in

“საქმეზე დილის ხუთზე გავდიოდით და Mao-ს კურიერებიც ჩვენ ვიყავით…”

Startauperi
Startauperi

“როცა ვიწყებდი, იყო დაკარგული, შეშინებული გოგო, რომელიც თბილისში იწყებდა ფეხის ადგმას, მაგრამ ყოველთვის სჯეროდა, რომ შრომით ყველაფერი მიიღწევა. მოძრაობა, განვითარება და სიახლეებიზე ადაპტირება იყო უმთავრესი და შედეგიც დადგა,” – ეს, დაახლოებით, შვიდი წლის წინ იყო, სანამ მაკუნა გაბუნია საკუთარ გზას იპოვიდა, სანამ თბილისში, 500 ლარით დაიწყებდა ბიზნესს და ყვავილების მაღაზიას გახსნიდა, სანამ ქუთაისში ფრჩხილების სალონს ჩაუდგებოდა სათავეში და სანამ ახლობლებსაც და უცხოებსაც შთააგონებდა, ეცადათ რაღაც სრულიად ახალი და ერწმუნათ, რომ ყველაფერი, სულ სულ ყველაფერი კარგად იქნებოდა… შეიძლება ითქვას, რომ დღეს, “მაო” ერთგვარი იდეოლოგიაა, ენერგია, რომელმაც თავის გარშემო არაერთი ქალი გააერთიანა:

“ახლა, უკვე ძალიან დიდი გოგოა “მაო”, უზარმაზარი გამოცდილებით – ბლოგი, რომელსაც Facebook-სა და Instagram-ზე, ჯამში, 318,876 გამომწერი ყავს, გოგოებების მთელი არმია, სადაც მე და ჩემი მეგობარი ვმუშაობთ სხვადასხვა ბრენდებთან კოლაბორაციებზე, ყვავილების მაღაზია, რომელიც აფერადებს თბილისს და ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და ერთადერთი ფრჩხილის სალონი გაპრანჭულ ქალაქში, რომელსაც ასევე უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, “მაოს” უნიჭიერესი გუნდის წყალობით,” – გვაიმბო მაკუნა გაბუნიამ 

M: ვინ იყავი Mao-მდე და თავად “მაო” როგორ დაიბადა? 

MAO-მდე, იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მოვხვდი ბებოს დაჟინებული თხოვნით და ეს იყო დაუსრულებელი ტანჯვა. ეს გახლდათ ადგილი, სადაც კედლები და საგნები ერთად მახრჩობდნენ. სწორედ ამ მარწუხებმა განაპირობა მეპოვნა საკუთარი თავი და გავქცეულიყავი “ფიოზიოლოგია-პათანატომიისაგან”. თუმცა, აქაც იყო მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც შუალედურზე, ანატოომის ლექტორს გულახდილად ვუპასუხე რომ არ ვიყავი მზად, რადგან არ მაინტერესებდა და აქ მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი – ბატონმა ზაზა თოფურიამ მკითხა ჩემს ინტერესებზე და დავიწყეთ საუბარი VOGUE_ზე. მითხრა, როგორ გამომეყენებინა ანატომია მოდის ინდუსტრიაში და საერთოდ შემაცვლევინა წარმოდგენა საგანზე.

აქ მივხვდი, რომ სამყარო რასაც გვაძლევს, სწორად უნდა მივიღოთ და თავად მოვირგოთ მიღებული ცოდნა. ამის შემდეგ შეიქმნა პირველად ფეისბუქ ფეიჯი Mao.ge. სახელი იაპონური კულტურიდან მოდის და შავ კატას ნიშნავს, რომელიც შეუპოვრობის, მიზანდასახულობისა და მუდმივი მოძრაობის ნიშანია.

M: როგორც ახსენე, “მაოს” კონცეფცია რამდენიმე საქმიანობას აერთიანებს. როგორ გაჩნდა პირველი საქმიანობა? პირველ ნაბიჯებზე გვიამბე…

დიდ დროს ვუთმობდი, მუდმივად ვეძებდი სხვადასხვა საიტებზე ფოტოებს და ამ დროს აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ლამაზ მუყაოს ყუთებში ყვავილებს არავინ ამზადებდა და გადავწყვიტე ჩემი უახლოესი მეგობრისათვის გამეზიარებინა იდეა და შევთავაზე ერთად გაგვეკეთებინა ყვავილების მაღაზია. სახელიც ისევ “მაო” გამოვიყენეთ და ხუთასი ლარით დავიწყეთ “მაოს” შენება. 

ეს იყო დაუღალავი შრომა, რომელშიც ბოლომდე ვიყავით ჩართულები. დილის ხუთ საათზე ყვავილების ასაღებად გავდიოდით, კურიერებიც ჩვენ ვიყავით და გვქონდა ანო ბებოს ერთი ოთახი, სადაც ვმუშაობდით მხოლოდ ჩვენ, ვსწავლობდით, ვაგროვებდით ერთგულ მომხმარებელს და ვვითარდებოდით.

დანაზოგით ავიღეთ ფართი ა.ყაზბეგის 20ა ნომერში, გავარემონტეთ და დღეს უკვე რამდენიმე წელია ამ მისამართზე ვიღებთ მომხმარებელს. გვყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიარეს განვითარების ყველა ეტაპი და დღემდე გვგულშემატკივრობენ. ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია.

M: ქუთაისში როგორ გახსენი ფრჩხილების სალონი?

შემდეგ იყო ჩემი ქუთაისი – ყველაზე გაპრანჭული ქალაქი, სადაც ჩემს მეგობართან ერთად, გავხსენი ფრჩხილის სალონი Mao Nails and Store. მთავარი მოტივატორი ამ შემთხვევაში, ჩემი აქ უკვე ახლადფეხადგმული სალონის მფლობელი მეგობარი იყო – 24 წლის პატარა გოგო, რომელმაც საკუთარი ძალებით შექმნა საერთოდ ახალი სივრცე თბილისში, მომაწოდა კონტაქტები და მომცა მიმართულება. ახლა ერთმანეთს ვზრდით, ინსტაგრამ და ფეისბუკ გვერდებს ჩვენ თავად ვმართავთ, ვაკვირდებით რა, როგორ სჯობს და ახლა ყველა “მეგობარი სალონების” სახელით გვიცნობს.

ასევე, ამ სტარტაპის მთავარი ინსპირაცია ,,შავი პომიდორი’’ და მისი დამფუძნებლები გახდნენ. წავიკითხე თუ არა, მოვიხიბლე მათი შემართებით, თბილისელი გოგონების ქუთაისისადმი ინტერესითა და გულანთებულობით. მაშინვე დავიწყე ფიქრი, რა გამეკეთებინა ჩემს გაპრანჭულ ქალაქში და შემდეგ იყო ჩემი მეგობარი საოცარი სტიმულით.

M: როგორც დაარწმუნე გარემოცვა, ამ საქმეში ჩართულიყო?

საოცარი გუნდი შეიკრა “მაოში”. თითოელი მათგანი განსაკუთრებულია და საოცრად ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისში მყავს მეორე დიდი ოჯახი, რომელსაც “მაო” ჰქვია. მყავს ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთან ერთადაც სოფელში საზაფხულო არდადაგებს ვატარებდი და მახსოვდა მისი მოხერხებულად წასმული ლაქი. პირველი მას დავურეკე, რემონტის დასრულებამდე ესწავლა და შემდეგ დასაქმება შევთავაზე. ასევე იყო ნათესავი გოგონა, რომელიც გორგიაში მუშაობდა. მასაც შევთავაზე სწავლა და დღეს, თვის ბოლოს, მათ ანაზღაურებას როცა ვხედავ, უზომოდ ბედნიერი ვარ და ეს ყველაზე დიდი ნაყოფიერების შეგრძნებაა.

მინდა აღვნიშნო, ასევე, ჩემს ერთ-ერთ სპეციალისტს ზუსტად ჩვენი სალონის წინ აქვს პატარა მაღაზია სალონური ინვენტარით. იდეა, რომელიც გახსნამდე ჩემთან გააჟღერა, ძალიან მომეწონა და ალბათ, ერთ-ერთი ვიყავი, ვისაც მთელი გულით უნდოდა ეს საქმე გამოსვლიდა და გამოუვიდა (თანაც როგორ!). სწორედ ესაა ის წრე, რომელზეც ვსაუბრობდი – მისგან ჩვენც მოგვაქვს პროდუქცია და ერთგვარი ხელგაწვდილობაა. ვეხმარებით და ვაძლიერებთ ერთმანეთის საქმეს და ეს ყველაფერი დიდი სიყვარულითა და მეგობრობით კეთდება.

M: საქმიანობაში აქტიურად იყენებ ინსტაგრამს, გაგვიზიარე ეს გამოცდილება – რამ განაპირობა “მაოს” ინსტაგრამ გვერდების მიმართ მზარდი ინტერესი?

ინსტაგრამზე დამოკიდებული ვარ. ყველაზე საყვარელი და გემოვნებიანი აპლიკაციაა და გემოვნებიანი ფოტოები განსაზღვრავს ინტერესს, როგორც ყვავილებზე, ასევე ფრჩხილებზე. ბლოგზე ვცდილობთ ჩვენი ნიშა გვქონდეს, საინტერესო, ესთეტური და ტენდენციებს მორგებული. აი, მაგალითად, არასოდეს მავიწყდება მშვიდობიანი დილა ვუსურვო ჩემს მომხმარებელს, უბრალოდ, ლამაზი ფოტოთი და ამას ქართულ ბაზარზე თითქმის არავინ აკეთებს.

ბევრს ვფიქრობ და ვაკვირდები გამომწერთა ქცევას, რა და რატომ მოსწონთ. ინსტაგრამიც ყოველდღიურად იხვეწება და გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ დიაგრამაზე აქტივობას. ეს ძაალიან კომფორტულია ბიზნეს ექაუნთისათვის, აუცილებელია ე.წ update უკეთო საკუთარ თავსაც, როგორც აპლიკაციას და მოერგო მის მოთხოვნებს.

M: რა გაძლევს მოტივაციას და შემართებას, იარო წინ და განავითარო ახალი მიმართულებები?

დიპლომი რომ ჩავუტანე ბებოს, მახსოვს მისი ბედნიერი თვალები, საღამოს შემოკრებილი სამეზობლო და შუაში ბებო ჩემი დიპლომით გულდამშვიდებული. სერიოზულად არასოდეს უყურებდა რასაც ვაკეთებდი, ეშინოდა. მამა 13 წლის ასაკში გარდამეცვალა და სულ იმის განცდა ჰქონდა, რომ ვინმე დამჩაგრავდა, მომატყუებდა. მე კიდევ, ამ დამოუკიდებლობამ გამაძლიერა, გამაძლიერა დედის შრომის ყურებამ და გვირაბის ნათელი წერტილი ჩემთვის მისთვის შრომის შემსუბუქება იყო. ვიცოდი, ამისათვის დაუღალავად უნდა მეშრომა. დედა ყოველთვის პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებებს და გვერდით მედგა, როგორც საუკეთესო მეგობარი. ჩემი მოტივაცია სიყვარული და ადამიანებია.

მგონია, რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დედამიწაზე და უმჯობესია, მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისაკენ, მივცეთ სტიმული, გავუზიაროთ გამოცდილება და მიმართულება, სად, რა, როგორ სჯობს. ეს ყველაფერი ერთი წრიულობაა, შენ სხვას სჭიდებ ხელს, შენ სხვა გეჭიდება და საოცარ ძალასა და სიამოვნებას იღებ ამ ყველაფრისაგან.

M: სამომავლო გეგმებზეც გვიამბე…

სამომავლო გეგმებზე მკითხეთ და ძალიან მინდა ჩემი გამოცდილება, გზა განვითარებისაკენ, სირთულეებზე, მომხმარებელთან ურთიერთობაზე და სოციალურ ქსელებზე ბევრ ქალბატონს გავუზიარო, მივცე მათ სტიმული და სწორი მიმართულება და რაც მთავარია, მოტივაცია, რომ თუ საკუთარ თავში იპოვიან სურვილების პაწაწინა ყუთს, გახსნიან, მიიღებენ და გაითავისებენ, რისი კეთება ანიჭებთ სიამოვნებას, აუცილებლად გამოუვათ ყველაფერი, აუცილებლად. რთულია დაარწმუნო ადამიანი, რომ ცხოვრებას ახალი მიმართულება მისცეს, თუმცა რამდენჯერმე გამომივიდა და ამაზე დიდი ადრენალინი და ბედნიერება არ არსებობს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ტოპ 5 სტარტაპი, რომელიც 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობას აგრძელებს

ლედი გაგას ახალი კლიპი, რომელიც სერგო ფარაჯანოვის ფილმის მოტივებზე შეიქმნა