in

რა აერთიანებთ „მეტალიკას” ვოკალისტს, რალფ ლორენსა და როუენ ატკინსონს? – მანქანების სიყვარული

სიმდიდრესა და ფუფუნებაზე ხაზის გასასმელად, ბევრი ცნობილი ადამიანი ხშირად მანქანების კოლექციის შექმნას იწყებს და ისეთ ავტომობილებს აგროვებს, რომლებიც იშვიათი, ვინტაჟური ან ძალიან ძვირადღირებულია. სპორტის ვარსკვლავები, მუსიკოსები, მოდის დიზაინერები, ბიზნესმენები და სხვები თავიანთ ფულს არ იშურებენ იმისთვის, რომ მათმა კოლექციამ ყურადღება მიიპყროს. 

დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ცნობილი ადამიანების ავტოფარეხში შევიხედავთ და მათ კოლექციებს დავათვალიერებთ.

ჯეი ლენო

ამერიკელი კომიკოსი და ტელეშოუების წამყვანი, ჯონი ლენო დაახლოებით 1600 მანქანის მფლობელია. მის ამ უზარმაზარ კოლექციას ამშვენებს როგორც თანამედროვე, ძვირადღირებული მოდელები, ისე ვინტაჟური, სპორტული, 1900-იანი წლების დროს გამოსული, ძველებური მანქანები და სამხედროებიც კი. მისი კოლექცია 52 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 

რალფ ლორენი

ცნობილი დიზაინერი მანქანებისადმი თავისი ლტოლვითაც ცნობილი ადამიანია. მისი კოლექცია ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში და Ferrari-ის ისეთ იშვიათ მოდელებს მოიცავს, როგორებიცაა: 250 GTO, ყველაზე ძვირიანი ავტომობილი, რომელიც ოდესმე გამოსულა. მასვე ჰყავს: ვინტაჟური Jaguar, რომელიც Le Mans-ის რბოლის  გამარჯვებულია; მეორე მსოფლიო ომამდელი გამოშვების რამდენიმე სუპერ იშვიათი Alfa Romeo, Bentley, Bugatti და Mercedes-ის მოდელები. მის ხელთ არსებული მანქანებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1938 წლის Bugatti Type 57SC Atlantic, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წინა ეპოქის ყველაზე სასურველი და მოწინავე სუპერმანქანაა. მისი ღირებულება 50 მილიონ დოლარზე მეტია, იგი ითვლება არტ დეკო დიზაინის საბოლოო გამოხატულებად.

ლინდსი ფოქსი

სატვირთო მანქანების ავსტრალიელი მაგნატი, ლინდსი ფოქსი შეიძლება არ არის საყოველთაოდ ცნობილი პერსონა, მაგრამ მისი კოლექციები ავტომოყვარულების თვალს ყოველთვის ხვდება. კოკო შანელის Mercedes-Benz 600 Pullman-ით დაწყებული, Ferrari Enzo-თი და Jaguar XJR15-ით დამთავრებული, მის კოლექციაში უამრავ გადასარევ მანქანას იპოვით. მისი მთლიანი კოლექცია რამდენიმე მილიონი დოლარის მანქანებს მოიცავს – როგორც კლასიკურს, ისე თანამედროვეს. 

პოლ უოკერი

მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, პოლ უოკერმა მოახერხა, თავი ყველასთვის მანქანებთან ასოცირებით დაემახსოვრებინა. Fast & Furious ფილმების სერიაში მონაწილეობამ ამას კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა. მის ავტოფარეხში იხილავდით იშვიათ, იაპონური წარმოების მანქანებს, მაგალითად, Nissan R34 GT-R Skyline. აგრეთვე მას ჰყავდა ხუთი იშვიათი BMW E36 M3 Lightweights, შეზღუდული გამოშვების E30 BMW M3s, შეცვლილი ’63 Chevy Nova უნივერსალი და ’67 Nova კუპე. აქვე იყო რამდენიმე პიკაპი და საკოლექციო მოტოციკლი. როგორც ავტომოყვარულები ხშირად აღნიშნავდნენ, უოკერს თავის კოლექციაზეც ეტყობოდა, რომ მანქანების კარგი მცოდნე იყო.

როუენ ატკინსონი

ცნობილ მისტერ ბინს მანქანებისადმი სიყვარულითაც იცნობენ. მის კოლექციაში ნახავთ Aston Martin DB4, 1960-იანი წლების Ford Falcon Sprint-სა და Jaguar MkVII-ს. ასევე ის ფლობდა McLaren F1-ს, სპეციალური გამოშვების Rolls-Royces-სა და უფრო მეტ Aston Martin-ს, ვიდრე ჯეიმს ბონდი. ყველაზე ძვირფასი და გამორჩეული ავტომობილი ატკინსონის კოლექციაში, ამჟამად, არის 1939 წლის BMW 328 Roadster, რომელმაც გაიმარჯვა იმ წლის Mille Miglia ღია გზის რბოლაში და მისი ღირებულება 1 მილიონ დოლარზე მეტია.

ჯეიმს ჰეტფილდი

ყველა დროის ყველაზე წარმატებული მძიმე მეტალის ჯგუფის, Metallica-ს ფრონტმენმა, რამდენიმე წლის წინ ლოს-ანჯელესის პეტერსენის მუზეუმს საჩუქრად გადასცა თავისი 10 მანქანა, რომლებიც მანამდე ელტონ ჯონს, სტივ მაკქუინსა და ბილი გიბონსს ეკუთვნოდა. ჰეტფილდის მანქანებიდან თითქმის ყველა შეკვეთითაა დამზადებული. 1956 F100, 37 Lincoln Zephyr “Voodoo Priest”, Jaguar “Black Pearl”, Buick Skylark “Skyscraper” – ეს სახელწოდებები სწორედ ჯეიმსის მანქანებს ჰქვია. ამ განსაკუთრებული მანქანების უმეტესობა რიკ დორის შემოქმედებაა და მთლიანად ხელნაკეთია. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

7 რჩევა პიარისთვის 2024 წელს

როგორ შექმნეს ქართველმა ილუსტრატორებმა Rick And Morty-ისთვის პოსტერები