in

Mao: „ბნელ ოთახში ხელების ცეცებით, თავად გავიკვლიეთ გზა“

Startauperi
Startauperi

ეს ამბავი, დაახლობით, 8 წლის წინ იწყება, როდესაც შეუპოვრობის, მიზანდასახულობისა და მუდმივი მოძრაობის იაპონური სიმბოლო შავი კატა „მაო“ ქართულ ონლაინ სივრცეში იწყებს ცხოვრებას. თავიდან, ეს, უბრალოდ ერთიანობის იდეა იყო, ენერგია, რომელიც საკუთარი თავის ძიებისას, მაკუნა გაბუნიამ ათიათასობით ქალის შთაგონების წყაროდ აქცია. ფართო აუდიტორიასთან სოციალური ქსელების საშუალებით საუბრის პარალელურად, მუდმივად ეძებდა იდეებს ბიზნესისთვის და ერთხელაც, ლამაზად შეფუთული თაიგულების ფოტოებმა ყვავილების მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. ბიზნესი 500 ლარით დაიწყო, მეგობრებთან ერთად. სხვების დაუხმარებლად აკეთებდნენ ყველაფერს, საქმეს დილის ხუთი საათიდან იწყებდნენ და კურიერობასაც თავად ითავსებდნენ. მალე, დანაზოგის საშუალებით, თბილისში ალ. ყაზბეგის #20ა-ში „მაოს ყვავილების“ მაღაზია გამოჩნდა.

მოგვიანებით, Mao-ს ახალი მიმართულება დაემატა და მაკუნა გაბუნიამ, მეგობრებთან ერთად, მშობლიურ ქუთაისში ფრჩხილების მოვლის სალონი გახსნა. დღეს, ეს იდეა ასიათასობით ადამიანს აერთიანებს – როგორც მაკუნა ამბობს, „მაოს“ გოგოების მთელი არმია ჰყავს და ამაყობს, რომ უამრავი კმაყოფილი მომხმარებლის გარდა, არაერთ ადამიანს ახალი პროფესიის დაუფლებისა და შემოსავლის მიღების საშუალება მისცა. თუმცა, Mao-ს განვითარებასაც არ ჩაუვლია უშეცდომოდ და დღეს, მაკუნა გაბუნია საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

„ჩვენი ბიზნესი ქართულ ბაზარზე ახალი სიტყვა იყო. ამიტომ გავიზარდეთ და საკუთარ შეცდობზე ვისწავლეთ. არავის გვქონდა ყვავილებთან შეხება და ასე, ბნელ ოთახში ხელების ცეცებით თავად გავიკვლიეთ გზა. პირველი სირთულე სტაბილური და ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებლის პოვნა იყო. შემდეგ, ყუთის ზომებზე მუშაობა. მახსოვს, პირველ 100-ვარდიან შეფუთვაში 150 ვარდი როგორ მოთავსდა. ეს ზომების დადგენა თვეების მანძილზე გრძელდებოდა, შემდეგ გულის ფორმები გვინდოდა და აქაც უამრავ სირთულეს ვაწყდებოდით, მაგრამ საბოლოოდ, მივიღეთ ის ხარისხი, რაც გვინდოდა.

შეცდომა იყო, ასევე, დამხმარე გუნდის სიმცირე. ეს ცხადად მაშინ გამოჩნდა, როცა პირველი სიყვარულის დღეს ძალიან ბევრი შეკვეთა მივიღეთ და ამისათვის საკმარისად მზად არ ვიყავით.
პანდემიის დროს, ვერ მოვასწარით მზად გვქონოდა ვებგვერდი და ვთვლი რომ, ეს მთავარი შეცდომა იყო, ყველა ბიზნესისათვის აუცილებელია სწრაფი რეაგირება ცვლილებებზე.

გარდამტეხი შეცდომა გაუმართავი სისტემა იყო, რომელიც უკონტროლო გახდა სიყვარულის დღეს, გვეხმარებოდნენ მეგობრები, არ გვყავდა საკმარისი რაოდენობის კურიერი და დამხმარე ფლორისტი. ამ დროს მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ვამბობდით ქართულ ბაზარზე და საერთოდ ახალ ეტაპზე გადასვლას მოითხოვდა, ეს იყო სტიმული გვქონოდა დიდი მაღაზია, საწყობითა და კვალიფიციური სპეციალისტებით.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მუსლიმი გულშემატკივრის თხოვნით, ბარსელონა H&M-თან სასპონსორო ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს

„100 ქალი მეწარმის ბაზარი“ – „კრისტალი“ და USAID ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად