26
Mar
2019

როგორ გავუმკლავდეთ მარცხის შიშს

26 Mar 2019

სიუზან პეპერკონი, სპიკერი და ტრენერი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: 
გიამბობთ ჩემს კლიენტზე, რომელსაც პირობითად, ალექსს დავუძახებ. პირველად რომ შევხვდი, ძალიან აღელვებული და აჟიტირებული იყო. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გასაუბრებისთვის მომზადებაში დახმარება მთხოვა და როცა შფოთის მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, რომ პირველად უწევდა ასეთი მაღალი პოზიციის დასაკავებლად ბრძოლა და გარდა ამისა, ძალიან ანერვიულებდა წინარწმენა, რომ მარცხისთვის განწირული იყო.

statiebi-bog
statiebi-bog

როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ალექსის დაბალი თვითშეფასება გამოწვეული იყო ყოფილ კომპანიაში მიღებული ნეგატიური წარსული გამოცდილებიდან. რაც მთავარია, ობიექტურად, მისი მოყოლილიდან შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ განცდილი წარუმატებლობა არა მისი პიროვნული თუ პროფესიული უნარების, არასწორად გადადგმული ნაბიჯის ბრალი, არამედ თავად კომპანიისა და გარემო ფაქტორების დამსახურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ალექსი წინასწარ ვერ განჭვრეტდა მომხდარს და ვერც შედეგის შეცვლას შეძლებდა, საკუთარი თავის მიმართ გამოცხადებულ უნდობლობას ვერაფერს უხერხებდა.

ზოგადად, ადამიანებს, სჩვევიათ შეცდომების გამო საკუთარი თავის დადანაშაულება და მორიგი მარცხის შიშით, ახალ შესაძლებლობებზე უარის თქმა. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ალექსის მდგომარეობაში აღმოვჩნდით?

გთავაზობთ 4 რჩევას, რომელიც მარცხის სწორი პერსპექტივით დანახვაში დაგეხმარებათ: 

გადააფასე შეცდომა: ძალიან ხშირად, ჩვენ მარცხის შიშს ვერ ვუმკლავდებით. ყოველ ახალ შემოთავაზებას ნეგატიურ კონტექსტში განვიხილავთ და ყოველ ჯერზე გვიახლდება მორიგი წარუმატებლობის განცდა. თუმცა, შეცდომების როლის სწორად გააზრებით, შეიძლება სტრესის გამოცდილებად გარდაქმნა. 

რომ დავუბრუნდეთ ალექსის მაგალითს, მას არასდროს ჰქონია აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, უფრო მეტიც, გასაუბრებაზეც კი არ იყო ნამყოფი და ამ კონკრეტული პოზიციისთვის შეუფერებლად მიაჩნდა თავი. მაშინაც კი, თუ გასაუბრება უნაკლოდ ჩაივლიდა, მისი აზრით, გამსაუბრებელი სხვა, არადამაკმაყოფილებელ ფაქტორებს მოძებნიდა, რის გამოც აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ხელმძღვანელობის შანსს არ მისცემდნენ.

ალექსს რჩევა მივეცი, რომ გასაუბრების მისეული ნეგატიური აღქმა შეეცვალა და დაენახა ის მცირე, თუმცა პოზიტიური გამოცდილება, რომელიც გასაუბრებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

აღმოჩნდა, რომ გასაუბრების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, იმდენად კარგად იყო მომზადებული, რომ შექებაც დაიმსახურა და მეორე რაუნდშიც მოუწია ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, მაინც უარი უთხრეს, მან შეძლო მარცხისა და წარმატების თანაბარ, მნიშვნელოვან გამოცდილებად აღქმა. შესაბამისად, უარყოფითი პასუხიც ნაკლები მღელვარებით მიიღო.

იზრუნეთ მიზნის დასახვის პოზიტიურ კონტექსტზე: მიზნები შეიძლება კლასიფიცირდეს ორგვარად: ის, რასაც უნდა მიაღწიო და ის, რაც თავიდან უნდა მოიშორო – ანუ, ეს ხაზს უსვამს, რა არის შენი მოტივაცია, პოზიტიური შედეგის მიღწევა, თუ საზიანო შედეგის თავიდან აცილება.

ალექსის სურვილი, რომ CEO გამხდარიყო, პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებული მიზანია, რადგან მისი სურვილი, ამ პოზიციაზე დაეწყო საქმიანობა აღემატებოდა მის კარიერულ შიშებს, რისი დაძლევაც სურდა.

თუმცა, თუ ალექსი პირველივე უარზე მოტივაციას დაკარგავდა და ყველანაირ მსგავს გამოწვევაზე უარს იტყოდა იმის გამო, რომ თავიდან აეცილებინა უარის თქმით გამოწვეული დარდი, ის მისთვის მენტალურად საზიანო შედეგის თავიდან აცილებაზე იქნებოდა ორიენტირებული.

შეადგინე „შიშების სია“: ავტორი და ინვესტორი, ტიმ ფერისი რეკომენდაციას უწევს პირადი შიშების სიის შექმნას, რაც გულისხმობს იმის გააზრებას:

  • რისი გაკეთების გეშინია?
  • რა უარყოფითი შედეგი შეიძლება შენს რაღაც კონკრეტულ ქმედებას მოჰყვეს.

ტედის გამოსვლაში, ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, ამ მეთოდით, როგორ შეძლო საკუთარ რთულ გამოწვევებთან გამკლავება, რამაც შედეგად, ძალიან დიდ წარმატებამდე მიიყვანა.

ალექსს ვთხოვე, 3 პუნქტად ჩამოეწერა:

  1. როგორ წარმოედგინა გასაუბრების ყველაზე საშინელი სცენარი;
  2. რას გააკეთებდა იმისთვის, რომ მარცხისთვის თავი აერიდებინა;
  3. და თუ მაინც რაიმე წარუმატებელი შეემთხვეოდა, რისი გაკეთება შეეძლო სიტუაციის გამოსასწორებლად.

ამ სავარჯიშოს დახმარებით მან გააანალიზა, რომ მისი კარიერისთვის ბევრად უფრო საზიანო შედეგი ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა იქნებოდა.

ფოკუსირდი იმაზე, თუ რა ისწავლე კონკრეტული შემთხვევით: ალექსს შეეძლო, წინა კომპანიაში განცდილი წარუმატებლობა, გასაუბრებაზე მიღებული უარი საკუთარი უუნარობისთვის მიეწერა და საერთოდ, კარიერულ განვითარებაზე უარი ეთქვა. თუმცა, მან სწრაფად დაძლია იმედგაცრუება და სხვა კომპანიაში დაიწყო ახალი შესაძლებლობებისა და გამოცდილებების ძიება.

გახსოვდეს: როცა კომფორტულად ხარ, მაშინ შეიძლება შიშის გრძნობა გაგიჩნდეს, კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიში… თუმცა, რეალურად, სწორედ დისკომფორტში ყოფნა გეხმარება გაზრდაში, მარცხის სხვა პერსპექტივით, გამოცდილებად აღქმაში.

წყარო: HBR



განხილვა