მანქანის მართვის სწავლა ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პროცესია იმათ შორის, რისი შესწავლაც ადამიანებს ცხოვრების მანძილზე გვიწევს. მას საკმაოდ მყარი ფსიქიკა, მოთმინება და დეტალებზე ორიენტირებულობა სჭირდება. იმისთვის, რომ სტრესი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, აუცილებელია დამწყებმა შეარჩიოს ისეთი მანქანები, რომელთა მართვა და გაჩერება მარტივია, იაფი ჯდება დაზღვევა და ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება მისი ყიდვა. ამ შემთხვევაში არჩევანი შეგიძლიათ მეორად მანქანებზეც შეარჩიოთ, რადგან ის უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ახალი და თან ნაკლებად განაწყენდებით, თუ საწყის სტადიაზე მანქანას მცირე დეფექტები გაუჩნდება, სანამ მართვას სრულფასოვნად ისწავლით.
ამ სტატიაში გაგაცნობთ 10 საუკეთესო მანქანას, რომლებიც კარგად მანევრირებადია, მათი ყიდვა გონივრულ ფასშია შესაძლებელი და, რაც მთავარია, ამ მანქანების მეორად მდგომარეობაში შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს.
Skoda Fabia
Skoda Fabia არის სუპერმინი, რომელიც დახვეწილ გამოცდილებას გვთავაზობს. ის პრაქტიკული და საიმედოა. მას ხშირად ამსგავსებენ Volkswagen Polo-ს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაბია უფრო ბიუჯეტური ავტომობილია, მომხმარებლები მას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ.
ის შემოთავაზებულია ბენზინის სამი და დიზელის ერთი ძრავით. არის ეკონომიური და აღჭურვილია გზაზე საჭირო ყველა ატრიბუტით, რაც თანამედროვე მანქანას შეეფერება.
Fiat Panda
მიუხედავად იმისა, რომ ბენზინზე მომუშავე Fiat 500 მძღოლების ფავორიტს წარმოადგენს უკვე წლებია, Panda კიდევ უკეთესი არჩევანია მოსწავლეებისთვის. რეალურად რომ ვთქვათ, ეს ორივე მანქანა მსგავსი ფუნქციებითაა აღჭურვილი, თუმცა პანდა უფრო ბიუჯეტურია და ამის გამოა დამწყები მძღოლებისთვის უფრო მიმზიდველი, რადგან მათ თავდაპირველად ძალიან ძვირის გადახდა არ სურთ.
Toyota Yaris Hybrid
თუ ეკომეგობრულ მგზავრობაზე ფიქრობთ, მაგრამ თან ბოლომდე ელექტრომობილზე გადასვლაც არ გსურთ, Toyota Yaris Hybrid იდეალური ვარიანტია. მისი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ აქვს „თვითდამუხტვის” საშუალება. მანქანის ფუნქციებს შორის ყურადღებას ასევე იქცევს რეგენერაციული დამუხრუჭება, რომელიც ავტომატურად აბრუნებს ენერგიას ბატარეაში მოძრაობისას, ამიტომ ის განსაკუთრებით ეფექტურია ურბანულ მოძრაობაში. Toyota-ს ჰიბრიდული ძრავები ასევე ცნობილია მათი საიმედოობით.
Ford Focus
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე მძღოლების უმეტესობა ირჩევს პატარა მოდელებს, როგორიცაა ქალაქის მანქანები ან სუპერმინი, Ford Focus არის გონივრული არჩევანი მათთვის, ვისაც ცოტა მეტი სივრცე სჭირდება. Focus ხელმისაწვდომია ჰეტჩბეკის სახით და კარგი მანქანაა ოჯახისთვის. სურვილისამებრ,შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც დიზელის, ისე ბენზინის ძრავიანი ფოკუსი.
Vauxhall Corsa
Vauxhall Corsa ხარისხისა და პრაქტიკულობის მაღალ დონეს გთავაზობთ. მისი სტანდარტული აღჭურვილობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და სატარებლადაც კომფორტული ავტომობილია. მის ფუნქციებს შორისაა: DAB ციფრული რადიო, Bluetooth კავშირი, წინა სავარძლებისა და საჭის გათბობა.
Renault ZOE
იმის გათვალისწინებით, რომ 21-ე საუკუნე ელექტრომობილებზე გადასვლის ეპოქაა, ამ სიას ელექტრომანქანების გარეშე არ დავტოვებთ. Renault ZOE ამ შემთხვევაში იდეალური არჩევანია.
ამ მანქანებს აქვთ 89 ცხენის ძალის მქონე ძრავა და სრული დატენით დაახლოებით 160 კილომეტრის გავლა შეუძლია. გაგაფრთხილებთ და გეტყვით, რომ თუ თქვენ ხშირად გეგმავთ ხანგრძლივ მოგზაურობებს, მაშინ ეს მანქანა არ გამოგადგებათ, მაგრამ უფრო მოკლე ურბანული მოგზაურობისთვის ის ნამდვილად კარგი ელექტრომობილია.
Kia Picanto
Kia Picanto 2017 წლიდან გაყიდვაშია, რის გამოც მისი მეორადი მოდელების ფასები უკვე საკმაოდ ეცემა. ეს კარგი შანსია დამწყები მძღოლებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ დაბალ ფასად კარგი ავტომობილი შეიძინონ.
საწყისი დონის Picanto აღჭურვილია ელექტრო წინა ფანჯრებით, დისტანციური ცენტრალური საკეტით, ორი დინამიკით, სტერეო სისტემითა და ფოლადის ბორბლებით.
Toyota Aygo/Citroen C1/Peugeot 108
მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა მწარმოებლებისაა, Toyota Aygo, Citroen C1 და Peugeot 108 თითქმის ერთი და იგივე მანქანაა – ერთადერთი შესამჩნევი განსხვავება მათი გარე სტილია. მათი სიმარტივის გამო, სამივე მშვენიერი არჩევანია მოსწავლისთვის.
Ford Fiesta
Ford Fiesta-მ საკუთარი შესაძლებლობები უკვე თაობებს დაუმტკიცა. ეს არის საიმედო მანქანა, რომელსაც იპოვით გონივრულ ფასებში და არის ძალიან პრაქტიკული როგორც ზომით, ისე აღჭურვილობით.
ელექტრო წინა შუშები, დისტანციური ცენტრალური საკეტი, საქარე მინის გათბობა, კონდიციონერი და ალუმინის დისკები სრული ჩამონათვალი არ არის, რის გამოც ამ მანქანის შეძენას ავტომოყვარულები გვირჩევენ.
Volkswagen up!/Skoda Citigo/SEAT Mii
ეს მანქანები ავტოინდუსტრიაში ერთმანეთის ძმებად მოიხსენიება. ეს არის კომპაქტური მანქანების ტრიო, რომლებიც ადვილად მანევრირებადია, მოსახერხებელია მათი დაპარკინგება და სახალისოა სამართავად.
ეს სამივე მანქანა უკვე მრავალგზის გამოცდილია გზებზე და მათი შეძენა საკმაოდ გონივრულ ფასადაა შესაძლებელი.