in

მანქანების სარეკლამო ისტორია – როგორი იყო პირველი რეკლამები?

დღეს ავტომოყვარულები ნამდვილად განებივრებულები ვართ ავტომობილების რეკლამებით. ყველა ცნობილი ბრენდი გვთავაზობს უამრავ საინტერესო, კრეატიულ, ლამაზ ვიდეორგოლსა თუ კამპანიას, რომელსაც სიამოვნებით ვადევნებთ თვალს, მიმოვიხილავთ და შეფასებებსაც ვაძლევთ. საინტერესოა, როდის და როგორ დაიწყო ეს ყოველივე, საიდან გაჩნდა პირველი რეკლამა, თუ არსებობს ავტოისტორიის ჩანაწერებში ზუსტი ცნობა ამის შესახებ. ერთად მოვიძიოთ და გავარკვიოთ…

შავ-თეთრი გაზეთით დაწყებული მარკეტინგი

პირველ საავტომობილო რეკლამად 1898 წელს, შავ-თეთრი გაზეთის გარეკანზე დაბეჭდილ ფოტოს მიიჩნევენ წარწერით – გათავისუფლდით ცხენებისგან! ალექსანდრე ვინტონი იყო შოტლანდიელი იმიგრანტი, ველოსიპედის მწარმოებელი, რომელიც გადავიდა მანქანების აწყობაზე 1896 წელს და 1900 წლისთვის ჰქონდა მსოფლიოში უდიდესი ავტო ქარხანა, თუმცა 1924 წელს შეწყვიტა მანქანების წარმოება და სხვა საქმით დაკავდა. ფირმა იყიდა General Motors-მა 1930 წელს და გახდა Electro-Motive Corporation-ის ნაწილი, რომელიც დღემდე მუშაობს.

ავტორეკლამის საწყისები

აღსანიშნავია, რომ როგორც პირველი მიკროტალღური ღუმელები, პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ან სხვა ახალი ტექნიკა, პირველი მანქანაც სენსაციას წარმოადგენდა. ავტომწარმოებლებს არ სჭირდებოდათ უნიკალური კრეატიული მიდგომა მათი რეკლამირებისთვის, რადგან მათ ჰქონდათ უნიკალური პროდუქტი. ის, რაც დღეს ხშირად არ ხდება. ამიტომაც იყო პირველი რეკლამები საკმაოდ მარტივი, შავი და თეთრი ქაღალდის რეკლამები, რომლებსაც ახლდა მსუბუქი იუმორი.

თუმცა ეს დამოკიდებულება დიდხანს არ გაგრძელებულა. ავტოინდუსტრიის მზარდმა განვითარებამ ბევრი კონკურენტი გააჩინა და მათ რაღაცით სჭირდებოდათ ერთმანეთისგან გამორჩევა. ამიტომაც მათ მიმართეს სარეკლამო სააგენტოებს. იმ დროს მანქანები ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ამიტომ მაშინდელი მწარმოებლების სეგმენტიც ისეთი ხალხი იყო, რომელსაც მაღალი ფინანსური სტატუსი ჰქონდა. 

ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი გახდნენ ის ადამიანები, ვინც წვეულებებზე ხშირად დადიოდნენ და სურდათ, ეფექტი მოეხდინათ გლამურულ საზოაგადოებაში მანქანით მიბრძანებით. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ეს უფრო ამერიკული სტილი იყო, რომელსაც Volkswagen-ის Think Small რეკლამა დაუპირისპირდა. კომპანიამ თავისი Beetle (ჟუკი)  მოდელის რეკლამირება მოახდინა, რომელიც არაფრით ჰგავდა ამერიკულ ავტორეკლამებს და ზოგადად, ინდუსტრიას. რეკლამის მიზანი მცირე ზომის მანქანების გაყიდვების ზრდა და მათი პოტენციალის ჩვენება იყო.

ეს რეკლამა საკმაოდ მინიმალისტური გამოდგა, რაც უცხო ხილი იყო იმ დროისთვის და სწორედ ამითაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება. სხვა რეკლამებში მოცემული იყო დეტალური ინფორმაცია მანქანისა და მისი მახასიათებლების შესახებ. ბრენდმა შეძლო, რომ ყურადღება „ხოჭოს” ფორმასა და ზომაზე გაემახვილებინა და სიმარტივე ჭკვიანურ გადაწყვეტად წარმოეჩინა საზოგადოების თვალში. 

Think Small კამპანია შეიქმნა DDB სააგენტოს მიერ და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკლამა. მან დაიმსახურა მეოცე საუკუნის საუკეთესო სარეკლამო კამპანიის ტიტული Ad Age-ის მიერ, ჩრდილოეთ ამერიკის რეკლამების გამოკითხვით.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი

ამ პერიოდიდან მანქანების რეკლამები ფოტოგრაფებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო მიმართულებაც იქცა. პირველი სტუდიური ფოტოსესიები გაიმართა 1980-იან წლებში და აჩვენა მანქანების სრულიად ახალი მხარე, ელეგანტურობითა და სტილით სავსე. ეს ის წლები იყო, როდესაც ავტომობილების რეკლამამ პიკს მიაღწია. იყო შემთხვევები, როცა ერთ ჟურნალში, ერთ ნომერში ოცდახუთი მანქანის რეკლამა იყო განთავსებული.

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკლამა ეკუთვნის Honda-ს. სწორედ მაშინ წარმოადგინა ბრენდმა VTEC სისტემა. ამის გამო გუნდმა შექმნა 24-საათიანი რეკლამა, რომელშიც ხალხს შეეძლო ძრავის ხმა მოესმინა. იმ დროისთვის ეს საკმაოდ კრეატიული გადაწყვეტილება იყო. 

90-იან წლებში პირველად დაინერგა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოებაზე მკაცრი რეგულაციები. ამან აიძულა მრავალი ბრენდი შეეტანა უსაფრთხოება, როგორც მათი ნარატივის დიდი ნაწილი. მაგალითად, Range Rover 4WD-მა გაავრცელა რეკლამა გაჩერების ნიშნის შემზარავი გამოსახულებით. რეკლამა ფოკუსირებული იყო ავტომობილის დაბლოკვის საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემაზე, რომელიც „გაძლევს საშუალებას, შეინარჩუნო საჭე და აკონტროლო ნებისმიერ დროს, წვიმიდან ქარბუქამდე“. მან გამოაცხადა, რომ იყო მხოლოდ ერთი მანქანა, რომელსაც შეეძლო მძღოლების გადარჩენა საფრთხისგან და ეს იყო Range Rover.

იმავე პერიოდში ავტომატური გადაცემათა კოლოფი ინოვაციური იდეა იყო. Dodge-ს რეკლამა ამ მხრივ გამორჩეული იყო, რომელმაც ახსნა ეს ახალი კონცეფცია. 

ასევე საკმაოდ შთამბეჭდავად იხსენებენ ავტომოყვარულები Peugeot 205-ის ამ რეკლამას. ის ერთ-ერთი საუკეთესო წარმადობის ჰეჩბეკი იყო და ამ რეკლამაში უნდოდა ამის ჩვენება. ვხედავთ, როგორ გადარჩება ავტომობილი ციდან ჩამოვარდნის შემდეგ. 

დღეს საკმაოდ რთულია მანქანის რეკლამისთვის ხალხის ყურადღების მიპყრობა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანებს ბევრად უფრო ხშირად ვყიდულობთ, ვიდრე წარსულში, მანქანის ყიდვა მაინც საკმაოდ დიდი გადაწყვეტილებაა. ამიტომ რეკლამა უნდა იყოს ჭკვიანურიც და მართალიც, რომ გავლენა მოახდინოს მყიდველზე. ზოგჯერ უფრო გიჟური მიდგომაც შეიძლება წარმატებული იყოს. ასეთია Audi-სა და BMW-ს შემთხვევა – ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სარეკლამო  ქიშპობა ავტო რეკლამის ისტორიაში.

ყველაფერი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როდესაც BMW-მ განათავსა ბილბორდი, რომელიც ხელს უწყობს 35-ე MOA Rally (ჭადრაკის ტურნირი) კალიფორნიაში. Audi-ს რეკლამის განმთავსებლებმა გადაწყვიტეს, რომ გამოხმაურებოდნენ ამ რეკლამას და გვერდით გააკრეს მეორე ბილბორდი წარწერით: „ჭადრაკი? არა, გმადლობთ, მე მირჩევნია მანქანით ვიყო.” 

ავტოინდუსტრია რამდენადაც დიდია, იმდენად ბევრი კარგი და საინტერესო რეკლამაც იქმნება. ვიდეო მარკეტინგის გავრცელებამ, ძველებური პრინტები სარეკლამო რგოლებით უფრო მეტად ჩაანაცვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, ტრადიციული მეთოდიც პოპულარული დარჩა. ზოგიერთი ვიდეო იმდენად შთამბეჭდავი სცენარითაა გადაღებული, რომ მოკლმეტრაჟანი ფილმის სიუჟეტსაც კი მოგვაგონებს. ალბათ ყველას გვაქვს ერთი ასეთი ფავორიტი რეკლამა. დასასრულს, სტატიის ავტორიც ერთ მათგანს გაგიზიარებთ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ვარაუდობენ, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპმა უძველესი გალაქტიკა აღმოაჩინა!

როგორ აღმოჩნდა ეს გოგო თქვენს feed-ზე? – გაიცანით, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიანტი ანანო გაბუნია