15
Jul
2019

150-ზე მეტი ლომის მფლობელი მარსელო სერპა Ad Black Sea 2019-ზე

15 Jul 2019

Ad Black Sea 2019-ს ბრაზილიელი არტ დირექტორი, მარსელო სერპა ეწვევა. მისი გაცნობის საშუალება 15 ქვეყნის 600-ზე მეტ დელეგატს, ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე ექნება. Ad Black Sea მეხუთედ 19-21 სექტემბერს ჩატარდება. მარსელო ბრაზილიის ყველაზე დამსახურებულ არტ დირექტორადაა აღიარებული. მას აქვს მოგებული ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები როგორც ბრაზილიის, ისე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე. მან პირველმა მოუტანა ლათინურ ამერიკას გრან პრი,1993 წელს, შემდეგ კი 150-ზე მეტი ლომი მოიპოვა კანის კრეატიულ ფესტივალზე.

ვიზუალურ ხელოვნებასა და გრაფიკას სერპა გერმანიაში სწავლობდა, სადაც სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში მიიღო მონაწილეობა (GGK, R.G. Wiesmer). 1989 წელს მშობლიურ ბრაზილიაში დაბრუნდა და იყო სააგენტოების DPZ დაDM9DDB არტ დირექტორი. 1993 წელს, სააგენტოს AlmapBBDO ჩაუდგა სათავეში, სტრატეგ ხოსე ლუის მადეირასთან ერთად, სადაც ოც წელზე მეტხანს იმუშავეს.

კარიერის განმავლობაში, არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოგებული ისეთი ბრენდების კამპანიებისთვის, როგორებიცაა Volkswagen, Audi, Pepsi, Mars და სხვები… სააგენტო AlmapBBDO-ში მისი პირველი კლიენტი ბრენდი Havaianas იყო, რომლისთვისაც მარსელო სერპა კიდევ 17 წლის განმავლობაში ქმნიდა პოპულარულ კამპანიებს და იგებდა კიდეც საერთაშორისო ჯილდოებს.

2000 წელს, ის იყო კანის ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა ჟიური TV და პრესის კატეგორიაში. იყო ჟიურის წევრი Asia’s Ad Fest-ზე და ორჯერ – Clio Awards-ზე (2000 და 2009 წლებში). 2014 წელს, ის კვლავ მიიწვიეს კანის ფესტივალის ჟიურიში, პრესის კატეგორიის პრეზიდენტად.

AlmapBBDO-მა, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, სამჯერ მოიგო კანის “წლის სააგენტოს” წოდება და იყო Gunn Report-ის მიხედვით, იყო პირველი სააგენტო, რომელმაც ეს ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.

2008 წელს, მარსელო იყო პირველი არაბრიტანელი, რომელმაც მიიღო Clio’s Lifetime Achievement Award – ჯილდო მსოფლიო რეკლამისთვის გაწეული სამსახურისთვის.

2016 წელს, AlmapBBDO-ის დატოვების შემდეგ, მან მოიპოვა კანის ლომი, მსოფლიო კრეატიულ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.

ამავე წელს, სერპა, ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გადავიდა და დაიწყო ის, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა – ტილოზე ხატვა. მისი პირველი გამოფენა ნიუ-იორკში, Apart Gallery-ში გაიმართა, 2017 წელს. გამოფენაზე 14 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

განხილვა