სტანდარტული სარეკლამო რგოლების ეპოქა ნელ-ნელა სრულდება და ბრენდები მომხმარებელთან კომუნიკაციის ახალ გზებს ეძებენ. ამ ტრენდს იდეალურად იყენებს Marc Jacobs, რომელმაც Question Marc-ის პლატფორმის ფარგლებში ახალი ეპიზოდური მინი-დრამა — „The Swap“ გამოუშვა.
კამპანია, რომელშიც მთავარ როლებს ჯემაიმა კირკი და როუან ბლანჩარდი ასრულებენ, ვიზუალურად და შინაარსობრივად Netflix-ის ჰიტ-სერიალს უფრო ჰგავს, ვიდრე მოდის ბრენდის რეკლამას.
ისტორია დახვეწილ წიგნის მაღაზიაში იწყება და მალევე ორი დღით უკან, Marc Jacobs-ის ჩვენებაზე გვამოგზაურებს. წინა რიგში მსხდომ ჯემაიმა კირკსა და მუქ სათვალიან, იდუმალ სტუმარს იდენტური ჩანთები აქვთ. სანამ კირკი დრამატურგ ჯერემი ო’ჰარისს ესაუბრება, უცნობი ქალი ჩანთებს შეუმჩნევლად ცვლის. მოგვიანებით, ჯემაიმა აღმოაჩენს, რომ მისი წიგნის პრეზენტაციის ჩანაწერები გამქრალია, ჩანთაში კი მხოლოდ ძაფით შეკრული სალბის კონა დევს. ვინ არის იდუმალი ქურდი და რაზე მიანიშნებს სალბი? სწორედ აქ იწყება მთავარი დეტექტიური ხაზი.
მსგავსი სთორითელინგის ფორმატი იდეალური გზაა ლამაზი სამოსისა და აქსესუარების საჩვენებლად. პროდუქცია კადრში მუდმივად ჩანს, თუმცა მაყურებელს თავს არ აბეზრებს და არც აგრესიული გაყიდვების შთაბეჭდილებას ტოვებს. კამპანიის მთავარი ძალა მაინც ქასთინგშია: მსახიობები თავიანთი იმიჯით ზუსტად ასახავენ Marc Jacobs-ის ოდნავ პროვოკაციულ, სახელოვნებო, ნიუ-იორკულ იდენტობას და აჩვენებენ ბრენდს, რომელიც საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამს.
მინი-სერიალში ასევე ჩნდება პერსონაჟი Stinky Rat, რომელიც პირველად Marc Jacobs-ის 2026 წლის შემოდგომამდელ კამპანიაში ვნახეთ. ეს მცირე დეტალი მიანიშნებს, რომ ბრენდი ერთჯერად პროექტს კი არ ქმნის, არამედ საკუთარ, უწყვეტ სამყაროს აშენებს. „The Swap“-ის ახალი ეპიზოდები შემოდგომის სეზონის განმავლობაში ეტაპობრივად გამოვა და, როგორც პირველი სერიიდან ჩანს, მას აქვს პოტენციალი, უფრო დიდ და საინტერესო ისტორიად იქცეს, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმლის კოლექციაა.













