in

მანნა — ქართული პრემიუმ ხარისხის, ნატურალური ჩაი ბუნებრივი გემოთი და შეფერილობით

“კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ ქიმიურ ჩარევას – საღებავსა და არომატიზატორს”…

მანნას ამბავი 2017 წელს იწყება, როდესაც იგი პირველად გამოჩნდა ბაზარზე — ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მანნა მომხმარებლებს სრულიად ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა ჩაის და ბლანშირებულ, მოხალულ თხილს სთავაზობს. 

ჩაისა და თხილის მიღმა არსებულ დეტალებს კი მანნას მარკეტინგის ჰედი ეკუნა ჯაგოდნიშვილი გაგვაცნობს.

M: ეკუნა, გვიამბე მანნას პირველი ნაბიჯების შესახებ და რა გამოცდილებით გამოჩნდით ბაზარზე? და ამ დროისთვის როგორია თქვენი პროდუქციის გავრცელების არეალი?

მართალია, მანნამ წარმოება 2017 წელს დაიწყო, თუმცა აქტიურ ეტაპად 2018 მიიჩნევა, როდესაც სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში შევედით, დავნერგეთ ჰორეკა მიმართულება და ეტაპობრივად დავიწყეთ პროდუქციის გამრავალფეროვნება… გამოცდილების მხრივ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საწარმო წამყვანი სპეციალისტებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მართვისა და წარმოების სფეროში

დღეისათვის უკვე 13 დასახელების ჩაი გვაქვს, როგორც ერთჯერად შეფუთვებში, ისე დასაყენებელი. ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილია ისეთ ქსელებში, როგორიცაა გუდვილი, ნიკორა, აგროჰაბი, ევროპროდუქტი, ფრესკო და მადაგონი. ამასთან, მართალია პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჰორეკა მიმართულება დიდი ხნის განმავლობაში სრულიად გაჩერებული იყო, მაგრამ ახლა უკვე ამ მხრივაც გავაქტიურდით.

M: როგორც ვიცით, ეკოლოგიურად სუფთა, ნამდვილ ჩაის აწარმოებთ… როგორია ამ ჩაის უნიკალური თვისებები და მახასიათებლები?

ჩვენი ბრენდის პრიორიტეტი და მთავარი მამოძრავებელი 100 პროცენტით ქართულ ნედლეულებზე დაფუძნებული, ნამდვილი ჩაის წარმოებაა. შესაბამისად, პროდუქციაში არ გამოიყენება არანაირი დანამატი — გარდა მაგალითად, ლიმონისა, კენკრისა და ა. შ. ცხადია, ეს ხილიც ქართული და ბუნებრივი გზებით მოყვანილია… შესაბამისად, მანნას ჩაი სრულიად უსაფრთხო და პირიქით, სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩაიში არ ვიყენებთ არანაირ არომატიზატორს და საღებავს. ამიტომაც, მას აბსოლუტურად ბუნებრივი ფერი აქვს, რომელიც ქართული ჩაისთვის არის დამახასიათებელი.

M: ალბათ, მომხმარებელი სხვადასხვა მწარმოებლისგან მიჩვეულია მეტად მკვეთრ ფერს, რომელსაც ჩაი მალევე იღებს. საინტერესოა, რამდენად ადვილად მისაღებია ამ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი შეფერილობა, ყოველგვარი არომატიზატორისა და საღებავის გარეშე?

მომხმარებლისგან არაერთხელ ყოფილა უკმაყოფილების შეგრძნება…  იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი 100% ნატურალური და ნამდვილია, 3-დან 5 წუთამდე დრო სჭირდება, რათა მან შესაბამისი ფერი მიიღოს. სიმართლე გითხრათ, მეც ერთ-ერთი ასეთი რიგითი მომხმარებელი ვიყავი, ვიდრე დეტალურად გავერკვეოდი ჩაის წარმოებისა და დაყენების პრინციპში. რეალურად, ყველაფერი ძალიან მარტივია — როდესაც ჩაის ადუღებულ წყალს დაასხამ და ის მალევე მიიღებს შეფერილობას, ე.ი. საღებავებით არის გაჯერებული. რადგანაც ყველა ქვეყანას თავისი კლიმატური პირობები და გარემო აქვს, ეს ავტომატურად მოქმედებს ჩაის სტრუქტურასა და შეფერილობაზე. შესაბამისად, ჩვენი ქართული ჩაი ბუნებრივად არ არის ისეთი შავი, როგორც სხვა. ამიტომაც, შედარებით მუქი ჩაის მისაღებად გარკვეული დროა საჭირო.

ცხადია, შეგვიძლია, მარტივი გადაწყვეტა მოვუძებნოთ ამ საკითხს და ჩაის სხვადასხვა საღებავი თუ არომატიზატორი გავურიოთ… თუმცა ეს არ არის ჩვენი მიზანი — პირიქით, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ ქიმიურ ჩარევას. გვსურს, შევინარჩუნოთ ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ნიშა.

M: აშკარაა, რომ გარდა ნატურალურისა, “ქართულსაც” არაერთხელ გაუსვით ხაზი… რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნატურალური ჩაი სხვა ქვეყნების ნედლეულებისგანაც აწარმოოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მანნასთვის ადგილობრივ პროდუქციას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. 

ნამდვილად ასეა. ყოველთვის ვცდილობთ, ხაზი გავუსვათ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის წარმოება როგორც ინდივიდუალური ბიზნესებისთვის, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ქართული პროდუქციით საქართველოში წარმოება აუცილებელია, თუნდაც იმ კუთხით, რომ ნაკლებად დაგვჭირდება იმპორტი და ქვეყანაში მეტი დასაქმებულიც გვეყოლება. და რაც მთავარია, ყველანაირი საშუალება გვაქვს იმისთვის, რომ ქართული განსაკუთრებულად ხარისხიანს ნიშნავდეს…

M: რა ტექნოლოგიებს იყენებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად?

ჩვენს საწარმოში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა დანერგილი. აქამდე გვქონდა საერთაშორისო სტანდარტი, გასულ ზაფხულს კი მომდევნო საფეხურზე გადავედით და FSS 22 000 სერტიფიკატი ავიღეთ. ამ სტანდარტის და სერტიფიკატის მიღება საერთაშორისო დონეზე ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად განვითარებულია საწარმო, როგორ ხდება წესების დაცვა და რა დონეზე მიმდინარეობს პროცესები. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სერტიფიკატი ყველაფრის მთქმელია, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის, რადგან უმაღლეს დონეზე ვაკეთებთ ყველაფერს და საერთაშორისო სტანდარტებს მივყვებით.

საწარმოში ფინანსური და ორგანიზაციული მართვა ERP სისტემის მეშვეობით ხორციელდება. ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილ დაცვას კი დარგისა და სურსათის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

M: დასაწყისში ბლანშირებული და მოხალული თხილიც ვახსენეთ, რომელიც ახალია თქვენს პროდუქციაში. რას სთავაზობთ ამით მომხმარებელს?

ბლანშირება ორთქლით დამუშავებას გულისხმობს, რის შედეგადაც თხილისთვის კანის გაცლა ხდება. ამ პროცესში მთავარია ის ფაქტი, რომ თხილი თავის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. შემდეგ კი ამ თხილის დაფასოება და ბაზარზე გატანა ხდება.

M: დაბოლოს, როგორია მანნას სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებში ექსპორტის გააქტიურება შედის. მართალია, ევროკავშირის ქვეყნები უკვე ათვისებული გვაქვს, მაგრამ გვსურს, მეტ ქვეყანაში გახდეს მანნას პროდუქცია ცნობილი და პოპულარული. ასევე, ერთ-ერთი გეგმის განხორციელება უკვე დავიწყეთ — კერძოდ, საგურამოში, ჩვენი საწარმოს გვერდით ვაკეთებთ ჩაის სახლს. ეს იქნება ეკო-მეგობრული სივრცე, აქ იქნება მზის პანელები განთავსებული და ნაგებობაში მოეწყობა როგორც ჩაის მუზეუმი, ისე სივრცე, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ქართული ჩაის ისტორიას გაეცნობიან. გარდა ამისა, აქ იქნება კაფე და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩაის დეგუსტაცია, პროდუქციის შეძენა და ა. შ.

[R]

საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია

ავტომობილი, როგორც სპორტული იარაღი – Alfa Romeo-ს ისტორია