19
ივნ
2017

Manmade-78 – ქართული ხელნაკეთი საფულე, რომელიც „ამაზონზე” იყიდება

19 ივნ 2017


საქართველოში დამზადებული საფულეები და ხურდის ჩასაყრელი ქისები, სახელწოდებით Manmade-78,  „ამაზონზე” თითქმის ერთი წელია იყიდება. პროდუქცია, მხოლოდ ქართული ტყავისაგან, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იკერება. Manmade-78-ის დამფუძნებელი ნოდარ მანველიშვილი ამბობს, რომ  მისთვის პრიორიტეტული მასობრივი წარმოებაა, შესაბამისად, ფასი არც თუ ისე მაღალია. მისი თქმით, ძირითადი სამიზნე ამერიკული ბაზარია.

mBank

 

 

ნოდარ მანველიშვილი: 1978 წლიდან ბიძაჩემი მუშაობდა ტყავზე, სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა. მე პროფესიით მშენებელი ვარ. ჩემთვის, ეს საქმე,  ერთგვარი, ჰობია. გადავწყვიტე, ოჯახური ტრადიცია გამეგრძელებინა და ტყავის პროდუქციის გამოშვება დავიწყე. გვყავს რამდენიმე ხელოსანი. დიზაინზე, ძირითადად, ჩემი ვაჟი მუშაობს. რადგან ოჯახში ეს საქმიანობა 78 წელს დაიწყო, სახელში ხაზი გავუსვით ამ ფაქტს, Manmade კი ნიშნავს, რომ არის მამაკაცის გაკეთებული.

M: უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, Manmade-78-ის შესახებ?

ჩვენ ვამზადებთ საფულეებს და ხურდის ჩასაყრელ ქისებს. პროდუქცია მზადდება ხელით, ტყავისგან. პრინციპულად, ვიყენებთ მხოლოდ ქართულ ტყავს. კონკრეტულად მამაკაცის ან ქალის  ხაზი არ გვაქვს. ჩვენი დიზაინი უნივერსალურია, მაგრამ მომხმარებელთა 80% მამაკაცია. გვაქვს 10-მდე სხვადასხვა დიზაინი. თუ დამკვეთი ექსკლუზიური დიზაინით დაგვიკვეთავს პროდუქციას, გაცილებით ძვირი „დაჯდება”. ექსკლუზიური შეკვეთა პროდუქციის დამზადებას აძვირებს. Manmade-78, თავისი ზომისა და დიზაინის გათვალისწინებით, გათვლილია ახალგაზრდებზე. თუმცა, 70-80 წლის ადამიანსაც უყიდია, კოლექციისთვის, ან ხარისხის გამო. გვქონდა შეკვეთა ბაქოდან, ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის დავამზადეთ 100 ერთეული. ჩვენი პროდუქცია იკერება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში.

M: Manmade-78, ქართულ ბაზარზე ადრე, „ამაზონზე” იყიდებოდა. სპეციალურად ამ პლატფორმისთვის შეიქმნა? 

Manmade-78 „ამაზონზე”  7-8 თვეა იყიდება. საქართველოში კი 3-4 თვეა. ჩვენს ქვეყანაში ეს საქმე დიდად მომგებიანი არ არის,  მაგრამ რადგან ქართულია, ვფიქრობთ, რომ აქაც უნდა იყიდებოდეს. ისე, ძირითადად, გათვლილია უცხოურ ბაზარზე, „ამაზონის” მომხმარებლებისათვის. იქაც რთულია გაყიდვა, გვიწევს გადასახადების გადახდა.  „ამაზონზე” ჩვენი პროდუქცია 30 $ ღირს. თუ რომელიმეს აქვს წუნი, ვყიდით 15 დოლარად და, რა თქმა უნდა, მომხარებელს ვაფრთხილებთ.  საქართველოში 35 ლარი ღირს, ეს ნორმალური ფასია. როდესაც, თავიდან, პროდუქცია დავამზადეთ  და გაყიდვა გადაწყვიტეთ, ვნახეთ, რომ საქართველოში უფრო რთული და ძვირია ასეთი ნივთების გაყიდვა. საჭიროა კარგი რეკლამა, რომელიც ძალიან ძვირია. ამერიკაში კი, „ამაზონი” იღებს პროცენტს და რეკლამას თავად აკეთებს. მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. სოციალურ ქსელებში რომ რეკლამა გააკეთო, პროდუქტის ფასის ნახევარი „ჯდება”.

M: როგორც ბიზნესი მომგებიანია? 

საქართველოში ეს საქმე თავის ხარჯებს ფარავს. ამერიკას რაც შეეხება, იქ მოგება შედარებით მეტია, მაგრამ იქ თავიდან ძალიან დიდი ხარჯი გავწიეთ. მოკლედ, რომ გითხრათ, დროის საკითხია ამ საქმის მომგებიან ბიზნესად ქცევა.

M: ორივე ბაზარზე ძალიან ბევრი ხელნაკეთი ნივთი იყიდება. მათ შორის, საფულეც. რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქცია?

საქართველოში ორი-სამი ადამიანი იყენებს სუფთა ტყავს. ისინიც  დიზაინერები არიან და არა ტყავის ხელოსნები. ძირითადად, იყენებენ ტყავის შემცვლელს. ასეა „ამაზონზეც”, იქ წარმოდგენილი პროდუქციის  90% ტყავის შემცვლელისგან არის დამზადებული.  დღეს ტყავის  ჩინური და თურქული შემცვლელები, ძალიან მიახლოებულია სუფთა მასალასთან.  ვინც კარგად ერკვევა, მხოლოდ ის გაარჩევს. ჩვენ რომ „ამაზონზე”  30 დოლარად ვყიდით,  ყველას ტყავის შემცვლელი გონია. მინიმუმ, 100$ -დან იწყება სუფთა მასალისგან დამზადებული ნივთების ფასები. ასეა საქართველოშიც. ჩვენ სხვა მიდგომა გვაქვს – ამერიკიდან გვქონდა შეკვეთა, მოტოციკლისტის ჩანთა შევკერეთ 300 დოლარად. ამით მოგება ვერ ვნახეთ, მაგრამ ახლა იმ მაღაზიაში ჩვენს ჩანთებს  1700 დოლარად ყიდიან.

M: ამ საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით, თქვენი მიზანია მასიურად გაიყიდოს პროდუქცია?

ჯერჯერობით გვინდა, ნახონ რა არის და გაიყიდოს, რაც შეიძლება ბევრი. Manmade 78 რუსულ ბაზარზეც გავიტანეთ. დაახლოებით ერთ კვირაში, ადგილობრივებმა მისი “ფეიქი” გააკეთეს. ამიტომ ეს ბაზარი საერთოდ დავტოვეთ. მე მინდა გავაკეთო მასიურად. მინდა ყველამ ნახოს და  გაიგონ, რა არის კარგი, რა არის ცუდი. ჯერჯერობით, ასეთი მიდგომა გვაქვს.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ? 

ვაპირებთ ჩანთებისა და ქამრების გამოშვებას, მაგრამ, ამისთვის, გარკვეული დრო და რესურსი დაგვჭირდება. კარგი ხელოსანი ცოტაა. ზოგი სუფთად მუშაობს, მაგრამ დროში ვერ ეტევა. შესაბამისად, ახალი ნივთების დამატება დროის საკითხია.

განხილვა