მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ველოაქტივისტი მარი მიხელიძე გვიყვება.
ჩემ შემთხვევაში, ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევს ყოველდღე – იღვიძებ, ფიქრობ გასაკეთებელ საქმეებზე და წასვლას ველოსიპედით არჩევ. შემდეგ მიდიხარ და ისევ გაქვს არჩევანი – გულგრილად ჩაუარო ზებრა გადასასვლელზე ან ველობილიკზე მდგარ მანქანას თუ 112-ში დარეკო… და ასე, დაუსრულებლად – მუდამ იღებ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რას დაუთმო შენი ძვირფასი დრო. ფსიქოლოგიას ვსწავლობდი ბაკალავრიატზეც, შემდეგ მაგისტრატურაზეც და დამეხმარა გამერკვია, როგორ გავმკლავებოდი იმ ნეგატიურ და პესიმისტურს აზრებს, რასაც გამოთქვამდნენ თბილისში ველო გადაადგილებასთან დაკავშირდებით. სამწუხაროდ, ეს არაა მარტო აზრები, რიგ შემთხვევებში – ღია აგრესიაა. არ უნდათ, რომ გზის ნაწილი სხვას, ქვეითს, ველოს გაუზიარონ.
თავიდან, როცა ველოთი სიარული დავიწყე, რა თქმა უნდა, არ მქონდა იგივე განცდები და აზრები – უბრალოდ ვცდილობდი, უსაფრთხოდ მივსულიყავი უნივერსიტეტამდე. სხვა ველოსიპედისტების გაცნობამ, მათმა მოსმენამ, ხალხის რეაქციებმა და იმ უამრავმა წინააღმდეგობამ, რაც გზადაა, აქამდე მომიყვანა – დიდ დროს ვუთმობ ახსნას, რატომ ვირჩევთ ველოსიპედს ყოველდღე.
პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რამდენადაც ის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. თუ ავტომობილის მძღოლის მიზანია, დანიშნულების ადგილას სწრაფად მივიდეს, ველოსიპედისტს უწევს იფიქროს, როგორმე დაუზიანებლად, ცოცხალმა მიაღწიოს. ის, რომ ველობილიკები არაა ყველგან, არ იქნებოდა ასეთი გამოწვევა, რომ არა ავტომობილის მძღოლების დამოკიდებულება, ჩაგიარონ ძალიან ახლოს, არ გაგითვალისწინონ მოხვევისას, გადაადგილდნენ დიდი სისწრაფით.
ქუჩა ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც „საავტომობილო გზა“ და არა, როგორც რეალურად უნდა იყოს – საზოგადოებრივი სივრცე, სადაც თანაბრად უნდა ჰქონდეს ადგილი ქვეითს – ბავშვებს, მშობლებს, მოზარდებს, სტუდენტებს, ზრდასრულებს, ასაკოვნებს, ეტლით მოსარგებლეებს და ა.შ. ქუჩა თანაბრად არის ველოსიპედისტების, ელექტროსკუტერიანებისა და ელექტრო ბორბლიანების, მოტოციკლისტების, გორგოლაჭებითა და სკეიტით მოსარგებლეების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტაქსისა და მსუბუქი ავტომობილების მგზავრების სივრცე.
ქალაქში მიმდინარე ამ პროცესის პარალელურად, ველოსიპედით ვმოგზაურობდი საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. თუმცა გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, საფრნგეთისა და მთავარი – ჰოლანდიის ველომოგზაურობის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თავისუფლად შესაძლებელია, ქალაქიდან ქალაქში წასვლა უსაფრთხო და ძალიან სასიამოვნო იყოს. თავს გრძნობ, როგორც საგზაო მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი, ინფრასტრუქტურა გაგრძნობინებს, რომ შენი მისვლა ყველგან უხარიათ და გელოდნენ კიდეც.
ამ შეგრძნებასა და მომენტს შორის, როცა 2022-ში მანქანა დამეჯახა თბილისში, რადგან გვერდიდან დისტანცია არ დაიცვა და ყველანაირად ცდილობდა, დამნაშავე მე გამოვჩენილიყავი – არის დიდი უფსკრული. არამხოლოდ ტრანსპორტის ტიპის განსხვავებაზეა, არამედ – ადამიანად აღქმაზე, სიცოცხლის ღირებულებად აღქმაზე. ამიტომ, ყველა ჯერზე, როცა ვაწყდები შემთხვევას – არ აღგვიქვამენ, როგორც თანასწორს და ფიქრობენ, მარტო პარკებში უნდა შეგვეძლოს ველოთი სეირნობა, დიდი ენერგიით ვივსები და ყველაფერს ვცდილობ იმისთვის, რომ საპირისპირო დავამტკიცო.
ფაქტობრივად, ამ პროცესმა ჩემი ცხოვრებაც თავისკენ მიმართა და ძირითადი, რასაც ვაკეთებ, სხვადასხვა სტრუქტურასთან ამ თემის ადვოკატირებაა. ასევე – სკოლებში შეხვედრები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საქმიანობის, რადგან მათი გონება ჯერ კიდევ არაა მძიმედ მოწამლული იმ დამოკიდებულებით, რასაც მანქანადამოკიდებულება ჰქვია. აქვე – არანაირად არაა ჩვენი საქმიანობა ავტომობილების წინააღმდეგ – ვისაც ვიცნობ, ველომოყვარულების უმეტესობას მანქანაც ჰყავს და ველოც. ინტერესთა კონფლიქტი არის გზის განაწილების მხრივ – რა თქმა უნდა, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ სამანქანო გზა უნდა იყოს, ცდება. თან, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ რასაც ხედავენ ქალაქში, არაა ნორმალური – მანქანებით ჩახერგილი საფეხმავლო და საველოსიპედო გზა.
ველოაქტივიზმის წლებმა მასწავლეს, რომ განათლება და სწორი ახსნა შემთხვევების დიდ პროცენტში არის გამოსავალი. მას შემდეგ, რაც „ველო მერების ქსელს“ შევუერთდი, რომელიც აერთიანებს ევროპისა და აზიის 130-მდე ქალაქს, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენი ქალაქების გამოცდილებას და მიუხედავად სიტუაციური განსხვავებებისა, მეხმარება მათი მაგალითები, ახალი გზები ვიპოვო ჩემი საქმიანობის გასაფართოვებლად. ვცდილობ, მეტი ვისწავლო საგზაო უსაფრთხოების, ურბანული განაწილების, ტრანსპორტის, მდგრადი გადაწყვეტილებების, საზოგადოების ჩართულობის შესახებ, რომ უფრო ეფექტიანი იყოს ჩვენი მოძრაობის თითოეული პროექტი… რომ რამდენიმე წელიწადში 112-ის გამოძახებისას, პატრულის თანამშრომელი ველობილიკზე მდგარ მანქანას აჯარიმებდეს და მე არ მიხსნიდეს – კანონი ხო, მაგრამ აბა, სად გააჩეროსო.
რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.