გიფიქრიათ, სასიხარულო ცნობის მიტანა რამხელა სიხარულს განიჭებთ თავადვე? ან როგორ და რა ფორმით შეიძლება, რომ ეს ამბავი სხვას აცნობოთ.. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტრანსპორტი ფუფუნებას წარმოადგენდა და ადამიანები თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობების იმედად იყვნენ, ძველ საბერძნეთში ერთი მეომარი ცხოვრობდა, სახელად ფიდიპიდესი – გმირი, რომელმაც ძვ.წ 980 წელს მარათონის ბრძოლაში სპარსეთზე მოპოვებული გამარჯვება 40 კილომეტრის გარბენის შემდეგ ათენში ჩაიტანა. მან დაიძახა: “გაიხარეთ, ათენელებო, ჩვენ გავიმარჯვეთ!”, შემდეგ კი უსულოდ დაეცა მიწაზე. სახელგანთქმულ მეომარს კი წილად ხვდა, არამხოლოდ გმირული საქციელით შესულიყო ისტორიაში, არამედ მის სახელზე დაარსებულიყო მარათონი – შეჯიბრი, რომელიც, დროთა განმავლობაში, მთელი მსოფლიოსთვის ტრადიციად იქცა.
საუკუნეების შემდეგ, 1896 წელს, პირველი თანამედროვე ოლიმპიადა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ფრანგი ფილოლოგის, მიშელ ბრეალის ინიციატივით, ფიდიპიდესის საპატივსაცემოდ მარათონი მოეწყო. მისი მარშრუტი “მარათონი-ათენი” იყო და ეს სწორედ ის ტრაექტორიაა, რომელიც ოდესღაც ფიდიპიდესმა დაფარა. სწორედ მას შემდეგ ყოველწლიურ ოლიმპიადაზე მარათონი სისტემატურად იმართება. მარათონის სარბენი ბილიკის ოფიციალური სიგრძე 1921 წელს განისაზღვრა და იგი 42.195 კმ-ს შეადგენს. დღესდღეობით, წლის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით 800-მდე მარათონი იმართება, რომლებსაც ათასობით მონაწილე ჰყავს ხოლმე.
მარათონის ჩატარების მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს. ხშირად იგი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, იმართება სხვადასხვა პიროვნების მხარდასაჭერად, დღესასწაულების აღსანიშნად, ან უბრალოდ იმიტომ, რომ ტრადიციაა. ფაქტია, რომ ყოველწლიურად მასში დიდი ოდენობით გულანთებული ადამიანი ერთვება და ზოგადი თემატიკის გარდა, მათ თავიანთი მიზეზები აქვთ, რის გამოც მონაწილეობა უღირთ. შეიძლება, ამის გამომწვევი თქვენივე სურვილი გახდეს, მოიგოთ შეჯიბრი და გაღიარონ, ან სულაც, მეგობარმა წაგახალისოთ და გიბიძგოთ, რომ მარათონზე ირბინოთ. მასში მონაწილეობის მიღება მარტივი არაა და ხშირად ვცდილობთ კიდეც, როგორმე თავი ავარიდოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოტივირებულები ვართ.
და მაინც, რატომ უნდა შევუერთდეთ მარათონს? ამაზე ბევრი პასუხი არსებობს, ჩვენ კი რამდენიმეს შემოგთავაზებთ:
ხელს უწყობს ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას – მარათონში მონაწილეობამდე მონაწილეები აქტიურად ვარჯიშობენ და ემზადებიან. სისტემატური მომზადება კი ხელს უწყობს ძილის რეჟიმის დარეგულირებას, სტაბილურს ხდის წნევასა და გულისცემას, თქვენი სხეული უკეთეს ფორმებს იღებს და მუდმივად ტონუსში იმყოფებით.
სასარგებლოა გონებრივი სიჯანსაღისთვისაც – კვლევებმა აჩვენა, რომ სირბილი სტრესის შემცირებაში მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანს. ცნობილი გამონათქვამია, რომ “ადამიანი მარათონის დასაწყისში, არაა იგივე ადამიანი მარათონის დასასრულში” – ეს ექსპერიმენტი საკმაოდ გვცვლის, რადგანაც მასში ჩვენს დიდ მენტალურ და ფიზიკურ ენერგიას ვდებთ. აქ განცდილი ემოციები, სხვების მიერ გაზიარებული შთაგონება და მოტივაცია, გარკვეულწილად, ეიფორიაშიც აყენებს ადამიანს. აქ ხომ ერთი იდეის გარშემო შეკრებილები დარბიან და ერთმანეთს ამხნევებენ. სწორედ ამიტომაა, რომ მარათონში განცდილი სულისკვეთება დადებითად მოქმედებს ჩვენზე და მიუხედავად იმისა, მოვიგებთ თუ წავაგებთ, მისგან კარგი ემოციები გვრჩება.
კარგია ნაცნობობისთვის და რეპუტაციისთვისაც – მარათონში უამრავ ადამიანთან ამყარებთ კონტაქტს, რაც ახალი და საინტერესო ნაცნობობის დასაწყისი შეიძლება რომ გახდეს. თუმცა, თუ ამ ვარიანტს არ განიხილავთ, შეგიძლიათ, თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩართოთ მარათონში და სხვებისთვის გახდეთ ინსპირაცია.
თვითგანვითარებას უწყობს ხელს – მარათონი ერთგვარი გამოცდაა, რომელში მონაწილეობის მიღებაც ბევრ რამეზე აფიქრებს ადამიანს. აფიქრებს იმ ადამიანებზე, ვინც რეგულარულად დარბის, მათ მიზანზე, შთაგონებაზე.. იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ფიზიკური მზადყოფნა და კეთილდღეობა, ტონუსში ყოფნა. ასევე, სირბილისას იზრდება თვითშეფასება, ვაკვირდებით საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარი თავის რწმენა გვემატება. და თუ ვინმე ამას აღნიშნავს, მით მეტად ვამაყობთ ჩვენი თავით.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნამდვილად გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ მართონი უბრალოდ შეჯიბრი არ არის, არც უბრალოდ ტრადიციაა.. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის იგი დაღლასთან და ტკივილთან ასოცირდება, რეალურად, იგი თვითგანვითარების, შთაგონების და ულევი მოტივაციის წყაროა. ცხოვრებაც ხომ ერთგვარად მარათონია – რაც უფრო ძლიერად შეუდგები ამ გზას, მით უფრო ძლიერი გახვალ ბოლოში..
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე