რაც დრო გადის, ტექნოლოგია და მომხმარებლის ქცევა იცვლება, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება – საინტერესო კონტენტი, რომელიც ციფრულ სამყაროში მუდამ აქტუალურია და ალბათ, სულ ასე იქნება. თანამედროვე მარკეტინგმა ახალი ტერმინიც კი შემოიღო – მარადმწვანე კონტენტი. ის მოიცავს ისეთი შინაარსის მასალას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რჩება აქტუალურად, ანუ იმაზე მეტ ხანს იწვევს ინტერესს, ვიდრე მოკლევადიანი, ტრენდული კონტენტი.
მაგალითისთვის ავიღოთ მოდისა და სილამაზის ინდუსტრიები და დავუშვათ, რომ კომპანიამ გამოაქვეყნა ბლოგი 2024 წლის გაზაფხულის ტენდენციების შესახებ. ეს ტრენდული კონტენტია, რომელიც აქტუალური მხოლოდ ამ გაზაფხულზე იქნება, მაგრამ თუ იგივე კომპანია გამოაქვეყნებს სტატიას სხვადასხვა ტიპის სხეულზე მორგებული სავარჯიშოების შესახებ, ეს კონტენტი უფრო გრძელვადიანი იქნება რადგან ის არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ტენდენციებთან. მარკეტერები გვიხსნიან, რომ მარადმწვანე კონტენტის სტრატეგია შეგვიძლია ხშირად დასმული კითხვებისკენ მივმართოთ და გავაშუქოთ ისეთი თემები, რომლებიც ჩვენს ამჟამინდელ და პოტენციურ მომხმარებლებს აინტერესებთ. ეს გვეხმარება ბრენდის რეპუტაციის გაზრდაშიც და მომხმარებლების მოზიდვაშიც.
როგორ უნდა შეარჩიოთ „მარადმწვანე კონტენტი”
სტატიები და ვიდეოები ერთ-ერთი საუკეთესო ფორმატია ამ ტიპის შინაარსობრივი მასალის შესაქმნელად. თემატიკის შერჩევა თქვენზეა დამოკიდებული – გადახედეთ, რა აინტერესებს თქვენს სამიზნე აუდიტორიას და რა არის უფრო რელევანტური თქვენი ინდუსტრიისთვის. დაიწყეთ საკვანძო სიტყვების შესწავლით, რათა დაადგინოთ ის თემები, რომლებიც აუდიტორიას უბიძგებს, თვალი ადევნოს თქვენს სოციალურ ქსელებს და გადავიდეს ვებსაიტზე.
უნივერსალური ფორმატი, რომელიც ყველა ინდუსტრიას ერგება
- გზამკვლევები
- სიები
- ხშირად დასმული კითხვები
- მომხმარებელთა შეფასებები
- ინტერვიუები დარგის სპეციალისტებთან
- კონტენტი, რომლებიც ცხოვრების სტილს გამოხატავს, ანუ ე.წ. Lifestyle content
ყველა ეს თემა შეიძლება მოდიფიცირდეს იმის მიხედვით, თუ რა კომპანია გაქვთ კონკრეტულად.
ქვემოთ წარმოგიდგენთ მაგალითებს განსხვავებული ინდუსტრიებისთვის
რეკლამა და მარკეტინგი: კონტენტის შემქმნელები ყოველთვის ეძებენ გზებს, რომ აუდიტორია მუდმივად ინფორმირებული ჰყავდეთ და ჩართული იყოს მათ აქტივობებში. თუ ამ სფეროში მარადმწვანე კონტენტზე ფიქრობთ, კარგი ვარიანტია მარკეტინგული პროექტების და შემთხვევების გარჩევა. რაც უფრო მეტი პროექტი გაქვთ პორტფოლიოში, მით უფრო მეტი „მარადმწვანე” მასალა გაქვთ საინტერესო კონტენტის შესაქმნელად.
კომპიუტერები და ტექნოლოგია: ეს ის ინდუსტრიაა, რომელიც პროგრესულად ვითარდება, ამიტომ სულ გვაძლევს საშუალებას, სიახლეები გავაშუქოთ. ეს ის სფეროა, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს ინფორმაცია როგორც კომპანიებს, ისე ინდივიდუალურ მომხმარებლებს. კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, გაჯეტების მოვლა და სხვა უამრავი თემა შეიძლება მოიძიოთ, რომლებიც თქვენს ინდუსტრიას იდეალურად მოერგება. რაც შეეხება ფორმატს, აქ კარგად მუშაობს ბლოგები და ვიდეოები, ასევე კარგად მუშაობს პირდაპირი ჩართვები.
განათლება: ამ სფეროში მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ – კარგად მუშაობს როგორც სტატია, ისე ბლოგი, ვიდეო, გზამკვლევი თუ ქვიზი. შეგიძლიათ, გააკეთოს სახელმძღვანელო სწავლის ტექნიკების შესახებ ან შესთავაზოთ ქვიზები სხვადასხვა საგნიდან.
ჯანმრთელობა და მედიცინა: ჯანმრთელობა ის უნივერსალური საზრუნავია, რომელიც ყველას გვაერთიანებს. კვლევითი სტატიები და მოკლე ბლიცვიდეოები, რომლებიც რეკომენდაციებსა და რჩევებს მისცემს აუდიტორიას, გააძლიერებს სანდოობას თქვენი ბრენდის მიმართ.
სტუმარმასპინძლობა და ტურიზმი: რჩევები მოგზაურებს – ეს ალბათ ის კონტენტია, რომელიც ყოველთვის და ყველგან მუშაობს. აქციეთ ის ერთ დიდ თემად და დაყავით ქვეთემებად, რომლებსაც პერიოდულად გაუზიარებთ აუდიტორიას.
ამ სფეროში ასევე ყველაზე მორგებულად მუშაობს სხვადასხვა ადგილმდებარეობის გზამკვლევი.
უძრავი ქონება: მარადმწვანე კონტენტმა შეიძლება გაზარდოს თქვენი ორგანული რეიტინგი ამ ინდუსტრიაში. ეს ასევე ეფექტური გზაა ახალი ლიდების გენერირებისთვის. მხედველობაში იქონიეთ ისეთი თემა, როგორიცაა სახელმძღვანელო სახლის შეძენის შესახებ. იმის გამო, რომ ეს კომპლექსური და რთული პროცესია, თქვენი, როგორც გამოცდილი ექსპერტის რჩევები და ინფორმაციული მასალა საინტერესო და სასარგებლო იქნება აუდიტორიისთვის. გარდა ამისა, მსგავსი გზამკვლევები გიჩვენებთ, ვინც არის თქვენი პოტენციური მომხმარებელი, ვინ ეძებს ბინას შესაძენად, რაც დამატებითი საჭირო ინფორმაციაა თქვენი მარკეტინგული აქტივობებისთვის.
საბანკო და საფინანსო ინდუსტრია: ეს ის ინდუსტრიაა, რომელშიც აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ როგორც ტრენდულ, ისე მარადმწვანე კონტენტს. მაგალითისთვის, თქვენმა მომხმარებელმა უნდა გაიგოს, როგორია კვირის კრიპტოვალუტა და ასევე, უნდა იცნობდეს ზოგად ინფორმაციას ინვესტირების, გადახდების, ანაბრებისა და სხვა საბანკო პროდუქტების შესახებ.
არასამთავრობო და სოციალური ორგანიზაციები: ფონდები – ეს ის თემაა, რომელიც ამ ინდუსტრიებს ყველაზე უკეთ ერგება. არ აქვს მნიშვნელობა, თავად ხართ არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ბიზნესი, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობითაა დაინტერესებული, თქვენს აუდიტორიაში აუცილებლად იქნებიან ადამიანები, ვისაც ფონდების გაცემა აინტერესებთ.