შორს არ ყოფილიყო, რათა შემეძლოს ფეხით წავიდე და წამოვიდე. სწორედ ამ გზაში ხდება ყველაფერი. არასოდეს მქონია გამოცდილება, რომ განზრახ დავჯდე და „მოდი, მე დავწერ მუსიკას” – ეს ვიფიქრო. იდეა მოდის უეცრად, მელოდიაც და სიმღერის ტექსტიც. რა თქმა უნდა, უშუალოდ დამუშავების პროცესში კორექციას ვაკეთებ, თუმცა ეს უკვე ტექნიკური დეტალებია.
ჩემთვის ეს მაგიური რიტუალიც არის და ფსიქოთერაპიაც, რადგან ჩემი სიმღერები ორი მიმართულებისაა: ან პირადი გამოცდილების, ანუ უკვე გავლილი გზის რეტროსპექტივაა, ან ჩემი მეგობრების ისტორიებია სიმღერებით გადმოცემული. ინსპირაციას ვიღებ სეირნობის დროს, ხოლო მისი დამუშავება ხდება უკვე სტუდიაში, სადაც ყველა პირობა მაქვს იმისთვის, რომ კომფორტულად ვიმუშაო.
M: თქვენ მუსიკას წერთ თეატრისთვისაც. აი, აქ უკვე რა განსხვავება შემოდის პირადი შემოქმედებისთვის წერას შორის?
განსხვავება ნამდვილად არის, რადგან კონკრეტული სცენარი გვაქვს და მუსიკაც ამას უნდა მოვარგო. თუმცა ძალით არც აქ ვწერ რაღაცას, კარგად ვეცნობი სიუჟეტს, პერსონაჟებს და მერე თითქოს ენერგოველიდან, თავისთავად მოდის ეს ინფორმაცია, სცენის ვიზუალიზაციის პროცესში თითქოსდა ყურითაც მესმის, რა მუსიკა უნდა ახლდეს ამას. მინდა აღვნიშნო, რომ შედარებით მარტივად ვწერ ამ ტიპის მუსიკას, ვიდრე პირადი პროექტებისთვის, რადგან ეს უკანასკნელი უფრო დოკუმენტური მუსიკაა.
M: თუ გაქვთ ხოლმე რაიმე გზავნილი, რომელიც გსურთ, რომ მსმენელამდე მიიტანოთ?
აუცილებლად, რადგან მუსიკის მოსმენას, ჩემი აზრით, ორი მიზანი აქვს: პირველი, რომ ადამიანმა მიიღოს სიამოვნება და მეორე, თუ ის რომელიმე სიმღერის კონტექსტს ვიბრაციულად უკავშირდება, ეს სიმღერა უნდა დაეხმაროს მას.
ჩვენ ყველას გვაქვს მსგავსი გამოცდილება, როცა მუსიკა იყო ჩვენთვის თერაპია. ვიღაც არტისტის სიმღერაში ხედავდი პრობლემას, რომელიც შენთვისაც გასაგები იყო და იმ მომენტში შენი მეგობარი ხდებოდა. იგივე მინდა, ხდებოდეს ჩემი მუსიკითაც – მიიღოს სიამოვნება და რთულ მომენტში ჰყავდეს, როგორც მეგობარი.
გარდა ამისა, მუსიკა ჩემთვის საურთიერთო ენაა სამყაროსთან. ყველა შემოქმედებით ადამიანს აქვს ეს ენა, ვიღაც წიგნს წერს და ვიღაც ფილმს იღებს, მე კი მუსიკით ვლაპარაკობ.

M: თქვენ ვოკალის პედაგოგიც ხართ. როგორია ეს გამოცდილება, როცა სხვებს უნდა ასწავლოთ შესრულების ტექნიკა?
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა და მუსიკალური განათლებისა, რომელიც მაქვს, რაღაცნაირად, მაინც ვერ ვპოზიციონირებ, როგორც ვოკალის პედაგოგი, უფრო ვოკალის ქოუჩი ვარ ალბათ. თავისთავად მოხდა, რომ ამ საქმეს მოვკიდე ხელი, რადგან ჯერ ერთი ადამიანი მოვიდა და მითხრა „მასწავლე”, მერე მეორე და უკვე 12 წელია, ასე გრძელდება.
ჩემი სწავლების ძირითადი მიმართულება არის ექსტრიმვოკალი და ბევრი ადამიანია, ვინც სწორედ ამ მოთხოვნითა და ინტერესით მოდის სასწავლებლად. ვოკალის გარდა ხშირად ვუწევ კონსულტაციას სიმღერის წერის კუთხითაც. საერთო ჯამში, ძალიან საინტერესოა სწავლების პროცესი.
M: როგორია დამოკიდებულება წარსულის შემოქმედებისადმი, როცა წლები გადის და ამ გადმოსახედიდან უსმენთ ძველ ნამუშევრებს?
რა თქმა უნდა, ადამიანს ყველა თავისი ქმნილება უყვარს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს. შინაარსობრივად არაფერს შევცვლიდი, ყველაფერი მაკმაყოფილებს, როცა ძველ ტრეკებს ვუსმენ. ერთადერთი, მოგეხსენებათ, ტექნოლოგია წლიდან წლამდე ვითარდება და დავხვეწდი ჟღერადობას, იმიტომ რომ წლების წინ ტექნიკურად არ იყო რაღაც ხმის მიღების საშუალება, ახლა კი შესაძლებელია.
M: მანჩო, რაზე მუშაობთ ამჟამად და რას უნდა ელოდოს მსმენელი თქვენგან?
როგორც ვახსენე, ახალ ალბომზე, My Equinox Divine-ის განახლებულ კონცეფციაზე ვმუშაობ, რომელიც სექტემბრისთვის გამოვა. იქნება განსხვავებული ჟღერადობით, ცოტა სხვა ჟანრში, ვიდრე ახლაა და მთელი ჩემი ზაფხული ახლა ამას ეძღვნება.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?
იქიდან გამომდინარე, რომ მომენტების ადამიანი ვარ, დავტოვებ იმას, რაც პირველი მომივიდა თავში, Joy Division-ის სიმღერას.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













