in

კახური ღვინის ტრადიცია შალაურში – სტუმრად „ორთას“ მარანში

მეღვინე ქალების მარშრუტს თუ მიჰყვებით, თქვენ იმოგზაურებთ იმ მეურნეობებსა და მარნებში, რომლებიც მათ თავად მოაწყვეს. ქალები ვიზიტორებს თავიანთი რეგიონების ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე უამბობენ, უყვებიან იმ მრავალსაუკუნოვან ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, რომლითაც დღემდე თავს იწონებდნენ.

მეღვინე ქალებს ღვინის ინდუსტრიაში ღირსეული ადგილი უჭირავთ. გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ისინი წარმატებული და ძლიერი მეურნეები არიან. უმრავლესობა ახალ პროფესიას დაეუფლა, უვლის ვენახს, აწარმოებს ღვინოს დარგის სპეციალისტებთან ერთად ღვინოს აწარმოებს საკუთარ ღვინის საწარმოში. მეღვინე ქალები სამაგალითო მეწარმეები არიან და წარმატებით ოპერირებენ ქართულ და მსოფლიო ბაზარზე.

თელავიდან ოთხ კილომეტრში, სოფელ შალაურში მდებარეობს პატარა საოჯახო მარანი „ორთა“, სადაც თამარ ხვედელიძე ქართული ღვინის საუკუნოვან ტრადიციებს თანამედროვე ხედვით აგრძელებს. მარანში შესვლისთანავე დაგხვდებათ დიდი ეზო, რომელიც სახლსა და მარნამდე მიგიყვანთ. ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული. აქვე ნახავთ ძველ ქვევრებს, რომლებიც თამარის მეუღლის პაპას ჩაუყრია. ქვევრები წარმოადგენს ოჯახური მემკვიდრეობის ცოცხალ ნაწილს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ვიზიტისას, თამარი თავად გიძღვებათ მარანში. პროფესიით მეღვინეს საქმეზე გულწრფელი სიყვარულით სჩვევია საუბარი. ის გიამბობთ, თუ როგორ იქმნება ნამდვილი ქართული ღვინო ქვევრში, ტრადიციული მეთოდით. ასევე, მოგიყვებათ, როგორ გაიცნო მეუღლე ღვინის ერთ-ერთ საწარმოში, როდესაც უნივერსიტეტიდან პრაქტიკაზე კახეთში გამოგზავნეს და როგორ გადაწყვიტეს, საქმე ღვინოსთან დაეკავშირებინათ.

დეგუსტაციისას, თამარი დაგაგემოვნებინებთ უნიკალურ ღვინოებს – რქაწითელს, მწვანესა და იშვიათ ჯიშს – ჟღიას, რომელსაც სხვა მარნებში იშვიათად შეხვდებით, აქ ასევე, ქისის, ხიხვის და საფერავის მირთმევაც შეგიძლიათ. თითოეულ ყლუპთან ერთად, თამარი მოგიყვებათ ჯიშების ისტორიაზე, მათ განსაკუთრებულ მახასიათებლებსა და იმ ზრუნვაზე, რომელიც ვაზს სჭირდება.

ღვინის დეგუსტაციას ახლავს ტრადიციული ხემსი. სტუმრების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ქართული მრავალხმიანი სიმღერის შემსრულებლების მოწვევა, რაც ვიზიტს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. თამარი ყოველთვის ცდილობს, გაითვალისწინოს ვიზიტორების სურვილები და მათი სტუმრობა დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქციოს.

ვიზიტი განსაკუთრებით შთამბეჭდავია რთველის პერიოდში. ამ დროს შეძლებთ ჩაერთოთ ყურძნის დაწურვის პროცესში, გაიზიაროთ ეს უძველესი რიტუალი და შეიგრძნოთ, თუ რატომ წარმოადგენს ღვინო ქართველი ერის იდენტობის განუყოფელ ნაწილს.

მარანში ასევე ნახავთ ტრადიციულ არყის სახდელს, სადაც სეზონზე არყის გამოხდის პროცესში მონაწილეობაც არის შესაძლებელი. დეგუსტაციისა და საგანმანათლებლო ტურების გარდა, მალე, „ორთას“ მარანში ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ მასტერკლასებშიც შეძლებთ მონაწილეობას. სანამ თავადაც ააშენებს გესთჰაუსს, დარჩენის მსურველებს დარჩენის მსურველებს თამარი მეზობლად მდებარე სასტუმროებს გირჩევთ.

პროკრედიტის მორიგი რეგიონული ბიზნეს შეხვედრა თელავში გაიმართება

Bybit Georgia X Setanta Sports – სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც სპორტისა და კრიპტო აუდიტორიის გაერთიანებას ისახავს მიზნად