in

რატომ არის „მარადიული ბედნიერება“ მითი — პასუხი ფსიქოლოგებისგან

მტკივნეული ემოციები ბედნიერების განვითარების განუყოფელი ნაწილია…

M2
M2

„და ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“ — ასე სრულდება ზღაპრების უმეტესობა. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ბედნიერება არა მისი მარადისობით, არამედ „ანტიმყიფეობით“ განისაზღვრება.

სტრესისა და ზეწოლის გავლენით, ობიექტების უმეტესობა იშლება ან დეფორმირდება. ხოლო რეზინივით ელასტიკური ნივთები სწრაფად უბრუნდება თავდაპირველ ფორმას, როდესაც წნეხისგან გათავისუფლდება. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ძლიერდება კუნთები ვარჯიშის დროს, ან როგორ წარმოიქმნება ალმასი გეოლოგიური ძალების მიერ შეკუმშული ნახშირბადისგან.

ალბათ, ფიქრობთ, რა კავშირშია ეს ბედნიერებასთან… როგორც პოზიტიური ფსიქოლოგი ტალ ბენ-შაჰარი, განმარტავს, ჩვენს ფსიქოლოგიას შეუძლია, ამ სამი პირობიდან რომელიმეს შეესაბამებოდეს: როდესაც სირთულეები და მტკივნეული ემოციები წარმოიქმნება, შესაძლოა, სიმკაცრის შენარჩუნება ვცადოთ და საბოლოოდ დავიმსხვრეთ; შეგვიძლია, ვიყოთ გამძლეები და უწინდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ; ან, ვიყოთ „ანტიმყიფეები“ და მიღებული გამოცდილება გასაძლიერებლად გამოვიყენოთ (ეს ფენომენი ცნობილია, როგორც პოსტტრავმული ზრდა).

რადგანაც მარადიული ბედნიერება მითია, ჩვენ არ შეგვიძლია უშუალოდ ბედნიერების მიღწევა. ამის ნაცვლად, უნდა ვეძებოთ პირობები, რომლებიც ააქტიურებს ჩვენს ანტიმყიფე სისტემებს რთულ დროსაც კი.

იმედგაცრუება: ბედნიერების კომპონენტი?

„ბედნიერებისკენ მიზანმიმართული მისწრაფება მახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ბედნიერება… შესაბამისად, უფრო მეტ ზიანს ვიღებ, ვიდრე სარგებელს“, — წერს ბენ-შაჰარი. ამ ტკივილის მიზეზი ის არის, რომ ეს აზროვნება სირთულეებს ბედნიერების დაბრკოლებად მოიაზრებს. თუ რაიმე იწვევს ტკივილს, სინანულს, სტრესს, სევდას, დისკომფორტს, უხერხულობას ან სხვა ნაკლებად დამათრობელ ემოციებს, თავიდან უნდა იქნას აცილებული. თითქოს, მთავარ მიზანს ნეტარებისა და მუდმივი კმაყოფილებისკენ სწრაფვა წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. მტკივნეულ ემოციებს სრულად ვერ გავაქრობთ ცხოვრებიდან. როცა ეს ვერ ხერხდება, ადამიანი, ვინც ბედნიერებას ოქროს სტანდარტად მიიჩნევს, თავს წარუმატებლად აღიქვამს. ბენ-შაჰარი ამ აზროვნებას მზისთვის პირდაპირ ყურებას ადარებს. ეს მიდგომა არა მხოლოდ მტკივნეულია, არამედ თვალების დახუჭვასაც გვაიძულებს… ანალოგიურად, თუ თვალებს პირდაპირ ბედნიერებას მივაპყრობთ, მისი ჭეშმარიტება „დაგვაბრმავებს“. ამრიგად, მტკივნეული ემოციები არ არის ბედნიერების წარუმატებლობის მდგომარეობა — ისინი მისი განვითარების განუყოფელი ნაწილია. 

ბედნიერების არაპირდაპირი სწრაფვა

საბედნიეროდ, მზის შუქის შესასწავლად, მისი პირდაპირ ყურება არ გვიწევს. სინათლის პრიზმაში არეკვლით, უკეთ ვიგებთ მის სპექტრულ კომპონენტებს. ასეა ბედნიერების შემთხვევაშიც. ბედნიერების კვლევის პრიზმაში გავლისას, შეგვიძლია, უფრო ნათლად დავინახოთ იგი და გამოვავლინოთ მისი ელემენტარული შემადგენლობა.

ამ კვლევის შესწავლისას, ბენ-შაჰარმა აღმოაჩინა ხუთი პირობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ირიბად მივისწრაფოდეთ ბედნიერებისკენ. თავის მხრივ, ეს მტკივნეულ ემოციებთან გამკლავებასა და უბედურების დაძლევაში გვეხმარება. ეს არის სულიერი, ფიზიკური, ინტელექტუალური ურთიერთობები და ემოციური კეთილდღეობა (ან მოკლედ SPIRE). ადამიანები, რომლებიც ავითარებენ ხუთივეს, ზოგადად უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც დიდ ყურადღებას არ აქცევენ მათ.

ფსიქოლოგ ადამ გრანტის კვლევა

კვლევის ფარგლებში გრანტმა უნივერსიტეტის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები ორ ჯგუფად დაყო. პირველი საკონტროლო ჯგუფი რეგულარულად მუშაობდა. მეორე ჯგუფს კი პერიოდულად 15-წუთიანი შესვენებები ჰქონდა. ამ შესვენებების დროს ცდისპირებს შეეძლოთ, სტუდენტებთან ესაუბრათ და მათგან, გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, შესაბამისი მადლიერებაც მიეღოთ… ისინი საუბრობდნენ განათლების ღირებულებასა და, ზოგადად, სწავლის შესაძლებლობის ბედნიერებაზე.

როგორც გრანტმა აღმოაჩინა, მეორე ჯგუფს მეტი ენერგია ჰქონდა, უფრო მეტად ჩაერთო და მუშაობის შედეგად, მეტი ფული შეაგროვა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ბედნიერება დეტალებშია

„ახლა კი აღიარეთ თქვენი საქმის ჭეშმარიტი ღირებულება და განზრახვა, იქნება ეს ბავშვების საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება, ჭურჭლის გარეცხვა, ასაკოვან მშობელზე ზრუნვა, კლიენტთან წარმატებული მოლაპარაკება თუ სხვა“, — წერს ბენ-შაჰარი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან იგი ჩვენგან ცხოვრებისადმი მიდგომის რადიკალურად შეცვლას მოითხოვს. ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს არ დასჭირვებიათ ტიბეტის შორეულ მონასტერში გამგზავრება  ან სულიერი პრაქტიკების გავლა… მოკლე შთამაგონებელი შესვენება საკმარისი იყო მათი სულიერი კეთილდღეობის გასაღვიძებლად.

გახსოვდეთ, მითი „მარადიულად ბედნიერი“ მართლაც ძალიან არარეალური მოლოდინია.

ავტომობილის აქსესუარი „რევერსო”, რომელიც მართვის დროს ჰაერის გაფილტვრაში დაგეხმარებათ

ზელენსკისა და მოლოტოვის კოქტეილის მინიფიგურებით უკრაინისთვის $100 000-ზე მეტი შეგროვდა