სტატისტიკის თანახმად, ავარიათა 20% ძალიან გადაღლილი მძღოლების ბრალია. ახალი კვლევა კი ამ მაჩვენებლის მიზეზს გვეუბნება — დადგინდა, რომ ღამით 5 საათზე ნაკლები ძილი ზუსტად ისეთივე საშიშია მანქანის მართვისას, როგორიც ალკოჰოლის ლეგალურად დაშვებულ ზღვარზე მეტის მიღება.
თუმცა ბოლო 20 წელში ალკოჰოლით გამოწვეული ავარიის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც კონკრეტულ რეგულაციებს უნდა ვუმადლოდეთ და ამასთან, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. ამიტომ, მკვლევრებს აინტერესებთ, რამდენად შეიძლება მსგავსი სტრატეგიების გამოყენება გადაღლილობის შემთხვევაში.
61 უნიკალური კვლევის გაანალიზებით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 4 ან 5 საათზე ნაკლები ძილი ადამიანის სისხლში ალკოჰოლის 0.5% შემცველობას უდრის. კონკრეტული მაჩვენებლები კი, ავარიების ალბათობას აორმაგებს! კვლევების თანახმად, რამდენ საათსაც ვაკლებთ ძილს, იმდენივეჯერ იზრდება ავარიის რისკიც. ერთ-ერთი მოსაზრებით, თუ მძღოლს 0-4 საათამდე ეძინა, ავარიის ალბათობა 15-ჯერ გაიზრდება!
გამოდის, მალე მძღოლებს გამოძინება უნდა მოვთხოვოთ, თუნდაც 5 საათზე მეტი ხნით… მაგრამ ეს ამბავი ასეთი მარტივი არ არის — თუ, მაგალითად, ადამიანებს შეუძლიათ აკონტროლონ, რა ოდენობის ალკოჰოლი მიიღონ ან საერთოდ მიიღონ თუ არა, ძილის შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივი ნამდვილად არ არის. აქ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები, ძილის დარღვევების მქონე ადამიანები ან ის პირები გაიხსენეთ, რომელთაც ცვლებში უწევთ მუშაობა…
ამიტომ ჩნდება კითხვა: რამდენად არის კანონი გამოსავალი?
ჯერ არც არსებობს ტესტი, რომლითაც მივხვდებით, რამდენი ხანი ეძინა ადამიანს… ამიტომ, კანონის შემოღებაზე მეტად ქმედითი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება უნდა იყოს. მაგალითად სახელმძღვანელო წესები მძღოლებისთვის, თუ როგორ მიხვდნენ, შეძლებენ თუ არა მანქანის უსაფრთხოდ მართვას ფხიზელ, მაგრამ გადაღლილ მდგომარეობაში.