in

“ერთ-ერთი, რაც ალბათ ჩემს ნამუშევრებს აერთიანებს, მინიმალისტური, ცოტა „ასკეტური“ ესთეტიკაა” – შემოქმედი მანუჩარ ოქროსცვარიძე


“თუ ძალიან მოკლედ შევეცდები თავის წარდგენას, ვიტყოდი, რომ ვარ ვიზუალური ხელოვანი – ანუ ადამიანი, რომელიც სამყაროსთან კომუნიკაციის, აზროვნების, კითხვების დასმისა და პასუხების ინსტრუმენტად, სიტყვებზე მეტად, ვიზუალურ ნიშნებს იყენებს. ვარ 46 წლის. ვცხოვრობ და ვმუშაობ საქართველოში.”

ასე გვიხასიათებს თავს ვიზუალური ხელოვნების ქართველი წარმომადგენელი მანუჩარ ოქროსცვარიძე. მისი შემოქმედება სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრების ფართო სპექტრს მოიცავს. მინიმალისტური ფერწერა, სხვადასხვა მასალით შექმნილი ინსტალაციები, საინტერესო ფორმები და ფერები, თვითგამოხატვის ძალიან ინდივიდუალური გზები – ალბათ სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ხსენებულ შემოქმედამდე.

M: როდის შედგით ხელოვნების სფეროში პირველად ფეხი და რა იყო ამის მიზეზი? როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში?

გადაწყვეტილება, რომ ხელოვნებას უნდა გავყოლოდი, 14-15 წლის ასაკში მივიღე. ამ პერიოდში და შემდეგ წლებშიც ჩემი ინტერესის სფერო, ძირითადად, ფერწერა იყო. პირველი პედაგოგი კი ჩემი მშობლების მეგობარი, მხატვარი ომარ დურმიშიძე იყო, რომელთანაც კვირაში რამდენიმე დღე სახელოსნოში დავდიოდი და ფერწერის და ხატვის ნიუანსებს ვსწავლობდი. ჩემთვის ეს პირველი და ძვირფასი ნაბიჯები იყო. შემდეგ ამას სხვა პედაგოგებთან სწავლა და თბილისის აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი მოყვა. აკადემიაში სწავლა საკმაოდ რთულ და ცვლილებების პერიოდს დაემთხვა (1991-97წწ) და უკვე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა, რომ აკადემიის განათლება მთლად ადექვატური ვერ იქნებოდა იმის, რაც უკვე თანამედროვე ხელოვანს სჭირდებოდა… ამის გამო სწავლის ბოლო 2-3 წელი თითქმის აღარ იყო კავშირში აკადემიასთან და უფრო თვითგანვითარებას ვცდილობდი. თუმცა, ძირითად მედიუმებად მაინც ფერწერა და ნახატი რჩებოდა. ამ წლებში და შემდეგაც რაღაც პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი, ხელოვნების ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას და გადააზრებას. ასევე, სხვადასხვა სფეროს და ტექნიკის შესწავლას. მაგალითად, ვსწავლობდი ბეჭდურ გრაფიკას, ხატწერის თეორიულ მხარეს, შევეხე კონცეპტუალურ და მინიმალისტურ ხელოვნებას, რომლებმაც ჩემს შემდგომ მუშაობაზე გავლენა იქონია.

M: ახლა რას საქმიანობს მანუჩარ ოქროსცვარიძე? რომელ მედიუმებში მუშაობთ?

ამჟამად ჩემი მუშაობის არეალი საკმაოდ ფართოა. ალბათ შეიძლება ე.წ. მულტიმედია ხელოვანად ჩავითვალო. ძირითადი სფერობი მაინც მინიმალისტური ნახატი, სპეციფიკური ინსტალაციები და თანამედროვე (ე.წ. contemporary) ქანდაკებაა. პერიოდულად ფერწერასაც ვუბრუნდები, თუმცა, ეს უფრო კონცეპტუალური ნამუშევრებია, ვიდრე ტრადიციული გაგებით ფერწერა.

M: ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ნამუშევრები გაქვთ – პირველ რიგში, როგორ არჩევთ, რომელ მედიუმში იმუშავებთ და ასევე, როგორია თქვენი მუშაობის პროცესი, დეტალურად და თანმიმდევრულად გვიამბეთ..

ჩემი ნამუშევრების განსხვავებულობას ალბათ, ერთი მხრივ. განათლების თუ თვითგანვითარების ის გზა განსაზღვრავს, რომელზეც ზევით ვისაუბრე. ეს განათლება საკმაოდ ეკლექტურია. თუმცა, კონკრეტულ ნამუშევარში ეკლექტიკას ყოველთვის ვერიდები და, ვცდილობ, ფორმა მაქსიმალურად „გავფილტრო“. მეორე ფაქტორი ალბათ ის არის, რომ პირველ პლანზე კონცეფციას, იდეას ვაყენებ და შემდეგ ვცდილობ ამ იდეისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფორმის და მედიუმის მოძებნას. ამ ძიებაში ვერიდები მკაცრი შაბლონებით თავის შეზღუდვას, რომელიც შეიძლება ხელოვანის ხელწერად ჩაითვალოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ფორმალურ ექსპერიმენტებზე ვამბობ უარს და მგონია, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, დაკვირვებული თვალი იპოვის ჩემს ნამუშევრებში ერთიან ხაზსაც. ერთ-ერთი, რაც ალბათ ჩემს ნამუშევრებს აერთიანებს ეს მინიმალისტური, ან თუ შეიძლება ითქვას, ცოტა „ასკეტური“ ესთეტიკაა. თითქმის ყოველთვის ვცდილობ ნამუშევარი თავიდან ბოლომდე წარმოვიდგინო და შემთხვევითობები გამოვრიცხო.

M: საიდან მოდის ხოლმე შთაგონება ნამუშევრის შესაქმნელად?

შთაგონებად შეიძლება ყველაფერი იქცეს, რამაც შეიძლება ჩვენს ფსიქიკასა თუ ცნობიერებაზე ზემოქმედება მოახდინოს. თუმცა, თუ ნამუშევარს მკაფიოდ გამოხატული გზავნილი აქვს, ვცდილობ, მხოლოდ მნიშვნელოვან თემებს შევეხო. იმ შემთხვევებში კი, როდესაც საქმე მინიმალისტურ, აბსტრაქტულ ნამუშევარს ეხება, ჩემი სამიზნე უფრო ადამიანის ქვეცნობიერია.

M: რა პირობები გჭირდებათ საიმისოდ რომ იმუშაოთ?

ნამუშევრის იდეა შეიძლება ნებისმიერ გარემოში დაიბადოს. ამისთვის არ არის აუცილებელი, განსაკუთრებული სახელოსნო ან პირობები. თუმცა, განმარტოების და რუტინისაგან მოშორების საშუალება ალბათ ნებისმიერ ხელოვანს უნდა ჰქონდეს. ამჟამად ძალიან მცირე ზომის სახელოსნოში ვმუშაობ, რომელიც სახელოსნოზე მეტად, ალბათ, როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ უწოდა, „სააზროვნო სივრცეა“. ეს ტერმინი ძალიან მომეწონა. თუმცა, იდეებს განხორციელება სჭირდება და ამ სივრცეში იმ სკულპტურების და ინსტალაციების შექმნა, რომლებზეც ვმუშაობ ხოლმე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ ასეთი ნამუშევრები ტექნიკურ საშუალებებსაც მოითხოვს. ასეთი სამუშაოსთვის, როგორც წესი, შესაფერისი სამუშაო სივრცეების დროებით ქირაობა მიწევს.

M: როგორ ფიქრობთ, რას ყვებიან თქვენი ნამუშევრები? ძირითადად, რა თემას ეხებიან?

ვფიქრობ, კლასიკური თუ მოდერნისტული ხელოვნებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც ძირითადი ობიექტი ბუნება და მისი ინტერპრეტაციაა, თანამედროვე ხელოვნებისთვის ობიექტი უფრო ადამიანის გონებაა. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები ადამიანის შინაგან ცხოვრებაზე ყვებიან, თავისი რთული ორნამენტებით და კონფლიქტებით. როგორც წესი, ვცდილობ შინაარსობრივად „მრავალშრიანი“ ნამუშევრები შევქმნა, რომლებსაც ადამიანი თავისი ფსიქოინტელექტუალური თავისებურებების გათვალისწინებით წაიკითხავს და შესაძლოა, ყველა შრე ვერც აღმოაჩინოს, თუმცა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. აბსტრაქტულ ნამუშევრებშიც კი ვცდილობ, მაყურებლის აზრები აბსტრაქციის და თხრობითის ზღვარზე გავატარო.

M: მინიმალისტური ნახატები ჭარბადაა თქვენს შემოქმედებაში – რატომ მინიმალიზმი და რატომ არა ბევრი ფერი?

ზევითაც ვახსენე, რომ მინიმალიზმმა ჩემზე გავლენა მოახდინა, თუმცა, სუფთა გაგებით, მინიმალისტი მხატვარი არ ვარ, რადგან ჩემი ნამუშევრები სავსეა კონცეფციებით და მეტაფორებით, რაც კლასიკური მინიმალიზმისთვის უცხოა. შემიძლია ვთქვა, რომ სუფთად მინიმალისტური ნამუშევრებიც მაქვს, მაგრამ გაცილებით ნაკლები. მინიმალიზმი ჩემთვის უფრო ესთეტიკური პრეფერენციის საკითხია. როგორც ვახსენე გარკვეული ესთეტიკური „ასკეტიზმია“, რაც მეხმარება ყურადღება მხოლოდ მთავარზე გავამახვილო.

M: თქვენს ნამუშევარს წარმოადგენს ძველ რუსთავში დადგმული გოგოსა და ბიჭის ფიგურა. გვიამბეთ მათი კონცეფციის შესახებ..

რუსთავში დადგმული ფიგურებიდან პირველი ბიჭუნას ქანდაკება დაიდგა 2018 წელს. თუმცა, ქანდაკების თაბაშირის ვერსია 2013 წელს გავაკეთე და ვთვლი, რომ ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელობანი ნამუშევარია. ის სწორედ იმ მრავალშრიანი ნამუშევრების მაგალითია, რომლებიც ზევით ვახსენე. იმას ვგულისხმობ, რომ ასეთი ნამუშევარი სხვადასხვა კონტექსტში არის სიცოცხლისუნარიანი და ფართო ინტერპრეტაციებისთვის გახსნილი. აქ, ერთი მხრივ, ადამიანის (ამ შემთხვევაში მოზარდის) ფსიქიკაზე, ცნობიერებაზე, ემოციურობაზეა აქცენტი. მეორეს მხრივ, ძლიერი სოციალური დატვირთვა აქვს და მაყურებელს საკუთარ გავლენასა და პასუხისმგებლობაზეც მიანიშნებს. თუ კიდევ ღრმად წავალთ, სხვა შრეებსაც აღმოვაჩენთ, თუმცა, მირჩევნია სხვა ინტერპრეტაციები მაყურებელს დავუთმო. ქანდაკება რამდენჯერმე დააზიანეს, თუმცა, ამისთვის წინასწარ მზად ვიყავით და, საბოლოო ჯამში, ეს დაზიანებებიც ქანდაკების შინაარსის ნაწილი გახდა. გოგონა ცოტა მოგვიანებით, ერთი წლის წინ დაიდგა. მისი კონცეფცია ბიჭუნას კონცეფციის გაგრძელებაა, თუმცა, აქ ცოტა მეტი შევიტანე პოპ-არტისგან. თუმცა, ეს მხოლოდ ვიზუალურად, ხოლო კონცეპტუალურად ქანდაკება პოზიტიური ვიზუალის მიღმა გარკვეულ კითხვებსაც სვამს. გოგონას პრიალა გულიც ცოტათი დააზიანეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ეს დაზიანება შინაარსს უსვამს ხაზს და თითქოს ნამუშევრის ბიოგრაფია ხდება…

M: როგორი გავლენა ჰქონდა პანდემიას თქვენზე, როგორც ხელოვანზე?

პანდემიის პერიოდი ყველასთვის სტრესული იყო, მაგრამ ხელოვანებმა ვცადეთ ჩვენი პროფესიის უპირატესობები გამოგვეყენებინა და ნაწილობრივ გამოგვივიდა კიდეც. ძალაუნებურად გამონთავისუფლებული დროის წყალობით მთლიანობაში პანდემიური წელი ჩემთვის შემოქმედებითი თვალსაზრისით პროდუქტიული იყო. თუმცა, დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობა ამ წელს არ გამოვიდა და უფრო მცირე ზომის ნამუშევრებზე მუშაობით მომიწია დაკმაყოფილება.

M: ახლა რას საქმიანობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

უახლოეს პერიოდში, გაზაფხულის განმავლობაში ორ, შედარებით მცირე მასშტაბის გამოფენას ვგეგმავ, სადაც პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება. შემდეგ კი, იმ შედარებით დიდი პროექტებისკენ ვაპირებ მიბრუნებას, რომლებიც პანდემიის გამო შეფერხდა. ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება, რის საშუალებას მოგვცემს ეს წელი, მაგრამ მინდა, ამ წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისისთვის დიდი სოლო გამოფენა მოვამზადო, რომლის მონახაზებიც უკვე მაქვს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე


„ლოვენბრაუ – შენ იცი რაც გინდა!“

ტალახი, როგორც საშენი მასალა – 3D პრინტერით შექმნილი მყუდრო ქოხი