24
Jun
2019

„არ შეუშინდე უცხო ხილს“ – „მანტრა“, სივრცე თბილისში, აღმოსავლური პრაქტიკებისთვის

24 Jun 2019

Startauperi
Startauperi


თუ ვიტყვით, რომ თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიური, სოციალური თუ ფიზიკური მიზანი საკუთარ თავთან, თუ გარე სამყაროსთან ურთიერთობისას ჰარმონიის მიღწევაა, „მანტრას“ მიზანი ამის მისაღწევად შესაბამისი პირობების შექმნაა. „მანტრა“ – ეს არის სივრცე აღმოსავლური პრაქტიკებისთვის, რომელიც თბილისში, ერთი თვის წინ გაიხსნა და ხუთი ძირითადი მიმართულება აქვს. მასში შეისწავლება ჰათჰა, ვინიასა, აშტანგა და კუნდალინი იოგა, ციგუნისა და ტენსიოგრიტის პრაქტიკები იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ხოლო, აქტიური ვარჯიშის მსურველთათვის პილატესი და კრივი. ასევე, აქ არის ცეკვების მიმართულებაც – ექსტაზური ცეკვის, მოძრაობის, სუნთქვისა  და დინამიური მედიტაციის ნაზავი. „მანტრას“ მთავარი დაპირება კი ინდივიდის შიდა, თუ გარე სამყაროში, ემოციურ, ფიზიკურ და მენტალურ სხეულებს შორის ჰარმონიის პოვნაში დახმარებაა.

„მანტრას“ თბილისური ამბავი 2012 წელს, ანი მანჯავიძის აღმოსავლურ პრაქტიკებთან შეხებით დაიწყო. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ანი, ერთ დღესაც, საკუთარ სივრცეს გახსნიდა და შექმნიდა იმ პირობებს ვარჯიშისთვის, რაც თვითონ აკლდა.

ეს მხოლოდ იდეის დონეზე იყო, სანამ, მეგობართან საუბრის დროს, არ აღმოვაჩინე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამ პრაქტიკების გარშემო ტრიალებს და უბრალოდ, ძალიან მომინდა ამ ყველაფრის გაზიარება და დიდი ოჯახის შექმნა. ამიტომაც საერთო იდეით შემოვიკრიბე მეგობრები, რომლებსაც ჩემზე მეტი გამოცდილება და გადაკვეთის წერტილი აქვთ, ყველას თავის პრაქტიკაში“.

ანი მანჯავიძე

M: რა იყო შემდეგ? როგორ შეძელით იდეის რეალობად ქცევა?
ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი იდეალურად აეწყო: უმარტივესად ვიპოვე სივრცე, სადაც ზუსტად ისე განვახორციელეთ ყველაფერი, როგორც წარმომედგინა: საბოლოოდ შეიქმნა სივრცე აღმოსავლური პრაქტიკებისთვიდს და არამარტო. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები მოწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებას და შეძლებენ განვითარებას, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ დონეზე. განვითარებაში იგულისხმება  როგორც სხეულის ფორმების დახვეწა, ასევე მენტალური სიმშვიდის შენარჩუნება, რომელიც სულ უფრო და უფრო რთული ხდება 21-ე საუკუნის სწრაფი ტემპის გამო.

M: რა მთავარ ღირებულებაზე დგას თქვენი და მომხმარებლის თანამშრომლობა?
ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას და პირველ რიგში, ვიწვევთ მათ ჩვენს ოჯახში, სადაც ერთმანეთს ვაძლევთ ინსპირაციას განკურნების, ტრანსფორმაციის და პერსონალური ზრდისთვის.

ჩვენ გვიყვარს, რასაც ვაკეთებთ და ორიენტირებულები ვართ, ადაპტირებული გზით, მივაწოდოთ ჩვენი პრაქტიკების ბენეფიტები ხალხს. რაც მთავარია, გახსნილები ვართ ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად მისი ამჟამინდელი ფიზიკური, მენტალური თუ სპირიტუალური მდგომარეობისა. ვაცნობიერებთ, რომ ყველას აქვს თავისი გზა და ამიტომაც, მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ახალი წევრის მიზნები და როგორც ოჯახის წევრები გავყვეთ მას ფიზიკური, თუ ფსიქიკური ტრანსფორმაციის გზაზე.

M: ვისთვის, ან რისთვის არის „მანტრა“? რისი შეცვლა გინდათ?
მანტრა ადგილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მიიღოს შედეგი. ადგილი, სადაც შეგიძლია პროფესიონალებისგან მიიღო რჩევადა დაიწყო სვლა განვითარებისკენ. გვინდა მანტრამ შეცვალოს ჯანსაღი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება: გაიმიჯნოს ერთმანეთისგან იოგა და ფიტნესი, შეიცვალოს და დაფასდეს მიდგომები, მხოლოდ ამგვარი გზითაა შესაძლებელი შედეგის მიღწევა.

M: რა გამოგარჩევთ საქართველოში არსებული სხვა იოგას დარბაზებისგან?
საქართველოში ბევრი იოგას დარბაზია, ყველა თავის მხრივ გამორჩეული. თუმცა, ჩვენ არ ვპოზიციონირდებით როგორც მხოლოდ იოგას სტუდია.  მომხმარებლის განსხვავებული ტიპაჟის გამო, ვცდილობთ მოვერგოთ და შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკა, რომ ქონდეთ მრავალფეროვნება არჩევანში.

1 თვეც არ ვართ გახსნილები და უკვე დავიხუნძლეთ უამრავი ექსკლუზიური და საინტერესო პრაქტიკით. მანტრას ლოკაცია შერჩეულია რამდენიმე აქცენტის გათვალისწინებით. ადვილად მისადგომია (საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ კერძო ავტომობილით/მოსახერხებელი პარკინგით). ეკოლოგიურად შედარებით სუფთა გარემოა (ტყის ნაპირას), სტუდია შექმნილია კონკრეტულად ამ მიმართულების ვარჯიშებისთვის, ამიტომაც მეტად კომფორტულია და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, დარბაზში არის მშვიდი გარემო, რაც გვაძლევს მოდუნების საშუალებას.

M: რას ნიშნავს გაჯანსაღება და როგორ მიიღწევა ის „მანტრაში“
გაჯანსაღება კომპლექსური ცნებაა და ის პირველ რიგში გაჯანმრთელებას გულისხმობს. ამის მისაღწევად, ყველა დაავადებას შეიძლება ინდივიდუალურად მივუდგეთ, თუმცა ამომავალი წერტილი ყოველთვის ჩვენი სხეულია. მანტრაში ჩვენ ვცდილობთ, ფართო არჩევანი შევთავაზოთ მათ, ვისაც არსებობის გაჯანსაღება სურთ.

იოგა ნიშნავს ერთიანობას, საზღვრების გარეშე. ვცდილობთ სხვადასხვა ტიპის იოგის შერწყმით, საბოლოოდ მივიღოთ მაქსიმალურად იდეალური შედეგი. მაგალითად, გვაქვს სხვადასხვა პრაქტიკა:

ტენსიოგრიტი – წყარო ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ეს პრაქტიკა გამთლიანებისკენაა მიმართული. რაც შეეხება ციგუნს – ითარგმნება ჩინურიდან როგორც „ენერგიასთან მუშაობა“. „ცი“ ნიშნავს სასიცოცხლო ენერგიას, „გუნ“ მუშაობას. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ ვეუფლებით ციგუნს, ვსწავლობთ ენერგეტიკული დინებების მართვას, როგორც გარე ბუნების, სამყაროს, ასევე, ჩვენი საკუთარი არსების შიგნით .

ასევე, გვაქვს უნიკალური შერწყმა ექსტაზური ცეკვის, მოძრაობის, სუნთქვისა და დინამიური მედიტაციის. პრაქტიკა მარტივი მედიტაციაა და საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი ფარული სურვილები მოძრაობის გზით და გავთავისუფლდეთ, ჩამოვშორდეთ გონებას. პილატესი მათთვისაა, ვისაც სხეულის ტონუსში მოყვანა სურს. ასევე, სტუმრებს ვთავაზობთ კრივის ვარჯიშებსაც, რაც უებარი გზაა სხეულის გაძლიერებისთვის და ემოციური მუხტის სწრაფი გამოდევნისთვის.

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სამომავლოდ ვფიქრობთ, გავაკეთოთ “Getaway” პროექტები, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით პრაქტიკების ჩატარებას. ძალიან დიდი ინტერესია რეგიონებიდანაც, სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ მსგავსი გასვლების მოწყობას, რადგან ყველას მიეცეს შესაძლებლობა ეზიაროს ჩვენს პრაქტიკებს.

M: სჭირდება თუ არა წინაპირობა „მანტრაში“ ვარჯიშის დაწყებას, ან რა რჩევას მისცემდით დამწყებ მოვარჯიშეს?
პირველ რიგში, ვურჩევდი გახსნას, მიმღებლობას სიახლის მიმართ და ვეტყოდი „არ შეუშინდე უცხო ხილს“. საჭიროა, დაისახოს მიზანი და არ გააჩეროს სვლა ამ მიზნისკენ. მინდა გააცნობიერონ ადამიანებმა, რომ არაა აუცილებელი იყო მოცეკვავე, რომ იცეკვო, არაა აუცილებელი გქონდეს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები, რომ დაიწყო იოგა. მანტრაში მოსასვლელად არანაირი წინაპირობა არ არის საჭირო, გარდა ტრანსფორმაციის სურვილისა.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა