5
Dec
2017

Manna – ქართული ორგანული ჩაის, ჩირისა და სანელებლების საწარმო

5 Dec 2017

Startauperi
Startauperi


მანნა – სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი ახალი საწარმოა, რომელიც მდებარეობს სოფელ საგურამოში. კომპანია ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის რეალიზებაზე. კომპანია ბიო ჩაისა და ბიო მცენარეებისგან აწარმოებს სხვადასხვა ჩაის, სანელებლებსა და ჩირს. მარკეტერი Manna-ს კომერციულ დირექტორს პაატა მჭედლიშვილს ესაუბრა კომპანიის ბრენდინდგზე, კონკურენტულ უპირატესობებზე, სარეალიზაციო პროდუქტებსა და არხებზე:M: ვინ იმუშავა კომპანიის ბრენდინგზე და სახელს რა კონცეფცია აქვს?
დამფუძნებლებთან ერთად, კომპანია „მანნას“ ბრენდინგზე იმუშავა კომპანია istudio-მ. რაც შეეხება სახელსა და მის კონცეფციას, ჩვენი სურვილი იყო, რომ კომპანიის სახელი ყოფილიყო დადებითი ენერგეტიკის მატერებელი, ასევე ჟღერადი და ადვილად გამოსათქმელი. ვფიქრობთ, მანნა კარგად შეესაბამება ამ კრიტერიუმებს.

M: რას წარმოადგენს „მანნას“ კონკურენტული უპირატესობები?

მანნას პროდუქციის კონკურენტუნარიანობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, პირველ რიგში ჩვენი პროდუქცია იწარმოება მაღალი ხარისხის ნედლეულით და მის წარმოებაზე მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ტექნოლოგები და კომპანიაში მომუშავე გუნდი. წარმოების პროცესში დაცულია HACPP-ის სტანდარტები. მოცემულ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს ISO 22000:2005 სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული გარემოებები კი პროდუქციის ხარისხისა და გამორჩეული გემოს  ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. გარდა აღნიშნულისა კომპანია აწარმოებს ორგანული ჩაის სახეობებს, რომელიც სერტიფიცირებულია ,,GREEN CAUCASUS“-ის ბიოსტანდარტის შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი კი კიდევ უფრო კონკურენტულს ხდის ჩვენ პროდუქციას.
M: თქვენი პლანტაციები თუ გაქვთ და რა დასახელების პროდუქტებს აწარმოებთ?

მოცემულ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია საკუთარი პლანტაციები თუმცა, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენი პლანტაციების გაშენებას. წარმოებაში გამოიყენება მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საიდანაც ვაწარმოებთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, კერძოდ: ოთხი სახეობის პრემიუმ ხარისხის  ჩაის –  შავი ჩაი ორგანული;  მწვანე ჩაი ორგანული; მწვანე ჩაი პიტნით ორგანული და შავი  ჩაი მოცვის ფოთლით. ორი სახეობის ჩირს: შავი ქლიავის და ხურმის ჩირებს.
M: ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

მანნას პროდუქცია განკუთვნილია  მომხმარებელზე, ვისთვისაც  მნიშვნელოვანია  ხარისხი  და პროდუქციის მაღალი საგემოვნო მახასიათებლები/თვისებები.

M: ამჟამად, სად შეიძლება Manna-ს პროდუქციის შეძენა?

მანნას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „აგროჰაბისა“ და ,,გუდვილის“ ჰიპერმარკეტებში ასევე, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე არსებულ ტურისტებზე ორიენტირებულ მაღაზიებში. უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს საკუთარი პროდუქციის შოურუმის  გახსნას, სადაც მომხმარებელს შეეძლება მანნას პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა. ჩვენი შოურუმი განთავსდება თბილისში, ირ. აბაშიძის  44 ნომერში.

განხილვა