Maps of Nowhere გიო სუმბაძისა და ფრანჩესკა კროტის კოლაბორაციული პროექტია, რომელსაც გალერეა ართბითი 6 თებერვლის ჩათვლით მასპინძლობს. გამოფენა ლაგუნა ვერეს ფოტოგრაფიას მოიცავს — გვიანი საბჭოთა კავშირის აკვა კომპლექსს და ამჟამად სრულიად უყურადღებოდ მიტოვებულ შენობას.
“ლაგუნა ვერემ ჩვენი ყურადღება მიიპყრო, რადგან ეს არის საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნიმუში. დღევანდელი კონდიცია კი ზუსტად ასახავს ქალაქის ურბანულ რეალობას, სადაც ასეთი დატვირთვის მატარებელი ობიექტი მსგავს მდგომარეობაშია”, — აღნიშნავს ხელოვანი გიო სუმბაძე. მართლაც, დღეისათვის ეს არქიტექტურული პროექტი ტრანსფორმაციულ პროცესებს გადის… გარე სამყაროსთვის მიუწვდომელი, ყოველგვარ კავშირს მოკლებული სრული განადგურების გზას ადგას.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ხელოვანების თვითმიზანი ნანგრევებზე აქცენტირება არ ყოფილა, მათ სხვა შესაძლებლობა მაინც არ დარჩათ. ამ დანგრეული ობიექტების იდენტიფიცირება და ასახვა კი სპეკულაციურ რეფლექსიას ემსახურება, თუ როგორ შეიძლება ნანგრევები საკუთარ გარემოს ხელმეორედ დაუკავშირდეს. ამისათვის გიო სუმბაძემ და ფრანჩესკა კროტიმ ხელოვნების რამდენიმე მედიუმს მიმართეს — რუკებითა და გეგმარების ნიმუშებით შთაგონებული ნახატები, რომლებიც პერგამენტის დღიურებთან იმყოფება დიალოგში; ისევე, როგორც ფოტოგრაფიასთან და ფოტო ინსტალაციებთან.
უფრო კონკრეტულად რომ აღვწეროთ, ფოტოგრაფიული ნამუშევრები გრაფიკულთანაა კომბინირებული — მოქმედებათა ჩანაწერები, შეხვედრები და დაკვირვებები, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე სტუმრობისას შეიქმნა, არქიტექტურული ობიექტების და მათი კონტექსტის რეტროსპექტული რეფლექსიის ინსტრუმენტებად იქცა. ვიზუალური და წერილობითი ნარატივების შერწყმა გონების უნარის გაფართოებას წარმოადგენს.
“აქამდე ყველასათვის ღია იყო ცენტრში განთავსებული შენობა. ახლა კი კერძოა, ფიზიკურად მიუწვდომელი”. ერთი მხრივ, სუმბაძის ნამუშევრები ორიენტირებულია არქიტექტურულ არტეფაქტებზე, მეორე მხრივ კი წარმოადგენს გამოგონილ არეალს და შეიცავს პერსონალიზებული სივრცის ელემენტებს. მისი თქმით, ხელოვნების ნაწარმოებები სივრცისა და დროის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა, რაც ზუსტად აისახება უტოპიურ სამყაროზე “მთხრობელ” დღიურის ფურცლებსა და ზოგადად გამოფენის კონცეფციაში.